ნათლია და ნათლიმამა ერთმანეთს კიევში შეხვდნენ - კვირის პალიტრა

ნათლია და ნათლიმამა ერთმანეთს კიევში შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი კიევში თავის უკრაინელ კოლეგას, ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, აგრეთვე ბატონი იუშჩენკოს სამდივნომ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს "მეგობრული" უწოდეს და არა "სამუშაო", როგორც ამას ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები აცხადებენ - ქართველი ლიდერი ხომ უკრაინელი ლიდერის მხოლოდ კოლეგა არ არის, ისინი ნათელმირონით არიან დაკავშირებულნი, ვიქტორ იუშჩენკო პატარა ნიკოლოზ სააკაშვილის ნათლიაა.

კარს მიღმა საუბრის შემდეგ პრეზიდენტებმა მოლაპარაკება გაფართოებული შემადგენლობით გააგრძელეს, შემდეგ ყვავილებით შეამკეს უკრაინაში შიმშილობის დროს დაღუპულთა მემორიალი, გახსნეს კიევში საქართველოს საელჩოს შენობა, ბოლოს, ჟურნალისტებსაც შეხვდნენ.

ბრიფინგზე ვიქტორ იუშჩენკომ პირველ რიგში განაცხადა, - ბატონ სააკაშვილთან მჭიდრო კონტაქტი მაქვს, ორ წელიწადში ათჯერ მაინც შევხვდი. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობრული დამოკიდებულებაო.

ჩანს, ხშირი შეხვედრების შედეგია, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ორი მთავარი რევოლუციონერის, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს.

საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხთან თავისი სიახლოვის ხაზგასასმელად შესავალი სიტყვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა, მერე ინგლისურზე გადავიდა. ორივე ლიდერმა დემონსტრაციულად უარი თქვა რუსულ ენაზე, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებდათ პრესასთან ურთიერთობას. თუმცა წყაროს თქმით, დახურულ შეხვედრაზე ისინი სწორედ რუსულად საუბრობდნენ.

სააკაშვილისა და იუშჩენკოს აღიარებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მოსკოვთან უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის პრობლემა. "ჩვენი პოზიცია უცვლელია - უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა ბატონმა იუშჩენკომ.

საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც მან თბილისს შარშანდელი ომის დროს გაუწია და ახლაც უწევს. შეგახსენებთ: როცა აგვისტოს კონფლიქტის დროს რუსეთის გემები სევასტოპოლიდან საქართველოსკენ დაიძრნენ, ვიქტორ იუშჩენკო შეეცადა, მათთვის ხელი შეეშალა. კონფლიქტის პერიოდში უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ჩასვლას მიხეილ სააკაშვილმა "გმირული საქციელი" უწოდა. "მისი თვითმფრინავი შეიძლება სწორედ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რომელიმე გემს ჩამოეგდო, ქართველი ხალხი ამას არ დაივიწყებს," - თქვა მ. სააკაშვილმა.

საქართველოს მასმედიის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად რუსეთის საკითხი აინტერესებდათ. ერთმა თბილისელმა ჟურნალისტმა ბრიფინგზე ვ. იუშჩენკოს ჰკითხა, რას იტყვით იმაზე, თითქოს რუსეთი უახლოეს ხანში აპირებს შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებას რამდენიმე ავიამზიდითო. იუშჩენკომ უპასუხა, - შავი ზღვის ფლოტი უკრაინას 2017 წლის შემდეგ დატოვებს. ვიმედოვნებ, მოსკოვი შეთანხმებას შეასრულებს, მანამდე კი რუსი სამხედროების რაოდენობა ყირიმში არ გაიზრდებაო.

გამორიცხული არ არის, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს თანასწორ პოლიტიკურ სტატუსში უკანასკნელი შეხვედრა. გაისად იანვარში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და იუშჩენკოს ხელმეორედ არჩევას ჯერჯერობით პირი არ უჩანს, რეიტინგი საკმაოდ დაბალი აქვს - 8%. მის მთავარ კონკურენტებს - რეგიონების პარტიის ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს მხარს უჭერს ამომრჩევლების 36,5%, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კი 20,8%.