შესაძლებელია პოლიტიკის და ჯარის გამიჯვნა? - კვირის პალიტრა

შესაძლებელია პოლიტიკის და ჯარის გამიჯვნა?

დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, ყოფილ დიდმოხელეთა დაკავებებსა და მათი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, მწვავდება. თუმცა ქვეყნის მთავარი სამხედრო პირის დანიშვნისთვის ბრძოლა, ჩანს, დასრულდა.

7 ნოემბრის შემდეგ, მას მერე, რაც 32 წლის ბრიგადის მეთაური და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი გიორგი კალანდაძე სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს, საქართველოს არმია გაერთიანებული შტაბის მუდმივი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მთავარსარდალია, შეეძლო, გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, მაგრამ ის კალანდაძის მტკიცე მხარდამჭერად რჩებოდა და გმობდა ბრიგადის მეთაურის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. სააკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას და თითქმის ორი ათეული სხვა მოხელის დაპატიმრებასაც აპროტესტებდა და მას ივანიშვილის მთავრობის მიერ დაწყებულ "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა.

დაკავებებმა ნატო აიძულა, საქართველო, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გაეფრთხილებინა, გამოერიცხა პოლიტიკა სამართლებრივი დევნის პროცესიდან. დაძაბულობა თბილისში ალბათ უნდა განიმუხტოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომ ივანიშვილის მთავრობა და პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმდნენ გაერთიანებული შტაბის უფროსად პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის დანიშვნაზე.

თანამშრომლობა, როგორც ჩანს, გენერალ კალანდაძესთანაც გრძელდება, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული. "სინამდვილეში გენერალი კალანდაძე მუშაობს ჩემთან.…ჩვენ მასთან კონსულტაციებს ვმართავთ, ის კი ჩვენთან, რადგან მას აქვს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის გამოცდილება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალ კალანდაძეს სააკაშვილის "პოლიტიკური თამაშების" მსხვერპლი უწოდა.

"ევრაზიანეტი", აშშ