The guardian - ინდური მიგრაცია საქართველოში - კვირის პალიტრა

The guardian - ინდური მიგრაცია საქართველოში

The guardian-ში ჯეისონ ბურკის ერთობ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, სადაც მოთხრობილია უკანასკნელ ხანებში ტენდენციად ქცეულ ინდურ ინვესტიციებზე საქართველოში. ამჯერად, როგორც ჩანს ინდოელების სამიზნე არა აფთიაქები, წვრილმანების მაღაზია და რესტორანი, არამედ უშუალოდ ქართული მიწა გახდა. "კვირის პალიტრა" სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

მზე ჩადის, საქონელი საძოვრებიდან უკან, ფერმებში ბრუნდება, როცა ტელეფონის ზარი გაისმის, ბოლივუდური საუნდტრეკია. ტაჯინდერ სინგჰი ურეკავს სარპანჩის – მანოჩაჰალის არჩეულ თავკაცს. მანოჩაპალი მისი მშობლიური სოფელია და დასავლეთ ინდოეთის საზღვრიდან 30 მილში მდებარეობს.

38 წლის სინგხი ერთ-ერთია ფერმერთა იმ ახალი ტალღიდან, რომლებიც მსოფლიოს მეტად უჩვეულო მიგრაციის პიონერები არიან. ბოლო ხანებში მზარეულად მუშაობისას დიუსელდორფში, მან საქართველოში ათასობით ჰექტარი ნოყიერი მიწების არსებობის შესახებ შეიტყო, რომლებიც მუშახელის ნაკლებობის გამო დაუმუშავებელია.

კონტრასტი საქართველოსა და მისი მშობლიური პენჯაბის მოსახლეობასა და მიწის მაღალ გადასახადებს შორის, გასაოცარი იყო. ასე რომ, ორი თვის უკან, ის და მისი ორი მეგობარი ამსტერდამიდან თბილისში, საქართველოს დედაქალაქში გაფრინდნენ, 50 ჰექტარი მიწის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად. უკან დაბრუნებულმა სინგხმა განაცხადა, რომ ბედნიერი იყო გადასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოდნავაც ვერ გარკვეულიყო თავისი ახალი ადგილსამყოფელის გეოგრაფიაში.

"ერთ ჰექტარში 950 დოლარს ვიხდით და 99-წლიანი იჯარით ვიღებთ. პენჯაბში ამ ფასად ვერ იყიდი იგივეს. დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა, ფერმა ჩრდილოეთით მდებარეობს თუ სამხრეთით, თუმცა ის თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება", - ამბობს სინგხი.

სინგჰი და მისი კოლეგები ერთადერთი არ არიან, ვინც პენჯაბიდან საქართველოში გადაბარგდნენ. ასეთი ფერმერების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ინდოეთის მთავარ ქალაქებში, როგორიც მაგალითად ჯალანდარია, აგენტები საქართველოს მიწებისა და იქ ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.

"ეს ყველაფერი რამდენიმე ხნის უკან დაიწყო, თავიდან ათამდე იყვნენ. შესაძლოა, ახლა ასობით არიან. თუ ერთხელ გავრცელდა ხმა, რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ჩემთან პასპორტებისთვის მოდიან. ახალ საძოვრებს ეძებენ", - ამბობს სოდჰი, ჩინოვნიკი, რომელიც სავიზო დოკუმენტებს გასცემს ამრისტარში, მანოჩაჰალის უახლოეს ქალაქში.

პენჯაბელი ფერმერები კარგა ხანს ეძებდნენ ახალ მიწებს ქვეყნის საზღვრებს იქეთ. მანამდე მიგრანტეთა ახალი ტალღა კანადისკენ დაიძრა, სადაც ათასობით ფერმა იყო თავისუფალი. უფრო ახლო წარსულში პენჯაბელი ფერმერები ათასობით ჰექტარ მიწებს უკრაინაში, უზბეკეთსა და აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ყიდულობდნენ ან ქირაობდნენ .

"პანჯაბელი ხალხი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. ისინი ძალიან რისკიანები და ინიციატივიანები არიან", - ამბობს სოდჰი.

საზღვარგარეთ ნაშოვნ ფულს ფერმერები ხშირად ისევ სახლში, მიწების შესაძენად აგზავნიან. ინდოეთში მოღვაწე ქართველი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ საქართველოში ახალჩასულები, შესაძლოა, იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

"ჩვენ არ ვუბიძგებთ მათ წასვლას. ისინი საკუთარი სურვილით მიდიან. საქართველოში მიწებს კერძო პირები ყიდიან. ამისთვის ქვეყანას რაიმე სპეციალური პროგრამა არა აქვს", - განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა ჩინოსანმა გასულ კვირას.

საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის პირდაპირ დასაკუთრება კანონით დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით იაფია, ნაკლებად ბარაქიანი, როგორც ამას ხშირად აცხადებენ, - აღნიშნა მეორე მაღალჩინოსანმა. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული პროექტი – მოეზიდათ ფერმერები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკიდან, ჩავარდა.

თუმცა, ენთუზიაზმის ჩახშობის მცდელობას, ნაკლებ სავარაუდოა, სწრაფი ეფექტი ჰქონდეს. "მიწაზე დიდი მოთხოვნაა და უნდა ითქვას, რომ ნოყიერი და კარგად მორწყულია მიწაა, - ამბობს გოკულ პატნიაკი, გლობალური სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, - ეს მექანიზირებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა, მაგრამ პენჯაბი ინდოეთის ერთადერთი ადგილია, სადაც ტრაქტორები ფართოდ გამოიყენება. ასე რომ, არა მგონია ბევრი პრობლემა შეიქმნას".

კულტურული სრუტე, რომელიც კავკასიასა და დასავლეთ ინდოეთს ჰყოფს, არ წარმოადგენს დაბრკოლებას სინგჰისთვის. "მომწონს იქაური საჭმელი და ძალზე მეგობრული ხალხი, - ამბობს სინგჰი, თუმცა აღიარებს, რომ ერთგვარი "გამოწვევაა" არ ილაპარაკო ქართულად ქვეყანაში, სადაც თითო-ოროლა თუ საუბრობს პანბურ ენაზე.

ზოგიერთი პენჯაბელი, სოფლიდან მასობრივი გადინების გამო, საუკუნოვანი ცხოვრების წესის განადგურებაზე შიშობს. დალვინდერ სინგჰი, მანოჩაჰალის თავკაცი, არ ფიქრობს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფერმერი მიჰყვება თავისი მეზობელს საქართველოში, თუმცა:

"შენ სხვა ქვეყანაში ამუშავებ მიწას, ოფლს ღვრი, ძალებს არ იშურებ, თუმცა ის მხოლოდ 99 წელი გეკუთვნის შენ. რა იქნება მერე? ჩემს კუთვნილ მიწას აწ მამაჩემი, მისი მამა, მისი პაპა და წინაპრები ამუშავებდნენ. და რას ცვლის ეს?"

მარი ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)