"მზად ვარ, ხვალვე დავიწყო ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკამათო ეკლესიების რესტავრირება" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, ხვალვე დავიწყო ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკამათო ეკლესიების რესტავრირება"

"პირადად მე, ჩემი გუნდი, კულტურის მინისტრი, ინტელიგენცია, ეკლესია - არ შევშინდებით და არ შეგვრცხვება, თუ დადასტურდება ამ ეკლესიების სომხური წარმომავლობა და გარწმუნებთ, არც პროცესს შევაფერხებთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა "რადიო თავისუფლების" სომხეთის სამსახურის წარმომადგენელ სარქის არუთუნიანს.

- როგორ შეაფასებთ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და რა პერსპექტივებს ხედავთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში?

- ვფიქრობ, დღეს სომხურ-ქართული ურთიერთობა ნორმალურად, კარგადაც კი  შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენი ქვეყნების მომავალზე ვისაუბრეთ თქვენმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მე. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა იდეალური, მეტიც, მისაბაძი გახდეს. მეც და საქართველოს ახალი მთავრობაც ამას ვესწრაფვით. იგივე ვიგრძენი სომხეთის ხელისუფლების - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად მთავრობისგან.

- ბოლო დღეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამებს სკანდალი მოჰყვა. რა პოზიცია აქვს საქართველოს ამასთან დაკავშირებით? ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ საქართველოს უფრო მეტად ესმის აზერბაიჯანული მხარისა.

- ჩვენ ორივე მხარის გვესმის და ვფიქრობთ, რომ მოხდა ტრაგედია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს განცხადებებს, რათა რაიმეს არ შევუშალოთ ხელი. აზერბაიჯანში ვიყავი და პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრე. ვიცი მათი პოზიცია. ვკითხე მათ, დაინტერესებული არიან თუ არა, რომ ეს საკითხი სომხეთმა წამოსწიოს. მოხარულებიც კი ვიქნებოდითო, - მიპასუხეს. ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსაც კი და, სამწუხაროდ, ვიგრძენი, რომ ჯერჯერობით პოზიციები განსხვავებულია. აზერბაიჯანისა და სომხეთის პოზიციებს ვგულისხმობ. ჩვენ ახლო მეგობრები და მეზობლები ვართ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი კი არ შევუშალოთ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, არამედ შევუწყოთ. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში ამ პრობლემაზე მხოლოდ საუბარი მოვახერხე. ჩემი სურვილი და მოწოდება ორივე ქვეყნის მიმართ იქნება, რომ ეს პრობლემა მეზობელმა სახელმწიფოებმა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.

- პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრს ლაპარაკობდა ჯავახეთში რეფორმებზე. თქვენს მთავრობას თუ აქვს ამასთან დაკავშირებული რაიმე გეგმები?

- ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჯავახეთში, რათა იქ მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სამშობლოში. სწორედ ამიტომ ჩავედი მათთან და ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სომხეთის დიასპორას - საქართველოს ისტორიაში არჩევნებში ოპოზიციას მანამდე არასდროს მიუღია ამდენი ხმა ეთნიკური სომხებისგან. მე ბევრ რამეს დავპირდი მათ და გარანტიას ვიძლევი, რომ "ბურთი" ჩემს მხარესაა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. უპირველესად, მათ თავიანთ მომავალს მისცეს ხმა. ყველაფერს გავაკეთებ, დაპირებულზე მეტსაც კი, რათა მათ ღირსეულად იცხოვრონ.

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა რაიმე სტატუსი სომხურ ეკლესიას საქართველოში?

- მთავარია, რომ ყველაფერზე ვსაუბრობთ. მე თქვენს პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ვესაუბრე იმ საკითხებზე, რომელიც ორივე მხრიდან არსებობს. ვფიქრობ, ახალი ინიციატივაც კი წამოვჭერი, რაზეც იხუმრეს, - ინიციატივა დასჯადიაო. მზად ვარ, დავისაჯო-მეთქი, - ვუპასუხე. სანამ ორივე მხარის წარმომადგენელი კომისია ეკლესიის წარმომავლობაში გარკვევას ცდილობს (სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ცდილობენ და ვერაფრით გაარკვიეს), მე წამოვჭერი ინიციატივა და ვთქვი, რომ დიდი ხნის წინ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით, რომლის მეშვეობითაც აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა საქართველოში არქიტექტურის 500-ზე მეტ ძეგლს, მიუხედავად იმისა, როდის ვაღიარებთ ამ ეკლესიების წარმომავლობას, მზად ვარ, ხვალვე დავიწყო ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკამათო ეკლესიების რესტავრირება. სწორედ ამ ფონდის დახმარებით უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები ორი მათგანისა, რომელზეც სომხები საუბრობენ. კომისიის მუშაობის პარალელურად, შეგვიძლია დავიწყოთ არქეოლოგიური სამუშაოებიც, რომლის დასაფინანსებლადაც მზადაა ეს ფონდი. მოხარული ვიქნები, თუ ეკლესიები აღდგება, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის - სომხეთს თუ საქართველოს.

ჩემი აზრით, ინიციატივა მოიწონა სომხეთის პრეზიდენტმაც. ალბათ, რამდენიმე დღეში ჩვენ შევქმნით ორივე მხარის წარმომადგენლობით კომისიას, დავიწყებთ ამ ძეგლების აღდგენას, პარალელურად კი დავადგენთ მათ წარმომავლობას. პირადად მე, ჩემი გუნდი, კულტურის მინისტრი, ინტელიგენცია, ეკლესია არ შევშინდებით და არ შეგვრცხვება, თუ დადასტურდება ამ ეკლესიების სომხური წარმომავლობა და გარწმუნებთ, არც პროცესს შევაფერხებთ.

- როგორ ფიქრობთ, გაიხსნება თუ არა აფხაზეთის სარკინიგზო ხაზი?

- აუცილებლად გაიხსნება. ამ საკითხს დღეს ორჯერ თუ სამჯერ შევეხეთ. გვესმის, რომ სარკინიგზო ხაზის დაკეტვა დიდ განსაცდელს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. სამწუხაროდ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ვფიქრობ, რუსეთი გაგებით ეკიდება ამ საკითხს. არის დადებითი სიგნალებიც ჩვენი ძმების, აფხაზებისგან. ორ ქვეყანას შორის ტერიტორიების საკითხის გლობალური გადაჭრა არც ისე სწრაფად მოხდება, თუმცა მზად ვარ, თანდათანობით, რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების, ასევე სარკინიგზო კავშირის აღდგენის გზით, მოვაგვაროთ ეს გლობალური პრობლემა. საამისოდ ჩვენ მზად ვართ. საჭიროა, რომ სხვა მონაწილეებმაც გამოთქვან მზადყოფნა და ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი სწრაფად მოგვარდება.

- რას იტყვით სარკინიგზო პროექტ ყარსი-ახალქალაქი-თბილისის შესახებ?

- ნებისმიერი ახალი გზა ხელს უწყობს ქვეყნების მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. შესაბამისად, მხარს ვუჭერ ამ მშენებლობას. ჩემს პირველ ინტერვიუში ვთქვი, რომ ამ პროექტში არსებობს ეკონომიკური საკითხები, რაც ჩვენმა ჟურნალისტებმა აიტაცეს და თქვეს, რომ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვაკეთებ. თუმცა, ახლაც გავიმეორებ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. თუმცა, დასაწყისში შესაძლოა, წარმოიშვას რაიმე სახის ეკონომიკური საკითხები, ძველი სარკინიგზო ხაზი სრულად ვეღარ დაიტვირთოს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ძნელი არ იქნება. ნებისმიერ დამატებით გზებს, ნებისმიერ მოწოდებას უნდა მივესალმოთ. ვიცი, რომ ამჟამად სარკინიგზო ხაზი გაგყავთ ირანისკენ. შეხვედრაზე ამის შესახებაც ვისაუბრეთ.

- როგორც შევიტყვეთ, საქართველოს პრეზიდენტად კენჭის ყრას აპირებს ბატონი ალასანია...

- ის, რომ ალასანიას პრეზიდენტობა უნდა, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ გავრცელებული ხმებით ვიცი. თავად მას არაფერი უთქვამს და არც კოალიციას  განუხილავს ეს საკითხი. თუმცა, თუ სურს, აქვს ამის უფლება. მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება ისეთი მძაფრი და მნიშვნელოვანი, როგორიც საპარლამენტო იყო. ჩემი აზრით, რამდენიმე თვის შემდეგ კოალიციაში განვიხილავთ ამ საკითხს და დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. სავარაუდოდ, კოალიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდება. ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. თუმცა, ჯერ ეს საკითხი ღიად გვაქვს და სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზადაც არ ვართ.

რადიო "თავისუფლება", აშშ