სამართლიანობა თუ შურისძიება? - კვირის პალიტრა

სამართლიანობა თუ შურისძიება?

სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოპოზიციას ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცა. მაგრამ დემოკრატიული მონაპოვარი საჭოჭმანო გახადა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოსნების დაპატიმრებათა ტალღამ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაპატიმრებებს პოლიტიკური ხასიათი არა აქვს და გამოვიდა წინადადებით, შექმნილიყო დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც სასამართლო პროცედურებს გააკონტროლებდა. ამავე დროს, ის ცდილობს, მოიძიოს სამართლებრივი გზები სააკაშვილის დარჩენილი აღმასრულებელი ძალაუფლების დასასუსტებლად.

სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებს. ეს და სხვა სერიოზული ბრალდებანი უნდა გამოიძიონ. მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ღიად, ხოლო შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშსწორებამ. პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკაში ბევრჯერ აღინიშნა კონფრონტაცია. ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ გამოთქმული კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რჩევების მიმართ ლოიალურია, თუმცა როგორც ჩანს, ის და ზოგიერთი მისი მომხრე მაინც შურისძიებისკენ იხრებიან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ დასავლეთი სააკაშვილს, მისი პროდასავლური პოზიციის გამო, მტკიცედ უჭერდა მხარს და არ რეაგირებდა სათანადოდ დემოკრატიული პრაქტიკის შელახვაზე. საქართველო, რომელსაც უკვე მტკიცე კავშირები აქვს დასავლეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს და ამ იმედების აღსრულება დამოკიდებულია დემოკრატიის პროგრესის უწყვეტობაზე. კარგი იქნება, თუ აშშ და ევროპის კავშირი ქართველ ლიდერებს მსოფლიოში ცნობილი იურისტების ჯგუფის კონსულტაციას შესთავაზებენ. მათი კონსულტაცია უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურის გარანტია.

დასავლეთმა ასევე უნდა გააფართოოს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების პროგრამები. ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც დასავლელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნიეს, იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება დემოკრატიის შუქურად იქცეს. რეტროგრადულმა ნაბიჯებმა ეს ყველაფერი შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ