აშშ საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებს - კვირის პალიტრა

აშშ საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებს

იმით შეწუხებულებმა, რომ საქართველოს მწვავე პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი შეიძლება პოლიტიკურ რეპრესიებში გადაიზარდოს, ამერიკელმა ჩინოსნებმა მოუწოდეს ახალ პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს მათი დაპატიმრება, ვინც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობდნენ, რადგან პოლიტიკურად მოტივირებულმა დევნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ნატოში გაწევრების შანსს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ფილიპ გორდონმა ბ-ნ ივანიშვილს განუცხადა, რომ ხელისუფლების გადაცემა საქართველოში აღქმული იყო, როგორც„"გარკვეული თვალსაზრისით მოდელი რეგიონისთვის". მაგრამ მან გააფრთხილა მთავრობა, რომ იმ მოხელეების დევნა, რომლებიც სააკაშვილთან მუშაობდნენ, შესაძლოა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად იქნას აღქმული. "ვფიქრობ, ნატოს წევრები დიდი ყურადღებით აკვირდებიან, როგორ განვითარდება ეს მოვლენები... ისინი განსაზღვრავენ,„იქნება თუ არა წინსვლა პროცესში ნატოსთან დაკავშირებით", - თქვა ბ-ნმა გორდონმა. ბ-ნი სააკაშვილიც და ბ-ნი ივანიშვილიც აცხადებენ, - იმედი აქვთ, რომ საქართველოს ალიანსში წევრობისკენ გაუძღვებიან.

ბ-ნი ივანიშვილის წამყვანმა მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, აშშ-ს სურს სააკაშვილის და მისი მოკავშირეების დაცვა სამართლებრივი დევნისგან.„ისინი, შესაძლოა, ცდილობენ სააკაშვილის პარტიის და მეტიც, საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, რადგან ცხრა წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ მთავრობას, რომლის საქმიანობაც გამოძიების საგნად იქცა. სიტუაცია გამწვავდა პატიმრობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სასამართლო მოსმენაზე, სადაც თბილისის მერმა, ბ-ნი სააკაშვილის ახლო მოკავშირემ, განაცხადა, რომ სამართლებრივი დევნა საქართველოსთვის შეიძლება პოლიტიკური რეგრესით დასრულდეს. "ყველა ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - თქვა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო მოსმენის შემდეგ. მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავებულები უნდა დარჩნენ პატიმრობაში, რადგან არსებობს რისკი, რომ მათ შეიძლება დააშინონ მოწმეები ან გაანადგურონ მტკიცებულებები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 15 მოქმედი და ყოფილი მოხელეა დაკავებული.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ