საქართველოს ახალი ლიდერი წინამორბედივით არადემოკრატიულია? - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალი ლიდერი წინამორბედივით არადემოკრატიულია?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ნატოსა და ევროკავშირის დიდმოხელეებმა, რომელთაც პრესტიჟული გაზეთები უმაგრებდნენ ზურგს, ახალი მთავრობის დატუქსვა დაიწყეს, ვითომდა მისი არადემოკრატიული საქციელის გამო. Washington Post-ი წერდა, - რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ უკუსვლის მოწმენი ვხვდებითო, Economist-ი კი ამტკიცებდა, - ივანიშვილი ისე ცუდად იქცევა, როგორც მისივე თქმით, სააკაშვილიო".

ივანიშვილის მთავრობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალური პირების დაპატიმრება, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელ, ცალმხრივ პოლიტიკურ რეპრესიებს წააგავს. მაგრამ ეს საკითხი უფრო ყურადღებით განვიხილოთ:

ივანიშვილს არავინ მოუკლავს, განსხვავებით სააკაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელმაც 2006 წელს სანდრო გირგვლიანი მოკლა.

მას არავინ უწამებია და არავინ გაუუპატიურებია, რაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის მმართველობისას ქართულ ციხეებში ყოველდღიურად ხდებოდა.

ივანიშვილს არავისთვის ჩამოურთმევია ქონება ორდერის გარეშე, არავის უწევდა შანტაჟს, არავინ გაუტაცებია და არავისთვის ჩაუდვია ნარკოტიკები.

ახალ პრემიერ-მინისტრს არ დაურბევია მშვიდობიანი მომიტინგეები, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2007 წლის ნოემბერში, არც პოლიციის სპეცრაზმი მიუსევია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის.

მას არ წაურთმევია სამაუწყებლო კომპანიები მფლობელებისთვის, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა ფსევდოკანონიერი მანევრების გამოყენებით.

თავისი თერთმეტთვიანი კამპანიის განმავლობაში ივანიშვილს არასდროს გაუცია ბრძანება მისი საარჩევნო ოპონენტების განადგურების შესახებ, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც ძველი პრემიერ-მინისტრის მტრების წინააღმდეგ კიბერშპიონაჟიც გამოიყენა და პოლიტიკურ ოპონენტებს $125-მილიონიანი ჯარიმებიც გამოუწერა.

Washington Post-ის ენით რომ ვთქვათ, თუ ვინმე გახდა "ბინძური ხრიკების" მსხვერპლი, ეს სწორედ ივანიშვილი იყო. ჩანს, მსოფლიო ორმაგ სტანდარტს იყენებს - ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას უფრო სასტიკად განსჯის, ვიდრე ადამიანის უფლებათა აშკარა დამრღვევს, რომელიც ქართველებმა სულ ახლახან სხვაზე გაცვალეს.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალ საბრძოლო ასპარეზს მიაგნეს: ეს საერთაშორისო საზოგადოების აზრია. ისინი საქართველოს კანონიერად არჩეული მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციას "აშავებენ", იმედოვნებენ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ახალი მთავრობის დამარცხების საფუძველი გახდება. ანუ რეპრესიული მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩივის პოლიტიკური პროტესტის მონაწილეებზე, რომელთაც სამართლიანად მოიგეს არჩევნები და რომელთა მიზანი იყო სააკაშვილის უსამართლობის გამოსწორება. საერთაშორისო საზოგადოება კი წყალს პირდაპირ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს.

"ატლანტიკი", აშშ

იბეჭდეება შემოკლებით