DailyMail: "მონსტრის დღეობა" - როგორ აღიქვამს დასავლეთი ქართველების აღტაცებას სტალინის პერსონით? - კვირის პალიტრა

DailyMail: "მონსტრის დღეობა" - როგორ აღიქვამს დასავლეთი ქართველების აღტაცებას სტალინის პერსონით?

 

”ეს სურათები მტკიცებულებაა იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში დიქტატორ სტალინის ხსოვნას კვლავაც პატივს მიაგებენ. ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, ვინც წელს სტალინის დაბადებიდან 133 წლის აღსანიშნავად საზეიმოდ გამოეწყო და თანამოაზრეებთან ერთად ქუჩაში გამოვიდა." - წერს ბრიტანული DailyMail.

"სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა სტალინის 3 მეტრიანი მონუმენტიც კი აღადგინეს, ნიშნად მადლიერებისა დიქტატორისადმი, რომელსაც ისინი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხებისთვის სცემენ პატივს.

მონუმენტი ერთი წლის წინ წინა მთავრობამ ”ჩამოხსნა”, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიქტატორი ძალზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან და მოსახლეობას სტალინის მონუმენტების ჩამოშლისკენ მოუწოდა.

ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა კი, რომლის ერთ-ერთი მიზანია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, აცხადებს, რომ ისინი მონუმენტის აღდგენას არ ეწინააღმდეგებიან. მეტიც, მათ ასევე განაცხადეს, რომ გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, დიქტატორის მონუმენტის აღდგენის ხარჯებს სწორედ მთავრობა დაფარავს.

ფატიმა ფატიშვილი, ზემო ალვანის მკვიდრი: ”მე აქ მოვედი იმიტომ რომ მიყვარს სტალინი და მიყვარს ჩემი ხალხი. მახსოვს, როდესაც 12 წლის ვიყავი, როგორ ტიროდა ბებია სტალინის სიკვდილის გამო.”

მოსკოვში, სტალინისტებმა, თავიანთი ლიდერის, გენადი ჟიუგანოვის თაოსნობით, წითელ მოედანზე სტალინის საფლავი ყვავილებით შეამკეს. სტალინის დღეობა იზეიმეს რუსეთის სხვა ქალაქებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

პ.ს. სტატიაში მოყვანილი ფოტო Wall Street Journal-ის თვის ფოტოების ათეულში შევიდა, სათაურით A Kiss to Remember (სამახსოვრო ამბორი).

ვაჟა თავბერიძე (სპეციალურად საიტისათვის)