ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს! - კვირის პალიტრა

ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს!

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში და სააკაშვილის მთავრობის ბევრი დიდმოხელე დააპატიმრა. ამას დასავლეთში კრიტიკოსთა შეშფოთება და განგაში მოჰყვა. ეს ნაჩქარევი კრიტიკა კი, რომლითაც წინა მთავრობის მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებანი იჩქმალება, შანსს უსპობს სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას.

ამ საჯარო შიშისა და შეშფოთების კვალად, მეტად მცირე ყურადღება დაეთმო იმას, თუ ვინ დააპატიმრეს და რატომ. ინგლისურენოვანი პუბლიკაციების უმეტესობა სიტუაციას აფასებს, როგორც ალყაშემორტყმული პროდასავლური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წმენდას, რეალურად კი ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას გავაანალიზებთ, გაქრება მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ახალაია, მერაბიშვილი და დანარჩენებიც - უსამართლოდ დადანაშაულებულნი, ალყაში მოქცეული დემოკრატები არიან.

ახალი მთავრობის დადანაშაულება და ხმამაღალი კრიტიკა "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება  გაიგოს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალებისა და მთავრობების შტაბბინებში "ნაციონალური მოძრაობისადმი" მხარდაჭერა რეფლექსების დონეზეა გამჯდარი. "ქართული ოცნების" თვალთახედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", თავისი ძალადობრივი მმართველობისთვის, მხოლოდ მსუბუქი საყვედური მიიღო, აღარაფერს ვამბობ რუსეთთან ომზე, ხოლო ახალი მთავრობის მცდელობამ, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, საპროტესტო გმინვა გამოიწვია.

ცხადია, საქართველოში დემოკრატიის დამყარებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება. "ნაციონალური მოძრაობის" ცუდი მართვა იქით იყოს და, ახალი მთავრობა ვერ აცნობიერებს იმის საშიშროებას, რომ საქართველოში ძალაუფლება შეიძლება ერთი ავტოკრატიდან მეორეს გადაეცეს. მაგრამ დემოკრატიული სიმწიფის ტვირთი დასავლეთმა უნდა აიღოს და არა ექვსი კვირის წინ მოსულმა ქართულმა მთავრობამ და მისმა გამოუცდელმა პრემიერ-მინისტრმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის ქმედებებს უნდა დააკვირდნენ და მას კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება მოსთხოვონ. ჯერ ნაადრევია იმის განცხადება, რომ ხელისუფლების პირველი კონსტიტუციური ცვლა საქართველოში მარცხით დასრულდა. ასეთი განცხადებები საქართველოს მთავრობის გაუცხოების რისკს შეიცავს, მთავრობისა, რომელიც უკვე ისედაც სენსიტიურად რეაგირებს დასავლეთის არაობიექტურობაზე. თუ დასავლეთს მართლაც აწუხებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სჯობს, თბილისს მისცეს დრო და სივრცე სამართლებრივი პროცესების განსახორციელებლად და სამართლიანობის აღსადგენად.

"ფორინ პოლისი", აშშ