მართლმსაჯულება თუ... - კვირის პალიტრა

მართლმსაჯულება თუ...

უცხოეთში ცუდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ნოემბრის დასაწყისში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და ორი მაღალჩინოსანი სამხედროს დაპატიმრებას. ნატომ საქართველოში მისი სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადადო. გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა, ბ-ნ ივანიშვილთან შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ კი ტონი შეარბილა.

რიგითი ქართველები, ჩანს, უფრო წინდახედულები არიან. არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარცხის მიზეზი იყო ის, რომ მმართველი პარტია თავს კანონზე მაღლა აყენებდა. ქვეყნის უახლოესი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, მუდმივად ჩიოდნენ საქართველოში სამართლის შერჩევითობაზე.

მოქმედი მთავრობის აზრით, დაპატიმრებები არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც მიმართულია საქართველოში სამართლიანობის განცდის აღდგენაზე. და მაინც, მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ ანგარიშსწორებას არ ეწევა.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და გაზარდოს სამართლიანი სასამართლო პროცესის შესაძლებლობა დაპატიმრებულთათვის. ქართული სასამართლოები დიდი ხნის განმავლობაში დაშინებულები იყვნენ: წინა მთავრობის დროს პროცესები თითქმის ყოველთვის გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა.

ბოლო დროს დაპატიმრებულ პირთა დიდი ნაწილის მიმართ წაყენებული ბრალდებები საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, რის გამოც პროცესს ახალი მთავრობის წამყვანი ფიგურების მხრიდან პერსონალური წყენის ელფერი დაჰკრავს. ეს უნდა აღმოიფხვრას. საქართველოს მყიფე დემოკრატიის კონსოლიდირება მოითხოვს ამ ორი პარტიის ერთად მუშაობას. მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, დაპატიმრებები მხოლოდ აღრმავებს მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებს.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი