საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას - კვირის პალიტრა

საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას

სარედაქციო წერილი

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება საქართველოში და მმართველი პარტიის მიერ დამარცხების სწრაფი აღიარება პოსტსაბჭოთა ევრაზიაში დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი იყო. მაგრამ ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი კითხვაც გააჩინა: გახდება ეს პატარა ქვეყანა პოლიტიკური პლურალიზმის მოდელი ავტორიტარი მმართველების რეგიონში, თუ უკრაინის გზას დაადგება, სადაც ლიბერალური მთავრობის მარცხს მისი ლიდერების დაპატიმრება და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ უკან დახევა მოჰყვა?

სამწუხაროდ, ახალ რეჟიმს, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ამ კითხვაზე საპასუხოდ დიდი დრო არ დასჭირდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს.

მართალია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის ვადაც ერთი წლის შემდეგ იწურება, გააიოლა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი, მაგრამ ივანიშვილმა არაერთხელ მოითხოვა მისი გადადგომა, მიანიშნა, რომ მასთან ასოცირებული პირების დევნა გაგრძელდება მანამ, სანამ ის ამას არ გააკეთებს. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ამცირებს პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს და ოპოზიციის წევრების გადაბირებას ზეწოლით ახდენს. აშინებენ ყოფილი მთავრობის მიმართ სიმპათიით განწყობილ მედიას.

ბ-ნი ივანიშვილი ქართველებს დაჰპირდა, რომ განაგრძობდა ბ-ნი სააკაშვილის სტრატეგიას და ქვეყანას წაიყვანდა ევროკავშირსა და ნატოში სრულუფლებიანი წევრობისკენ. დღემდე, ევროკავშირის, ნატოს და აშშ-ის ჩინოსნების გაფრთხილებებს - პოლიტიკური მეტოქეების ანგარიშსწორების ნაცვლად კანონის უზენაესობაზე“იფიქროს, როგორც ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა აღნიშნა, ჯერჯერობით, შედეგი არ აქვს. პირიქით, ბ-ნი ივანიშვილის მოკავშირეები საუბრობენ საქმეების აღძვრაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დედაქალაქის მერის და სხვათა წინააღმდეგ...

საქართველოს ახალი მთავრობა ამბობს, რომ იძულებულია, შეისწავლოს ის საქმეები, რომელიც წინა მთავრობის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით დაგროვდა, მთავრობისა, რომელსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. შესაძლოა, ზოგიერთი ყოფილი ჩინოსანი მართლაც დამნაშავეა, მაგრამ გარკვეული საქმეები ფოკუსირებულია შედარებით ნაკლებ კანონდარღვევებზე ან ისეთ ბრალდებებზე, რომელიც ბოლოდროინდელი საარჩევნო კამპანიის ბინძურ ტრიუკებს უკავშირდება. ბ-ნი ივანიშვილი რომ სერიოზულად გეგმავდეს, დაანახოს დასავლურ მთავრობებს, საქართველო თქვენს რიგებშიაო, უარს იტყოდა ამგვარ საქმეებზე და ყურადღებას გაამახვილებდა ეკონომიკაში უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენაზე, რაც არჩევნების შემდეგ შემცირდა.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრად გადაქცეულმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გადაიდო, რაც კარგია. ვიდრე ის ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალ ლიდერს ვაშინგტონში არ უნდა მიესალმონ.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ