როგორ განიხილავდნენ საქართველოს მისი უდიდებულესობის პარლამენტში - კვირის პალიტრა

როგორ განიხილავდნენ საქართველოს მისი უდიდებულესობის პარლამენტში

ღმერთო, ჰფარვიდე დედოფალს!

11 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავდნენ. სხდომაზე ლორდთა შეკითხვებს მთავრობის წარმომადგენელი, ლორდი უოლეს სალტაირი პასუხობდა. ბრიტანეთსა და ლორდთა პალატას მაინც სხვა ხიბლი აქვს და გადავწყვიტეთ ჩვენეული ვერსიის ნაცვლად ამჯერად მკითხველისათვის ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ გამართული დებატების სრული თარგმანი მიგვეწოდებინა.

ლორდი სალტაირი (ლიბერალ-დემოკრატი):

- 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ, საქართველოს რთული პერიოდი უდგას, რთულია კოჰაბიტაციის პროცესიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ახლა ყველა მხარის ვალია, ითანამშრომლონ რათა მოხდეს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის კონსოლიდაცია. სწორედ ეს გზავნილი ჩაიტანა საქართველოში ჩემმა ერთგულმა მეგობარმა, ევროპის საკითხების მინისტრმა, დევიდ ლიდინგტონმა, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს საქართველოში.

ლორდი ჰარის პენტრეგართი (ნეიტრალები):

– ვმადლობთ მინისტრს მისი სიტყვისათვის, მაგრამ გვეთანხმება თუ არა იგი, რომ საქართველოდან ერთობ შემაშფოთებელი სიგნალები მოდის? დაპატიმრებულია 20 ზე მეტი წევრი ყოფილი მთავრობისა, მათ შორის ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები, თბილისის მერის მოადგილე და თავდაცვის შტაბის უფროსი. შესაძლებელია რამდენიმე მათგანი მართლაც დამნაშავეა, მაგრამ საქმე ისაა, შეურთდება თუ არა ჩვენი მთავრობა ევროკავშირის სხვა წევრებს, რათა ნათლად გააგებინონ ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ ყველა საქმე უნდა ჩატარდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვით და რომ არ უნდა იყო მინიშნება იმისა, რაც უკვე მოინათლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ?

ლორდი სალტაირი:

- ჩვენ შეშფოთებული ვართ პოლიტიკურ ფიგურათა დაპატიმრებების რაოდენობით და ამ სიტუაციას მეტად ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მოსაზრება, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, გამოითქვა უცხოეთის რიგი ელჩებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერაც. ამასთანავე, (ამ საკითხზე) ბრიუსელში ქართველებთან დისკუსიებიც ჩატარდა. ივანიშვილი, ახალი პრემიერ-მინისტრი, 5 დეკემბერს ბრიუსელს ეწვია ნატო-საქართველოს საბჭოს ეგიდით. შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური დიალოგი.

ლორდი ჰევორთი (შრომის პარტია):

-ბატონებო, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული და ამაყი სახელმწიფო, მაგრამ განა უკანასკნელი მოვლენები ლაქას არ ცხებს მის დემოკრატიული განვითარების რეპუტაციას? ხომ არ იქცევა ქართული ოცნება ქართულ კოშმარად? კარგი იქნებოდა, მინისტრს კომენტარი გაეკეთებინა პრემიერ ივანიშვილის ვიზიტის გაუქმებაზე ვაშინგტონში. როგორც ამბობენ, სანამ მისი პარტია ოპოზიციური პარლამენტარების დაპატიმრებებითა და შევიწროებითაა დაკავებული, ეს ასეც უნდა იყოს. (ანუ პრემიერის ვიზიტი შტატებში სასურველი არ იქნება - ავტ.). მისასალმებელი იქნება თუ არა მისი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, თუკი ასეთი სიტუაცია კვლავ გაგრძელდება?

ლორდი სალტაირი:

- ბატონებო, ცოტა ნაადრევია გვქონდეს ასეთი გადამწყვეტი პოზიციები, როგორიც კეთილშობილ ლორდ ჰევორთს აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მთავრობაზე, რომელიც, ფაქტიურად, ორ თვეზე ნაკლებია რაც ხელისუფლებაში მოვიდა და "ქართული ოცნების" კოალიციაზე, რომელიც ერთობ მრავალფეროვანია. მას უძღვება საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც ძალიან ცოტა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. ახალი მთავრობა თანდათან პოულობს საკუთარ გზას. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არ არის უნაკლო დემოკრატია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არჩევნები მსოფლიოში აღქმულ იქნა როგორც ერთობ თავისუფალი და სამართლიანი, რომლის შედეგადაც მოხდა მთავრობის დემოკრატიული ცვლა. ჩვენ ამ ფაქტებს უნდა მოვეჭიდოთ და მთელი ჩვენი მონდომებით უნდა ვეცადოთ, რომ ვუზრუნველყოთ ახალი მთავრობის მიერ მათი დემოკრატიული ვალდებულებების სრულად შესრულება.

უიკფილდის ეპისკოპოსი (კლერიკალები):

- ბატონებო, მსურდა თქვენი ყურადღება ქართულ-რუსულ ურთიერთობებისკენ მიმეპყრო. ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მისი მილიონების უმეტესობა რუსეთში შეიძინა და როგორც ამბობენ, ის უკვე შეხვდა, ანაც აპირებს შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს. რას იტყვის მინისტრი, მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, როგორია მთავრობის ხედვა: შეიცვლება თუ ისეთივე დარჩება რუსეთისა და საქართვლეოს ურთიერთობები?

ლორდი სალტაირი:

- ბატონებო, ჩვენთვის მისასალმებელი იქნებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება. ახალმა მთავრობამ ნამდვილად სცადა დაეწყო ახალი დიალოგი რუსებთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით, რამდენადაც მე ვიცი, რუსებმა მათ ამ ინიციატივას დიდი კეთილგანწყობით არ უპასუხეს. კვლავ რჩება პრობლემები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რუსეთი კვლავაც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ ჟენევის მრავალეროვანი მოლაპარაკებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, ჩვენ ძალზე მოხარული ვიქნებოდით თუ რუსეთსა და საქართველოს შორის უფრო პოზიტიური დიალოგი გაიმართებოდა.

ლორდი ჰანეი ჩიზვიკი (ნეიტრალები):

– უნდა გითხრათ რომ საქართველოში ყოფნა მომიხდა სწორედ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, და დღეს გაკეთებული ზოგი კომენტარის გასაქარწყლებლად მსურს განვაცხადო, რომ მასობრივი დემონსტრაციები, რომელიც ქართულ ციხეებში ადამიანის უფლებების შემაძრწუნებელი დარღვევების გამომჟღავნებას მოყვა, წუნდაუდებლად იყო ჩატარებული. არ ყოფილა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობა და არც პოლიციას მიუმართავს ძალადობისთვის. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს საქართველოში რომელმაც ამ დონის ჩამოყალიბებულობა(მომწიფებულობა) გამოამჟღავნა არჩევნების კუთხით.

ლორდი სალტაირი:

- მადლობას ვუხდით ლორდს მისი ფასეული კომენტარისთვის. წინა მთავრობა არ იყო უნაკლო. საქართველოში იყო პატიმრების ძალზე მაღალი რაოდენობა, ხოლო ციხეებში საშინელი პირობები. უნაკლო არც ახლანდელი მთავრობაა. მედიის თავისუფლება ერთობ შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ გარდამავალ პროცესს სრული დემოკრატიისკენ, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ლორდი დაიკსი (ლიბერალ-დემოკრატი):

– დარწმუნებულია თუ არა ჩვენი მეგობარი მინისტრი იმაში, რომ 2010 წლის კონსტიტუციონალური ცვლილებები უზრუნველყოფს პრეზიდენტის გაზრდილ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული პუტინ-მედვედევის ტიპის ურთიერთჩანაცვლება, რომელიც დამახასიათებელია რუსული პოლიტიკისთვის?

ლორდი სალტაირი:

- ბატონებო, ბოლო დროის შემაშფოთებელი საკითხებიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა ბიუჯეტის შეკვეცების შეთავაზებები, რის შედეგადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების მკვეთრად შემცირება მოხდებოდა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ისევე როგორც რიგი საგარეო მთავრობები, რათა ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ კოჰაბიტაციას პრეზიდენტსა და ახლანდელ მთავრობას შორის შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ვაჟა თავბერიძე (სპეციალურად საიტისათვის)