The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი - კვირის პალიტრა

The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი

ამერიკული გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს ანა ნიმცოვას სტატიას, სათაურით "საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი".

ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ, პირველად, ესაუბრა საკუთარ მტერს: რუსეთს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მისაღებში მიუახლოვდა. მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს, თუმცა უცნობია, რაზე. ექსპერტებმა იმავე წუთს დაიწყეს სპეკულირება იმით, რომ საქართველო რუსეთის ბანაკში გადაბარგების გზას ადგა. "არავითარ შემთხვევაში, - განაცხადა ივანიშვილმა მოგვიანებით ამის თაობაზე, - მე ყოველთვის საქართველოს ბანაკში დავრჩები".

დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილი, რომლის ქონება 6 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც თავისი ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება, არავის მხარეს იდგა, გარდა საკუთარისა. თავისი ექსტრავაგანტური შუშის კოშკიდან, რომელიც მისი საცოხვრებელი სახლია, საქართველოს უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი ცოტა ხნის წინ თჰე Dაილყ Bეასტ-ს "წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ყველაზე ჩახლართული პოლიტიკური კვანძების გახსნის" საკუთარ პრიორიტეტზე ესაუბრა. საქართველოს ახალი ლიდერი განდეგილობით, მოულოდნელი განცხადებებითა და უცნაური გადაწყვეტილებების მიღებით არის ცნობილი: მან უფასოდ დაურიგა მანქანები საკუთარ თანასოფლელებს და 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო ყოველწლიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ მას "ძალიან არ მოსწონდა პოლიტიკა". თუმცა, ერთი წლის წინ, მისმა მეუღლემ და უფროსმა შვილმა დაარწმუნეს დარჩენილიყო საქართველოში, როცა ის იყო საფრანგეთში უნდა გადაბარგებულიყო. მალე ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიას, სახელად "ქართული ოცნება" ჩაუდგებოდა სათავეში. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80% ამბობს, რომ მოსწონთ მილიარდელი, 55%-მა კი ხმა მისცა მის პარტიას და საქართველოს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას, სადაც მმართველი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. ასე რომ, მოულოდნელად ის საქართველოს ლიდერი გახდა.

"საქართველო მხოლოდ იმიტომ არ დავტოვე, რომ არ შემეძლო ქვეყნის მართვის უფლება მიმეცა ადამიანისთვის, რომელსაც ის არ უყვარს", - ამბობს ივანიშვილი პრეზიდენტზე, რომელსაც საჯაროდ მოიხსენიებს დამცინავად, როგორც "ნიჭიერ მატყუარას", საქართველოს პროდუქტის ერთ დროს ყველაზე დიდ იმპორტიორთან - რუსეთთან ურთიერთობის არევისთვის. როგორც ივანიშვილი აცხადებს, სტრატეგიულ პრიოტეტებად რჩება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ისევე, როგორც მშვიდობის დამყარება რუსეთთან.

ივანიშვილის დილა იოგათი იწყება გამთენიისას, 5 საათზე, რაც ძალიან ადრეა გვიანობამდე ძილისმოყვარული ქართველებისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრ მედვედევის დარად (რომელმაც სულ ახლახან შეზღუდვები დააწესა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაზე), ივანიშვილიც, როგორც თავად ამბობს, ჯანსაღი, თამბაქოსა და ნარკოტიკების გარეშე ცხოვრების მოყვარულია. მილიარდელი ქვეყანას თავისი შუშის სასახლიდან მართავს, რომელიც იაპონელ არქიტექტორს შინ ტაკამაცუს ეკუთვნის. სახლს 1 მილიარდზე მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშები ამშვენებს, რომელთა შორისაც ლუსიან ფროიდისა და როი ლიხტენშტაინის ნამუშევრებიცაა. კერძო კომპლექსი თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულშია, სადაც სპორტის მიმდევარ მინისტრს ფეხით დიდხანს სეირნობა უყვარს. "მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ, როგორ აღიზიანებს და აფრთხობს სააკაშვილსა და მის მეგობრებს, მაინც გავაგრძელებ რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელი ნაბიჯების გადადგმას, - დაპირებას იძლევა ივანიშვილი, - რუსეთთან, ჩვენს უდიდეს მეზობელთან, მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკისთვის".

საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ფიგურა დღესდღეობით ერთმანეთს უპირისპირდება. "ქართული ოცნების" გამარჯვებულებმა დამარცხებული პრეზიდენტი (რომელიც პოსტზე შემოდგომამდე დარჩება) და მისი გარემოცვა მილიონობით სახელმწიფო დოლარის მოპარვასა და ასობით პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაში დაადანაშაულა. ათასობით მომიტინგე ყოველ დღე სააკაშვილის რეზიდენციასთიან და ქალაქის მოედანზე იკრიბება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამასობაში კი, სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, დადანაშაულოს ივანიშვილის მთავრობა "შერჩევითი სამართლისთვის" და "პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმების" ძალისხმევისთვის.

გასული წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, წარმატებისთვის, ახალმა მთავრობამ ქვეყანაში არსებული უმუშევრობის კრიზისი უნდა გადაჭრას, რომელიც ბევრ რეგიონში 70%-ს აღწევს. "ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ რეგიონში რთულია, ბევრი სოფელი ნახევრადცარიელია, ბევრი ადგილობრივი მცხოვრები კი ძირითადად პატარა ფერმების მოვლით არის დაკავებული", - აცხადებს საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენელი ლოურენს შითსი.

ივანიშვილის მშობლიური სოფელი ჭორვილაც, სადაც მილიარდელმა გაარემონტა ყველა სახლი და წლების განმავლობაში ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს და დაავადებულებს, დღესდღეობით დაღვრემილია. კვირის დასაწყისში, პატარა საცხობთან რამდენიმე მთვრალმა და უიმედო გლეხმა მოიყარა თავი. ბევრ მათგანს ჭუჭყიან ქუჩებში ძროხების გასეირნების მეტი საქმე არ აქვს. "ჩვენი სოფლელების მხოლოდ 5%-ს აქვს სამუშაო ივანიშვილის კერძო საკუთრებაში ან მშენებლობაზე", - განმარტავს სოფლის ადმინისტრატორი, ვეფხია ივანიშვილი, პრემიერის შორეული ნათესავი. თუმცა, ჭორვილას იღბლიანმა მკვიდრებმა ივანიშვილის მიერ აგებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე შეღავათები მიიღეს. პრემიერ-მინისტრი 3 ათას დოლარს ჩუქნის სოფელში ყველა ახალდაქორწინებულს და 2 ათას დოლარს ყველა გარდაცვლილის ოჯახს. საქართველოს მასშტაბით გაღებული ქველმოქმედების დარად, ქველმოქმედებამ აქაც ერთგულება მოიტანა და არა აყვავება. მისი ერთ-ერთი მეზობელი, 58 წლის ნიკო მჩეტკიშვილი ამბობს, რომ უკანასკნელად 1990-იანი წლების ბოლოს კოლექტივის ფერმაში მუშაობდა. ის დიდი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და საქართველო მშვიდობას დაამყარებენ: "თითოეულ ქართულ ოჯახს ენატრება რუსეთში მცხოვრები ნათესავები და თითოეული ქართველი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი გადაჭრის პრობლემებს სეპარატისტული ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებთან".

ახალი პრემიერ-მინისტრი დიდ ინტერესს გამოხატავს სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად, ამ მიზნით მთავრობამ სამი საინვესტიციო ფონდი შექმნა. "ჩვენ 75%-იანი ინვესტიციით გავუწევთ დახმარებას ნებისმიერს, ვისაც აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარების გეგმა და 25%-იან ინვესტირებას გაიღებს", - ამბობს ივანიშვილი The Daily Beast -თან საუბრისას. ახალი სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების 606 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდი, დაპირებას იძლევა, დაბალპროცენტიანი სესხი მისცეს ფერმერებს და საქართველო გემრიელი ბოსტნეულითა და ხილით სავსე ორგანულ სამოთხედ აქციოს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ ივანიშვილმა 1990-იან წლებში რუსულ ბიზნესში მილიარდობით დოლარის შოვნა და თავისი ბიზნესის თითქმის 1 მილიარდად გაყიდვა მოახერხა, ის მოახერხებს ცხოვრების გაუმჯობესებასა და საქართველოს გატეხილი ნაწილების გამთელებას. გაღიზიანებული სკეპტიკოსები კი ამბობენს, რომ რუსეთის პრეიზდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, ივანიშვილი ამ საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს და მისი ეკონომიკური გეგმის მთავარ ნაწილ - სოფლის მეურნეობის აყვავება - მცირე ბაზარი ექნება.

2008 წლის ომიდან ბოლო ოთხი წელიწადში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე მასიური ბაზები ააგეს. აფხაზეთი, რომელიც რუსეთმა და რამდენიმე ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების არანაირ ნიშანს არ იძლევა, თუმცა ივანიშვილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - გასულ კვირას მან პირობა დადო აღადგინოს აფხაზეთის სარკინიგზო გზა, რომელიც ქართველებსა და მათ პროდუქტს მოსკოვში გადაიყვანს სეპარატისტული რეგიონის გავლით. ის აღიარებს, რომ ბევრი ეკითხება, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ნატო-ში გაერთიანება და კრემლთან მეგობრობა: "მე ვაანალიზებ და მესმის, რომ რუსეთში სინამდვილეში არ მოსწონთ ნატო და ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამყარებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ავუხსნათ ჩვენი ინტერესები რუსეთს", - განაცხადა ივანიშვილმა დავოსში, კრემლის ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრის წინ.

მარი ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)