ცუგცვანგი ქართულად - სააკაშვილისთვის - კვირის პალიტრა

ცუგცვანგი ქართულად - სააკაშვილისთვის

"ცუგცვანგი ქართულად - სააკაშვილისთვის" - ასეთი სიმბოლური სათაურით გამოქვეყნდა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" პოლიტიკური მიმომხილველის, ალექსანდრ გრიშინის ანალიტიკური სტატია. გერმანული სიტყვა "ცუგცვანგი" (zugzwang) აღნიშნავს ჭადრაკში გამოუვალ სიტუაციას, როდესაც ნებისმიერი სვლა მდგომარეობას აუარესებს. ავტორის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა პრეზიდენტი სააკაშვილიც, რომლის უფლებამოსილებაც, ახალი მთავრობის მეოხებით, გრიშინის სიტყვებსვე თუ ვიხმართ, "შაგრენის ტყავივით ილევა".

მსოფლიოს ქვეყნების პირველი პირების საახალწლო მიმართვები თავისი მოქალაქეებისადმი, სხვადასხვაგვარია ხოლმე: ვლადიმირ პუტინმა ახალი წლის ღამეს განაცხადა, - რუსეთის ხალხს წინსვლა მხოლოდ ერთად შეუძლიაო. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანელებს შეატყობინა, კრიზისის დასრულება ჯერ კიდევ შორს არისო, ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა, ბოლო ოცი წლის მანძილზე, პირადად პირველად მიმართა ხალხს და მათ კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებისკენ მოუწოდა.

საქართველოში კი მოსახლეობას პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიმართა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. გასაგებიც არის: 2013-ში პრეზიდენტის უფლებამოსილების მეტი წილი მინისტრთა კაბინეტზე გადავა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრზე. საახალწლო მიმართვებში სააკაშვილმა და ივანიშვილმა ურთიერთბრალდებები არ დაიშურეს. დასამალი არ არის, რომ სააკაშვილს ეს რეფორმები სათავისოდ ჰქონდა შეგულებული, რადგან 2013 წელს საპრეზიდენტო ვადა ეწურება, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მისმა პარტიამ გამანადგურებელი მარცხი იგემა. პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში ივანიშვილის "ქართული ოცნება" ოპონენტების დევნასა და დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ახალი წლის შესახვედრად ავღანეთში, ქართულ კონტინგენტთან გაფრინდა.

ივანიშვილმა წინასაახალწლო მიმართვაში 2012 წელი "სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების წლად" გამოაცხადა, ხოლო 1-ელ იანვარს შემრიგებლური განცხადებით გამოვიდა: - პროცესი დასრულებულია, სიცრუისა და ძალადობის სისტემა დამარცხებულია, ახლა ყველას უნდა ვაპატიოთ, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდა ამ სისტემაში და ამნისტიის მსგავსი რამ უნდა მოვიფიქროთო.

რა მოხდა? ნუთუ ევროპარლამენტისა და ოკეანისგაღმურმა გაფრთხილებებმა იმოქმედა - ივანიშვილის მთავრობა იანუკოვიჩს არ დაემსგავსოს და მიშა იულიად არ აქციოსო. ან იქნებ ევროინტეგრანტებისა და გრანტებით მომმარაგებელთა მრისხანე შეძახებებმა შეაშინა?.. მაგრამ, როგორც ეტყობა, არც ისე მარტივად არის საქმე - განა ასე იოლი გადასაწყვეტია, ერთი შეხედვით არც ისე რთული ორსვლიანი საჭადრაკო ამოცანის ამოხსნა? ან, არის კი ის ორსვლიანი? ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილი გაცილებით ეშმაკურ კომბინაციას ათამაშებს. საკმარისია იმის გახსენებაც კი, რომ ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების წუთიდან, სააკაშვილის უფლებამოსილება შაგრენის ტყავივით ილევა და მალე ალბათ ლეღვის ფოთოლს დაემსგავსება.

სააკაშვილს ჯერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვება მოსთხოვეს, მერე ერთ-ერთი საპრეზიდენტო თვითმფრინავი ჩამოართვეს და პირადი დაცვაც შეუმცირეს.

შესაძლოა, ივანიშვილის გუნდი ამას საგანგებოდ აკეთებს სააკაშვილის თავმოყვარეობის შესაბღალად, რათა მან პარლამენტის დაშლა გადაწყვიტოს და ახალი არჩევნებიც დანიშნოს.

იკითხავთ, რად სჭირდება "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნებიო. გამოცანა მარტივია. ივანიშვილს ახლა ქვეყნის მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. ამ ფონზე სააკაშვილის პარტიამ შეიძლება 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს ან უმნიშვნელო ფრაქციის სახით შევიდეს პარლამენტში. ამ პირობებში ძველი გუნდის რეპრესიები "დევნილთა" ავტორიტეტს აამაღლებს. უმეტესობა, ალბათ, სასამართლოს ვერ ასცდება, მაგრამ განაჩენი თვალში საცემად რბილი და ჰუმანური იქნება, რაც, ერთი მხრივ, ივანიშვილის ინტერესებშიც შედის და, მეორე მხრივ, აშშ-ისა და ევროკავშირის ფუნქციონერთა თავმოყვარეობასაც დაამშვიდებს.

სააკაშვილს, რასაკვირველია, შეუძლია, თავი მოიტყუოს, მაგრამ მგონი, დროა, თვალი გაუსწოროს სიმართლეს - ხომ დასძლია პარლამენტმა  პრეზიდენტის ვეტო კანონზე პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ, რაც რუსეთის სასარგებლოდ "შპიონაჟში" ბრალდებებს უშუალოდ ეხება...

"კომსომოლსკაია პრავდა", რუსეთი