საქართველო კინომწარმოებლებს იზიდავს - კვირის პალიტრა

საქართველო კინომწარმოებლებს იზიდავს

პირველი ჰოლივუდური კინოწარმოების მასპინძლობის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა საქართველო ძალისხმევას არ იშურებს უცხოელი

ფილმმეიკერებისა და მათი მილიონობითდოლარიანი ბიუჯეტების მოსაზიდად. ვარსკვლავების - ენდი გარსიას და ველ კილმერის ამასწინანდელი ვიზიტების შემდეგ, რომლებიც თბილისში საქართველო-რუსეთის ომზე ფილმში გადასაღებად იყვნენ, ქართველი მოხელეები მასშტაბური სამთავრობო პროგრამით სულ უფრო მეტი უცხოელი მწარმოებლის მოხიბვლას იმედოვნებენ. ოფიციალური პირები რეკლამას უწევენ საქართველოს მრავალფეროვან პეიზაჟს, სადაც რეჟისორებს სცენების გადაღება შავი ზღვის სანაპიროზე, თოვლიან მთებსა და ელეგანტურ დედაქალაქ თბილისში შეუძლიათ, თანაც სულ რაღაც რამდენიმე საათის ინტერვალით. საქართველოს მთავრობა უცხოელი მწარმოებლებისთვის სათანადო გარემოს შექმნას აპირებს და არმიაში, პოლიციასა და საბაჟო სამსახურში საგანგებო მოხელეების დანიშვნასაც კი გეგმავს, რომლებიც კინომწარმოებლებს კონსულტაციებს გაუწევენ.

პროდიუსერმა ნ. გამრეკელმა განაცხადა, რომ საქართველო მიისწრაფვის აღმოსავლეთევროპის ქვეყნებთან კონკურენციისა და შესაძლო შემოსავლების მიღებისკენ.”სიიაფის გარდა, საქართველოს უპირატესობა მისი გამოცდილებაა - ქართველ კინემატოგრაფისტებს მსოფლიოში საუცხოო რეპუტაცია აქვთ.

"ქართული კინოწარმოების ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობიდან დაწყებული პროფესიული სწავლებების ჩათვლით, შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩამორჩება, მაგრამ ამის ასანაზღაურებლად ბევრი კეთდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კინოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის და ჯგუფების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადებისთვის, - ამბობს პროდიუსერი კ. ჩლაიძე. ქართულ-ამერიკული ფილმის თანაპროდიუსერმა დავით იმედაშვილმა განაცხადა, - ფილმის გადაღებას არანაირი დაბრკოლება არ შეხვედრია. საქართველოს პირველი სერიოზული უცხოური პროექტის განხორციელების შემდეგ, მხარდამჭერები აღიარებენ, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება უცხოური ფილმის მწარმოებლების იმაში დარწმუნება გახდეს, რომ აქაურობა მუშაობისთვის უსაფრთხოა. რუსეთთან შარშანდელი ომი კატასტროფა იყო, მაგრამ არ არსებობს საფუძველი იფიქრო, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოში განმეორდება.