ანა დოლიძე & თომას დე ვაალი: სიმართლის კომისია საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ანა დოლიძე & თომას დე ვაალი: სიმართლის კომისია საქართველოსთვის

საქართველომ უნდა გამონახოს წარსული უსამართლობების გადალახვის გზა ისე, რომ თავიდან აიცილოს განხეთქილება საზოგადოებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის ის, რომ მან ეს პრობლემა სამართლიანად და ეფექტიანად მოაგვაროს. ამ მხრივ, ქვეყანას შეუძლია ისწავლოს იმ ახალწარმოქმნილი დემოკრატიებისგან, რომლებიც ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს ისეთ მიდგომას, როგორიცაა "გარდამავალი მართლმსაჯულება"“და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები გადაჭრას სიმართლის კომისიის შექმნით, რომელიც შეისწავლის წარსულის სადავო საქმეებს.

მიდგომა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ჰქონდათ სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, ტიმორში, სიერა ლეონესა და პერუში.

საქართველოს გარდამავალი მართლმსაჯულების ახალი კომისია შეიძლება აღიჭურვოს მრავალი უფლებამოსილებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვისა და ისეთი რეკომენდაციების გაწევის უფლებამოსილებით, როგორებიცაა სასამართლოებისთვის ზოგიერთი პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივით მიმართვა, ხოლო ზოგიერთებისთვის შეწყალების მოთხოვნა. ამ პროცესის მიზანია, წარსულთან ერთგვარი დროებითი გამიჯვნა ძალადობრივი სისტემის პირველად მიზეზებთან დაპირისპირებით და მასზე ისტორიულად დასაბუთებული ნარატივის უზრუნველსაყოფად.

საქართველო რომ გაუმკლავდეს პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების აპარატს, რომელსაც სასტიკ ქმედებებში ადანაშაულებდნენ, მისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი არგენტინული მოდელია. ლეგიტიმურობისათვის კომისიას ძლიერი მანდატი და საზოგადოებაში მყარი საყრდენი სჭირდება. უპირველესად, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს. კომისიას უნდა გააჩნდეს ფართო უფლებამოსილება საკუთარი მანდატის განსასაზღვრად, მათ შორის დრო, რომლის განმავლობაშიც ის იმუშავებს და საქმეები, რომელიც უნდა გამოიძიოს, მაგრამ კომისიის მუშაობის დასრულების ბოლო ვადა წესდებით უნდა განისაზღვროს. მას უნდა ჰქონდეს ასევე ახალი მთავრობის მიერ უკვე ინიცირებული კრიმინალური საქმეების გადახედვის უფლებამოსილებაც.

ქართულ კომისიას შეუძლია მიჰბაძოს მის არგენტინულ ანალოგს და 13 წევრით დაკომპლექტდეს. მათი დანიშვნის პროცედურა შეიძლება ისეთივე იყოს, როგორიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი: ექვს წევრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, სამს - პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, და ერთს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. რადგან კომისიის ამოცანები გადაუდებელია, წევრების საჯარო დანიშვნა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს.

დანიშნული წევრები უნდა იყვნენ კომპეტენტურნი, ავტორიტეტულნი, საზოგადოებაში სარგებლობდნენ დიდი ნდობით. აქედან გამომდინარე, კომისიაში დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსიც და ეთნიკურ უმცირესობებსაც აერთიანებდეს. კომისიის წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული სპეციალისტები, მათ შორის, იურისტებთან ერთად, ისტორიკოსები, ეკონომისტები, ეთნოლოგები; არ არის აუცილებელი, იყვნენ ნეიტრალურები, თუმცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა მიეკუთვნებოდნენ.

კომისიას უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობა. რაც ნიშნავს, რომ ის კარგად უნდა ფინანსდებოდეს, იყოს ადეკვატურად დაკომპლექტებული: გააჩნდეს ისეთი მანდატი, რომელიც მას მოწმეების დაკითხვის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.

დაბოლოს, კომისია უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით და იყოს გამჭვირვალე, თავად უნდა განსაზღვროს, გამართავს საჯარო მოსმენებს თუ არა, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად, უნდა მიიღოს ბევრი განაცხადი ცალკეული პირისა და შექმნას მტკიცებულებების და ჩვენებების სკრუპულოზური ჩანაწერი. კომისიის ანგარიში უნდა წარედგინოს პარლამენტს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს როგორც მთავრობის ვებგვერდებზე, ასევე სამთავრობო ოფისებშიც.

საქართველოს ახალი ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. ამ ვითარებაში მისთვის სწორი ინსტრუმენტია საქართველოს საჭიროებასა და გამოწვევებზე ორიენტირებული გარდამავალი მართლმსაჯულების კომისია. ვადა არსებითია: სწრაფად ჩამოყალიბებული მექანიზმი ხელს შეუწყობს მოსალოდნელი პოლიტიკური კონფრონტაციის აღკვეთას. უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, თუკი მას ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოს სიმართლის კომისია ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის მიმართ უფრო ფუნდამენტური პატივისცემის დამკვიდრებას და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გზაზე დაყენებას.

იბეჭდება შემოკლებით

"კარნეგი ენდოუმენტი" აშშ