«Коммерсантъ»: საქართველოს დსთ-ში მიპატიჟება მოესმა... - კვირის პალიტრა

«Коммерсантъ»: საქართველოს დსთ-ში მიპატიჟება მოესმა...

(იბეჭდება შემოკლებით) საქართველოში ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორ მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებას, - საქართველოს ხელისუფლებასთან დაწყებულია კონტაქტები ამ ქვეყნის დსთ-ში დაბრუნების თაობაზეო. "საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მისივე გადასაწყვეტი იქნება თანამეგობრობაში დაბრუნება", - თქვა დიპლომატმა. ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება "ღალატში" დაადანაშაულა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის იურიდიულად გამაგრება მოითხოვა. "თუ ევდოკიმოვი ტყუის და არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა, მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ მოსკოვში საპროტესტო ნოტა გაგზანოს", - ითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი.

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ერთხმად უარყო ევდოკიმოვის განცხადება და მას "სრული აბსურდი" უწოდა. "არავითარი კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია და არც გვექნება, თუ სადმე შევალთ, ეს იქნება მხოლოდ ნატო და ევროკავშირი", - ცხარობდა საერთაშორისო საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის მეთაური თედო ჯაფარიძე.

რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საქმეში პრემიერის საგანგებო წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინთან ამასწინანდელი შეხვედრისას დსთ არც გვიხსენებიაო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის პარტია მმართველი კოალიციისგან საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის გარანტიებს ითხოვს. დეპუტატი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მათ უკვე მომზადებული აქვთ კანონის პროექტი, რომელიც სამ საკითხს ითვალისწინებს:

"I. საქართველოს კვლავ ნატოსა და ევროკავშირისკენ უნდა ისწრაფოდეს.

II. არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის პოლიტიკაზე

და

III. არასოდეს შევა დსთ-ში".

"ევდოკიმოვის განცხადება გაისმა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის განახლების საკითხის განხილვის წინ, - ამბობს ექსპერტი ნიკა იმნაიშვილი, - დიპლომატიაში ამაზე "მსხვილი" მინიშნება არ არსებობს. ჩვენს ხელისუფლებას ეუბნებიან: "გინდათ ღვინისა და ბორჯომის იმპორტის განახლება - შედით დსთ-ში". მოსკოვში ამ ბრალდებებს უარყოფენ. "ევდოკიმოვის ნათქვამი არასწორად გაიგეს და გადააკეთეს", - აცხადებენ კრემლში.