New York Times : საქართველო 190 პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეულ ადამიანს - კვირის პალიტრა

New York Times : საქართველო 190 პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეულ ადამიანს

იბეჭდება შემოკლებით:

გაზეთი"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ კვირას ციხეები 190-მა პატიმარმა დატოვა, გასულ წელს ახალი პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის თანახმად.

"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა კანონის მიღებას, თუმცა პარლამენტმა დაძლია ვეტო. ამნისტიის შესახებ კანონი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულებაა, რომელმაც პირობა დადო, რომ გადაჭედილ ციხეებში პატიმართა რაოდენობას შეამცირებდა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს გაათავისუფლებდა.

"ვფიქრობდი, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა", თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა დავით მესხიძემ, ყოფილმა სამხედრო ინჟინერმა, მას შემდეგ, რაც თბილისის შემოგარენში მდებარე ციხე დატოვა და საკუთარ დას გადაეხვია.

გათავისუფლებულთა შორის არიან პატიმრები, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამხედრო ამბოხში, რუსეთის ჯაშუშობასა და ქვეყნის ღალატში, - წერს გაზეთი.

ამნისტიის კანონის თანახმად, ორი თვის განმავლობაში ციხეებს დატოვებენ ასევე არაპოლიტიკური ნიშნით გასამართლებული პატიმრები. მთლიანობაში დაახლოებით 3 ათასი, სასჯელი კი 14 ათასზე მეტ მსჯავრდებულს შეუმცირდება.  შარშან, საპარლამენტო კომისიამ პატიმრების 190-კაციან ჯგუფს, რომლებიც კვირას გათავისუფლდნენ, პოლიტიკური პატიმრების სტატუსი მიანიჭა და ისინი პირველები გაათავისუფლა. ყველა მათგანი ყოფილი მთავრობის ოპონენტი იყო. ბ-ნი სააკაშვილი კატეგორიულად არ დაეთანხმა მათ, ვინც განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა: "ახალმა მთავრობამ დღეს რუსეთის აგენტები გაათავისუფლა", განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში. "ახლა ყველა ფიქრობს: "რა კარგია, რომ ადამიანები გათავისუფლდნენ", მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არ ვიცოდე ის, თუ რა შეიძლება მოყვეს ამას."

ოპოზიციაში პრეზიდენტის სკეპტიციზმს არ იზიარებენ.

"დღეს ჩვენ სინდისი მოვწმინდეთ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა და ამნისტიის კანონის ავტორმა, - ეს ადამიანები სააკაშვილის პერსონალური პატიმრები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აღარ ჰყავს პოლიტიკური ტყვეები და შეგვიძლია განცახადოთ, რომ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი ვართ".

გათავისუფლებულ პატიმართა შორისო რუსეთის ორი მოქალაქეა. ერთ-ერთი მათგანი 50 წლის პავლე ბლიაძეა, რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს.

"საქართველოში სამი თვით ჩამოვედი დასასვენებლად და სამი წელი ციხეში აღმოვჩნდი, - განაცხადა ბლიაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა მომთხოვეს, კამერების წინ მეთქვა, რომ სამხედრო ამბოხებისთვის ფული ჩამოვიტანე. მე უარი ვთქვი, რის გამოც ციხეში გამომაწყვდიეს".

მარი ჯავახიშვილი (სპეციალურად სატისთვის)