"არის თუ არა საქართველოს ახალი ლიდერი ისეთივე არადემოკრატიული, როგორც მისი წინამორბედი?" - კვირის პალიტრა

"არის თუ არა საქართველოს ახალი ლიდერი ისეთივე არადემოკრატიული, როგორც მისი წინამორბედი?"

თბილისში მოღვაწე ამერიკელი პროფესორი "Atlantic"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილ და ახლანდელ მთავრობებს შორის დაპირისპირებასა და ამ დაპირისპირების დასავლურ აღქმაზე საუბრობს. "კვირის პალიტრა" პროფესორ ჩარლზ ფეირბენქსის მიერ Atlantic-ში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებდა ზოგიერთი დასავლური საინფორმაციო გამოცემა, პასუხი არცთუ ისე ნათელია

1 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ყველასათვის მოულოდნელად, მმართველი პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლად შექმნილ კოალიციასთან, ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლაში დამარცხდა. და ეს მოხდა უაღრესად უსამართლო და დამთრგუნველი საარჩევნო გარემოს, დაშინებებისა და ქვეყნის უახლოეს წარსულში რევოლუციური გადატრიალებების ფონზე.

არჩევნებზე უამრავი ქართველი გამოცხადდა. მთავრობამ იმდენად გამანადგურებელი მარცხი განიცადა, რომ მიუხედავად მისი მზარდი ავტორიტარულობისა, იძულებული გახდა ძალაუფლება თავისი ნებით დაეთმო. და მოხდა ის, რაც მსოფლიოს ამ კუთხეში სასწაულს უდრის: სააკაშვილმა დათმო დიდი ნაწილი ძალაუფლებისა, რომელსაც ასე რუდუნებით აკოწიწებდა ცხრა წლის განმავლობაში. არჩევნები უეცარ და წარმატებულ დემოკრატიულ გარღვევად გამოცხადდა – სწორედ ეს წარმოადგენდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს 1980-იანი წლებიდან. დემოკრატიამ უცვალა სახე ხმელთაშუაზღვისპირა ევროპას, აღმოსავლეთ აზიას და აფრიკასაც კი, მაგრამ ვერ იხარა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

მაგრამ არჩევნებიდან ჯერ ორი თვეც არ გასულა და ზოგიერთი უკვე შეშფოთებით იმტვრევს ხელებს. ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომელთაც მხარი პრესტიჟულმა გაზეთებმაც აუბეს, ახალ მთავრობას უწყრებიან თითქოსდა მისი არადემოკრატიული ქცევის გამო. Washington Post-ში ვარაუდობენ, რომ ჩვენ მოწმენი ვართ "უკან, რუსული ყაიდის ავტოკრატიისკენ გაკეთებული ნაბიჯისა" და აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ თუ (ბიძინა ივანიშვილი) არ გამოსწორდება, "საქართველოს ახალი ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტი მისასალმებელი არ უნდა იყოს". Economist-ი კი წერდა, რომ "ივანიშვილი ისე ცუდად იქცევა, როგორც, მისივე განცხადებით, სააკაშვილი იქცეოდა".

საქმე ეხებოდა ივანიშვილის მთავრობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალური პირების დაპატიმრებას, რაც გარე თვალისთვის შესაძლოა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელ, ცალმხრივ პოლიტიკურ რეპრესიებს წააგავდა. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ:

  • ივანიშვილს არავინ მოუკლავს, განსხვავებით სააკაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელმაც 2006 წელს სანდრო გირგვლიანი მოკლა.

  • მას არავინ უწამებია და არავინ გაუუპატიურებია, რაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის მმართველობისას ქართულ ციხეებში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენდა.

  • ივანიშვილს არავისთვის ჩამოურთმევია ქონება ორდერის გარეშე. ის არავის უწევდა შანტაჟს, მას არავინ გაუტაცებია და არავისთვის ჩაუდია ნარკოტიკები.

  • ახალ პრემიერ-მინისტრს არ დაურბევია მშვიდობიანი მომიტინგეები, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2007 წლის ნოემბერში, არც პოლიციის სპეცრაზმი მიუსევია დამოუკიდებელი ჟურნალისტების საცემად და მათი აღჭურვილობის დასამტვრევად.

  • მას არ წაურთმევია სამაუწყებლო კომპანიები მფლობელებისთვის, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, ფსევდოკანონიერი მანევრების გამოყენებით.

  • თავისი თერთმეტთვიანი კამპანიის განმავლობაში ივანიშვილს არასდროს გაუცია ბრძანება მისი საარჩევნო ოპონენტების განადგურების შესახებ, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც ძველი პრემიერ-მინისტრის მტრების წინააღმდეგ კიბერშპიონაჟიც გამოიყენა და პოლიტიკურ ოპონენტებს $125 მილიონიანი ჯარიმებიც გამოუწერა.

    თავად Washington Post-ის ენით რომ ვთქვათ, თუ ვინმე გახდა "ბინძური ხრიკების" მსხვერპლი, ეს სწორედ ივანიშვილი იყო. ჩანს, მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს იყენებს - ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას უფრო სასტიკად განსჯის, ვიდრე ადამიანის უფლებათა აშკარა დამრღვევს, რომელიც ქართველებმა სულ ახლახან სხვაზე გასცვალეს.

ფაქტიურად, თუ სხვა თვალით შევხედავთ, სწორედ ივანიშვილის მთავრობას ჰქონდა გულუბრყვილო სურვილი ემოქმედა ისე, როგორც ამას დასავლური დემოკრატია გვკარნახობს: იქნებოდა ეს დაკავებულისთვის მისი უფლებების წაკითხვა, მისი ადვოკატისთვის დარეკვა თუ ჩვენებების გამოქვეყნება – ეს ის პროცედურულ სტანდარტებია, რომელთაც ადრე არ იცავდნენ. სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, საჯარო მომსამსახურეები, თვით სოფლის სკოლის მასწავლებლებიც კი, მისი პარტიისთვის მუშაობდნენ. "ქართული ოცნების" ახალმა მთავრობამ კი ყველა, ვისაც მინისტრის მოადგილეზე დაბალი თანამდებობა ეკავა, სამსახურებში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი, შესაძლოა, დღემდე ლოიალურია ძველი მთავრობისადმი. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წესრიგში მოიყვანს მთავრობას და 18 თვეში თანამდებობას დატოვებს. "ქართულმა ოცნებამ"კი, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, დაითხოვა კარგად ანაზღაურებადი ლობისტების არმია. სააკაშვილი არასდროს მოქცეულა ასე და ბოლოდროინდელ ქარიშხალზე პასუხისმგებლობაც სწორედ მის ლობისტებს უნდა დაეკისროს.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალ საბრძოლო ასპარეზს მიაგნო: ეს საერთაშორისო საზოგადოების აზრს. ისინი საქართველოს კანონიერად არჩეულ მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციას "აშავებენ", იმედოვნებენ რა, რომ ეს ქვეყნის შიგნით ახალი მთავრობის დამარცხების საფუძველი გახდება.

წაგებისას საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ორთაბრძოლის გადატანის ტაქტიკას ოპოზიციური მოძრაობები ხშირად იყენებენ. მაგრამ უფრო ხშირად ამ მეთოდს აქტივისტები მიმართავენ და რეპერესიულ მთავრობებს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში უჩივიან. აქ კი პირიქით ხდება: რეპრესიული მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან პოლიტიკური პროტესტის მონაწილეებზე ჩივის, რომელთაც სამართლიანად მოიგეს არჩევნები და რომელთა მიზანი იყო, გამოესწორებინათ სააკაშვილის უსამართლობა. საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ წყალს პირდაპირ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს.

არის კი მართლა ეს დაპატიმრებები ისეთი, როგორადაც მას Financial Times აღწერს - "წმენდა", "მზარდი კამპანია" და "დაპატიმრებების ტალღა"? ასეთივე პირი უჩანდა უოთერგეითის, მერე კი დრეიფუსის საქმესაც. სკანდალებმა მაშინაც ერთად იფეთქა, რადგან მთავრობა ცდილობდა ეს საქმეები მიეჩქმალა. მთავრობის წასვლას კი ბუნებრივია, დაპატიმრებების "კოკისპირული" და "ტალღა" მოჰყვა. როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიჩქმალული ბნელი საიდუმლოებები მჟღავნდება (ისევე, როგორც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" საიდუმლოებები გამომჟღავნდა ახლა), ხოლო ოპოზიცია კი მათზე რეაგირებას იწყებს, ეს შეიძლება წააგავდეს "ანგარიშსწორებას პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ", როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა დაიჩივლა. მაგრამ, საქმე ისაა, რომ კრიტიკოსები ამ შემთხვევაში თავად პოლიტიკის არსზე მოთქვამენ. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ბევრი რამ მიჩქმალა. ახლა, როდესაც გამოძიება დაიწყო, ისინი უსამართლო მოპყრობაზე ჩივიან. თუმცა, ეს ყველაფერი თავის დროზე ვიღაცას რომ არ დაემალა, ახლა აღარაფერი იქნებოდა გასამჟღავნებელი.

აქედან, თბილისიდან, დასავლური მთავრობების პროტესტებს უარყოფითად აღიქვამენ. ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს დასავლეთი ძველ მთავრობას უჭერს მხარს.

ეს შთაბეჭდილება მცდარია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის მთავრობამ საარჩევნო კამპანიისას, როდესაც ნაწილობრივ გაათავისუფლა ტელევიზია, წინ აღუდგა "ქართული ოცნებისათვის" ყველაზე მძიმე ჯარიმების დაწესებას, რომელიც მათთვის მმართველ რეჟიმს ჰქონდა გამზადებული და დაარწმუნა სააკაშვილი, მარცხი ეღიარებინა. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მანამ უნდა გამოსწორდეს, სანამ ქართველების მეხსიერებაში ჩაიბეჭდება.

დასავლეთთან შერწყმის ზერელე ენთუზიაზმის მიღმა, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა ნოსტალგიის, ანტიამერიკანიზმისა და ევროპისადმი უნდობლობის დიდი მარაგი. თუ ქართველები ირწმუნებენ, რომ მათ ბოლო მცდელობას, შეკედლებოდნენ დემოკრატიულ სამყაროს, უპატიოდ მოექცნენ, ზემოთ ნახსენები, ანაქრონისტული ელემენტები გაძლიერდება. საქართველოს ამჟამინდელი დემოკრატიული წინსვლა მეტად მყიფეა, ხოლო იმ ფაქტორთა შორის, რომელთაც შეუძლიათ ამ პროცესის კეთილი დასასრული განაპირობონ, ყველაზე მძლავრი ნატოსა და შეერთებული შტატების გავლენაა. ახლა იმის დრო არ არის, რომ ეს გავლენა შესუსტდეს.