ბიძინა ივანიშვილის სიურპრიზები - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის სიურპრიზები

"ვარდების რევოლუციის" 9 წლის თავზე, თბილისის ფეშენებელურ ოტელ "რედისონში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირველი ფართომასშტაბიანი პრესკონფერენცია გაიმართა და თუკი ვინმეს იმის იმედი ჰქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს, შეიტყობდა, კონკრეტულად როდის ასრულდებოდა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები - შეცდა. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილმა სხვა სახის სიურპრიზები მოუმზადა დამსწრე საზოგადოებას: ვაშინგტონში თვის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი საგაისოდ გადადო, ხოლო მოსკოვში წასვლა საერთოდ გამორიცხა.

აშშ-ში ვიზიტის გადადება ივანიშვილმა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების უკეთ მომზადების აუცილებლობით ახსნა. ეტყობა, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში მისი პირველი საზღვარგარეთული შეხვედრების დროს მიღებულმა გაკვეთილმა უკარნახა, სადაც უსიამოვნო გაუგებრობები მოხდა.

გაოცება გამოიწვია რუსეთთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც ეწინააღმდეგება მოსკოვთან ურთიერთობის გამოკეთების მის მიერ დეკლარირებულ მისწრაფებას. - სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები ფუნქციონირებენ, მოსკოვში ფეხს არ ჩავდგამო, მაგრამ არ გამორიცხავს რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე რფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვას. ამასთან, ივანიშვილი კმაყოფილია იმ ძვრებით, რომელიც ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობების განახლებაში შეინიშნება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისი ნაწილი უნდა გახდეს, ოღონდ ამ ეტაპზე ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ. ჩვენ ურთიერთობა უნდა მოვაწესრიგოთ სოხუმსა და ცხინვალთან, ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვიდა, რომლებიც კარგი ურთიერთობების დამყარებით არიან დაინტერესებული", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

კიდევ ერთი მოულოდნელობა. ივანიშვილი ალბათ არ წავა პოლიტიკიდან წლინახევრის შემდეგ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვარაუდობდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ წინასაარჩევნო პროგრამის შესრულებას, ანუ პრემიერს დანაპირების შესასრულებლად შეიძლება დასჭირდეს არა წელიწად-ნახევარი, არამედ მეტი. სამაგიეროდ, ახალი ხელისუფლება ახლავე შეუდგება პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვას.

ივანიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დგას, მაგრამ ახალი კონსტიტუცია, ან მისი მუხლები, რომლებიც ძალაუფლების ცენტრს პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრისკენ გადაანაცვლებს, ძალაში შევა არა როგორც განსაზღვრული იყო, 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უფრო ადრე. პრემიერის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს იმის გამო, რომ ბოლო მოეღოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სააკაშვილის მიერ მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ცრუინფორმაციებს.

პრემიერმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ არ ძალუძს ენერგოტარიფებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე მისი ამიერკავკასიელი მეზობლები: ელექტროენერგიის ერთ კილოვატში - 0,107 დოლარს იხდიან. აზერბაიჯანის მოქალაქე 0.072 დოლარს იხდის, სომხეთისა - 0,06 დოლარს.

თბილისში ელოდებიან "ინტერ რაოს" წარმომადგენლებს - რუსეთის ეს კომპანია სს "თელასის" აქციების 75%-ს ფლობს. დანარჩენი 25%-ს სახელმწიფო აკონტროლებს. რუსეთის კომპანიებს მიეკუთვნება ზოგიერთი სხვა ჰესიც. მთლიანობაში ის აკონტროლებს საქართველოში გენერირებული სიმძლავრეების 20%-ს. დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ტარიფებზე სამსჯელოდ ელიან.

გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს. ტარიფი მოსახლეობისთვის არის 30 ცენტი. წინასაარჩევნო კამპანიაში ივანიშვილს ეგონა, რომ ტარიფების განახევრებასაც კი შეძლებდა, ახლა პირველად აღიარა, რომ ვერ გათვალეს არსებული მდგომარეობა, მაგრამ პირობა დადო, რომ ტარიფები დაიწევს, თუმცა რამდენით - არ დაუზუსტებია. რასაკვირველია, პრემიერის აღიარებას მაშინვე გამოეხმაურა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანაში ხმაურიანი დაჭერები იმიტომ დაიწყო, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი დაპირებები ამით გადაფაროსო.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს კი მიაჩნია, რომ კონკრეტული დასკვნების გაკეთება მთავრობის მიმართ, რომელიც მხოლოდ თვეზე ნაკლებია, რაც მუშაობს, ნაადრევია.

"კომერსანტი", რუსეთი