უარი უკანონობას!.. - კვირის პალიტრა

უარი უკანონობას!..

საქართველოში, სადაც ძალაუფლების გადაცემა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდა, ახლა საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, რაც ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ძალაუფლება გაყოფილია: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო სააკაშვილი პრეზიდენტად რჩება.

თავიდან პარტიებმა თანამშრომლობის პირობა კი დადეს, მაგრამ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას აგრესიულად იყენებს - დააპატიმრეს "ნაციონალური მოძრაობის" ოცამდე ბობოლა.

შეშფოთებულმა ამერიკამ, ნატომ და ევროპის კავშირმა მკაცრი განცხადებები გაავრცელეს. ცხადია, შეშფოთების მიზეზი არსებობს, რადგან საქართველო არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფანია, არამედ იშვიათი საჩვენებელი მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ "კუდიანებზე ნადირობის" მსხვერპლია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. პარტიამ არჩევნები იმიტომ წააგო, რომ ხალხი აღშფოთებული იყო თავგასული მმართველებით.

სააკაშვილით მოხიბლულმა უცხოელებმა თვალი დახუჭეს მის დანაშაულებზე, ახლა კი უნდა აღიარონ ის ფაქტი, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მოვალეობაა დამნაშავეების დასჯა. ეჭვმიტანილები, რომლებიც შეიძლება საზღვარგარეთ გაიქცნენ, უნდა დააკავონ. თუ სასამართლო მათ ბრალეულობას დაადგენს - უნდა დააპატიმრონ. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება იმ ღირებულებათა ღალატი, რომელთაც დასავლეთი საქართველოში ამკვიდრებდა. მაგრამ, ეტყობა, პოსტსაარჩევნო ანგარიშსწორება გარდაუვალია. ივანიშვილის ბანაკი ისევე ცუდად იქცევა, როგორც, მათი მტკიცებით, სააკაშვილი იქცეოდა. შურისძიებაა ნადირობა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ მმართველებზე და პრეზიდენტის გამოსახლების მცდელობა ახალი ბრჭყვიალა სასახლიდან იმ არგუმენტით, რომ მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. შურისძიებაა ნაცმოძრაობის ნაცისტურ პარტიასთან შედარება.

"ქართული ოცნების" მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკური სისუფთავისა და კანონიერების დაცვაა. "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის ნაცვლად, მან მმართველობაზე უნდა იფიქროს. უნდა მართოს ისე, რომ ამომრჩევლებმა საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში მას მიანიჭონ გამარჯვება.

სააკაშვილის მემკვიდრეობაში შედის არა მარტო სიცოცხლისუნარიანი კონსტიტუცია, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის ნათელი პერსპექტივა და კეთილგანწყობა ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგანაც. ივანიშვილმა უნდა მოუაროს ამ ყველაფერს.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი