"ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია" - კვირის პალიტრა

"ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი როდემ კლინტონს შეხვდა. შეხვედრის წინ ჰილარი კლინტონმა განაცხადა: "ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად ხდება".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წუხილი გამოთქვა სააკაშვილის მოკავშირეების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს მაია ფანჯიკიძეს თბილად შეხვდა და საქართველო შეაქო ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების გამო.

ჰილარი კლინტონთან შეხვედრის მეორე დღეს ფანჯიკიძემ გააქარწყლა ამერიკის შეშფოთება ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით. "ასოშეიტედ პრესთან" ინტერვიუში ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონთან ერთად განიხილა დაპატიმრებების საკითხი და მას სახელმწიფო მდივნის გაფრთხილება მწვავე კრიტიკად არ აღუქვამს.

ფანჯიკიძის თქმით, მან კლინტონს აუხსნა, რომ "ეს დაპატიმრებები სამართლის აღდგენას ემსახურება, ყველაფერი კანონის უზენაესობის თანახმად გადაწყდება და მართლმსაჯულების პროცესის გასაკონტროლებლად საქართველო მზადაა მიიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები".

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია ნატოს წევრობის საკითხი. "იმედი გვაქვს,  გავაღრმავებთ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, რადგან აშშ ჩვენი ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორია", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ