საქართველოს მორიგი ტესტი - კვირის პალიტრა

საქართველოს მორიგი ტესტი

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულმა წერილმა პრემიერ ივანიშვილის გულისწყრომა გამოიწვია, რომლის აბსურდული ბრალდების მიხედვით, გამოცემა მის ოპონენტ მიხეილ სააკაშვილთანაა შეკრული. საქართველოთი დაინტერესებულ პირებს ალბათ არც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის რეაგირება გამოეპარათ ქეთრინ ეშტონის განცხადებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ დაუშვებელია შერჩევითი მართლმსაჯულება და ყოფილი პოლიტიკური მეტოქეებისთვის ანგარიშის გასწორება. წარსულის დანაშაულთა გამოძიება აუცილებელია მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და საპროცესო პროცედურებთან შეთანხმებულობის პირობებში ჩატარდეს და ასევე უნდა იყოს აღქმული.

ჯაფარიძემ კი, ძველ საბჭოთა მოხელესავით, ეშტონს "საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური წარმოდგენის არქონაში" დასდო ბრალი, სააკაშვილზე კი განაცხადა, რომ იგი "რაღაც ილუზიებს ელოლიავება". იგი აცხადებს, "ბარონესა ეშტონის ვიზიტი თბილისში და მისი შენიშვნები ასაბუთებენ, რომ სამსაათიანი ვიზიტი და პრემიერ ივანიშვილთან ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებში გასარკვევად და იმის შესაფასებლად, არსებობს თუ არა პერსპექტივა კოჰაბიტაციისა და თანამშრომლობისა, რასაც ისინი ასე დაჟინებით იმეორებენ... ასევე ვიტყოდი, რომ მისი შენიშვნა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესის ღიად და გამჭვირვალედ ჩატარების შესახებ რამდენადმე ნაადრევია. ამ ეტაპზე, როცა ეჭვმიტანილთა საქმეებზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, არც ერთი ქვეყნის სამართლებრივი პრაქტიკა არ ითვალისწინებს ღია და გამჭვირვალე გამოძიებას.

რამდენიმე ხნის წინ New York Times-ს მივეცი ინტერვიუ (გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი აბზაცი, როგორც ამას ხშირად ჟურნალისტები აკეთებენ), რომელმაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები გაანაწყენა. მე განვაცხადე, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს უჭირთ გააკრიტიკონ ყოფილი მთავრობის თანამდებობის პირები, რომლებიც ახლა დამნაშავეები აღმოჩნდნენ. როგორც ირკვევა, წარსულში ისინი ხელისუფლებაში მყოფ ერთგვარ კრიმინალურ ბანდას უჭერდნენ მხარს. იმ პიროვნებებს, რომლებითაც ჩვენი მეგობრები ამაყობდნენ, როგორც დემოკრატიის ავანგარდით, შესაძლოა, ციხეში უკრან თავი, როგორც დამნაშავეებს. ასე რომ, ის, რაც საქართველოში ხდება, მათ თავმოყვარეობაზეც მოქმედებს. როგორც ჩანს, გაოცებული არიან, თუ როგორ მოტყუვდნენ და ასეთი ქვეყანა და პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურად გამოაცხადეს".

ესეც ასე: ყოფილი მეგობრული, პრო-ამერიკული და დემოკრატიული ქვეყანა ქურდოკრატიული ყოფილა. და რას იტყვის ამაზე ამერიკის ადმინისტრაცია? ნაძლევს დავდებ, ბევრს არაფერს.

ჯენიფერ რუბინი

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ