უშედეგო შეხვედრა - კვირის პალიტრა

უშედეგო შეხვედრა

რუსი და ქართველი დიპლომატების მოჩვენებითი კეთილგანწყობის მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია.

მოლაპარაკების დაწყებამდე ჟენევის სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" საოცარ სურათს ნახავდით. მშვიდად მოსაუბრე ოსეთის, აფხაზეთის, რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების წევრები ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად უსხდნენ მაგიდებს. გეგონებოდა, საქართველოში ომი არ ყოფილა და დელეგატები ჟენევაში ყავის დასალევად და დასასვენებლად ჩამოსულანო. სინამდვილეში მხარეთა პოზიციები პრინციპულად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. რუსეთის დელეგაციამ მერვე რაუნდის დაწყებამდე გამოაცხადა, - საქართველოს მოვთხოვთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას მოაწეროს ხელიო. ამ მოთხოვნას მოლაპარაკების არაერთი რაუნდი შეეწირა, რადგან ამგვარ შეთანხმებაზე ხელის მოწერა საქართველოსგან გამოცალკევებული ტერიტორიის აღიარებას ნიშნავს.

გაეროს ჟენევის ოფისში კონსულტაციის დაწყებამდე რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კარასინმა გამოაცხადა, - რაუნდების უეფექტობის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმეტესობას არ სურთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაო. ოფიციალური დისკუსიის დაწყებისთანავე რფ-ის დელეგაციამ ევროკავშირის წარმომადგენლებს ჰაიდი ტალიავინის კომისიის შეფასება მოსთხოვა. მას უნდა ეცნო 7 აგვისტოს საქართველოს მხრიდან აგრესიის ფაქტი და რუსეთი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა სხვა საკითხების განხილვას. "ვიდრე სააკაშვილის მოქმედებას არ მიეცემა საერთაშორისო შეფასება, ჩვენ მკვდარი წერტილიდან არ დავიძვრებით", - შეეშველა კარასინს სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი. ტალიავინის მოხსენებასთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოთხი მოზარდის დაკავება, რომლებმაც საქართველო-ოსეთის საზღვარი გადაკვეთეს.

საქართველოს დელეგაციისგან დაკავებული მოზარდების გათავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ ჩოჩიევმა თბილისს მოსთხოვა საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებული სამხრეთ ოსეთის ხუთი მოქალაქის გათავისუფლება. ქართულმა დელეგაციამ უპასუხა, რომ ეს მოქალაქეები დაკარგულები არიან და მათზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოსწავლეების დაკავება დაუშვებლად მიიჩნიეს და მხარეებს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ ეს საკითხი. უახლოეს დღეებში დაკავებულებს ცხინვალის ციხეში მოინახულებს კომისარი, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, თომას ჰამამბერგი. შეხვედრის "პოზიტიური შედეგების" აღნიშვნისას დისკუსიის მონაწილეებს, ეტყობა, გულწრფელად სჯეროდათ, რომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხები ჟენევაში წყდება და არა სადღაც სხვაგან.