შეცდომას შეცდომა მოსდევს... - კვირის პალიტრა

შეცდომას შეცდომა მოსდევს...

ათი წლის განმავლობაში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერთა მზერა საქართველოსკენ იყო მიპყრობილი. ეს პატარა, ხუთმილიონიანი კავკასიური ქვეყანა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე რეფორმისტების კოალიცია ხელმძღვანელობდა, რეგიონში რუსეთის უღლისგან გათავისუფლების მსურველი სახელმწიფოებისათვის მაგალითად იქცა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა საქართველოში ამის მორიგ დადასტურებად იქცა. თუმცა დღეს ქართულ მოდელს საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ოპოზიციონერების მიმართ ნამდვილი "კუდიანებზე ნადირობა" გაჩაღდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის პოლიტიკოსების დაპატიმრებების ტალღა, რომელიც ხელისუფლების გადაცემის მეორე დღიდანვე დაიწყო, დღემდე გრძელდება.

"ქართული ოცნება" ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ„"ნიურნბერგის პროცესზეც" კი ალაპარაკდა.

ქმედებები ამ დაპატიმრებებით არ ამოიწურება. კამპანია მოიცავს ზოგიერთ ისეთ მედიასაშუალებას და ინსტიტუტსაც, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება. ადგილი აქვს პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომელთა გადმობირებაც სურს ახალ მთავრობას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად, რითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირებას შეძლებდა.

"საქართველოსთვის და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კატასტროფა იქნება, თუკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი ავტორიტარული სისტემა, რომელიც ოპონენტებს აპატიმრებს",  - წუხს სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი.

"ფიგარო", საფრანგეთი