მართლმსაჯულება თუ ანგარიშსწორება? - კვირის პალიტრა

მართლმსაჯულება თუ ანგარიშსწორება?

ოქტომბრის არჩევნებით საქართველომ საყოველთაო შექება დაიმსახურა, რადგან ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოხდა. მაგრამ ახლა დასავლელი დამკვირვებლები შეშფოთებას გამოხატავენ.

ევროპული და ამერიკული პრესის ზოგიერთი კომენტატორი პირდაპირ და დაუფარავად წერდა, რომ ბ-ნი ივანიშვილის ვიზიტს აშშ-ში არ უნდა მიესალმონ, ვიდრე ოპოზიციის ლიდერები გისოსებს მიღმა სხედან. მაგრამ დასავლური მედიის ყველაზე საგანგაშო კომენტარები მარტივი და ცალმხრივი გახლდათ: ქართული პოლიტიკის ჰოლივუდური ნარატივი -–"კარგი ბიჭები ცუდი ბიჭების წინააღმდეგ", მიხეილ სააკაშვილის გუნდს წარმოაჩენს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ პროდასავლელებს, რომლებიც მოსკოვის გავლენისაგან გათავისუფლებისთვის იბრძვიან.

სინამდვილეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ეს იყო საქმეები, რომლებსაც, უფლებადამცველი აქტივისტების თქმით, საკმარისად არ იძიებდნენ, რადგან თითქმის ათი წლის განმავლობაში ისინი ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდნენ. დაკავებულთა საეჭვო გარდაცვალების ფაქტები პოლიციაში იფარებოდა და არსებობს ბრალდებები, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში იყო გადაზრდილი. ბოლო წვეთი ბევრი ამომრჩევლისათვის ზუსტად ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩენილი ვიდეოები გახდა, რომელშიც ნაჩვენები იყო ციხის მცველების მიერ პატიმართა სასტიკი წამება.

ახალმა მთავრობამ არჩევნები ნაწილობრივ ამ სკანდალის წყალობით მოიგო, რომლის შემდეგაც დადო პირობა, რომ ბოლოს მოუღებდა ამგვარ ძალადობას. ის უარყოფს ყველანაირ ბრალდებას, რომ დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ამტკიცებს, რომ ეს კანონის უზენაესობის აღდგენაა.

საქართველოსთვის ახლა გამოწვევაა ის, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სამართლის აღსრულება ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ოქტომბრის არჩევნები უფრო მშვიდობიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ რადგან განხეთქილება ახალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იზრდება, ქვეყნის მართვა კიდევ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი