კოჰაბიტაციის ნაცვლად - კონფლიქტი - კვირის პალიტრა

კოჰაბიტაციის ნაცვლად - კონფლიქტი

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს დასავლური პრესაც გამოეხმაურა, გთავაზობთ ამონარიდებს ზოგიერთი მათგანიდან.

"აშშ-ის ელჩმა მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ვერ მოისმინა"

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და კიდევ რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა მას შემდეგ, რაც გაშმაგებულ დემონსტრანტთა ბრბო შეეცადა, ხელი შეეშალა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბიბლიოთეკაში გამოსვლაში.

"არსებობს დემოკრატიის გარკვეული პრინციპები და ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორი განწყობა გაქვთ ამა თუ იმ საკითხისადმი ან რამდენად თვლით თავს მოტყუებულად. თქვენ არ გაქვთ ძალადობის უფლება, პრეზიდენტის მოსასმენად მოსული პარლამენტარების ცემის უფლება. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ... ბუნებრივია, რომ მთავრობას პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყანაში მართლწესრიგის უზრუნველყოფაში", - განაცხადა ნორლანდმა ინციდენტის შემდეგ.

ბოლოს და ბოლოს, აქციაზე საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მივიდა და აქციის მონაწილეებს, რომლებიც ძალადობას მიმართავდნენ, დაპატიმრებით დაემუქრა. პრესასთან კი განაცხადა, - ბიბლიოთეკაში მოსახვედრად პოლიციამ პრეზიდენტს უსაფრთხო მარშრუტი მოუმზადა, მაგრამ სააკაშვილმა შენობაში მთავარი შესასვლელიდან გადაწყვიტა შესვლა. ჩემი აზრით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წევრების ეს ქმედება წინასწარგამიზნული პროვოკაცია იყოო.

ერთ-ერთი ამერიკელი მოხელის ცნობით, ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად შეკრებილმა აუდიტორიამ, ნორლანდის ჩათვლით, მშვიდად დატოვა შენობა გვერდითი შესასვლელიდან, რათა არ შეჩეხებოდა მთავარ შესასვლელთან თავმოყრილ ხალხს.

მიხეილ სააკაშვილის მთავარმა მრჩეველმა, რაფაელ გლუკსმანმა თქვა, რომ ბრბო ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს, თბილისის მერს გიგი უგულავას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებს. "რასაკვირველია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საერთო ენა უნდა გამონახონ საქართველოს ახალ მთავრობასთან, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ მათ ხანდახან მაინც უნდა გააკეთონ მკვეთრი განცხადებები ადგილებზე ხალხის დასამშვიდებლად", - აღნიშნა სააკაშვილის მრჩეველმა.

საქართველოში კონფლიქტები და ძალადობა არ წყდება გასული წლის ოქტომბრის ერთობ საკამათო არჩევნების შემდეგ.

სააკაშვილი პრეზიდენტად 2013 წლის ოქტომბრამდე რჩება და ორივე მხარემ პირობა დადო, გაატარონ კოჰაბიტაციის პოლიტიკა. თუმცა თბილისში პოლიტიკური განწყობა კვლავ დაძაბული რჩება, რაც ნაწილობრივ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებითაა გამოწვეული, ამას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

"ჩვენ ვგმობთ 8 თებერვალს თბილისში მომხდარ ძალადობას და საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მოვუწოდებთ ყველა პარტიას კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.

"ფორინ პოლისი", აშშ

"უფრო კონფლიქტი, ვიდრე კოჰაბიტაცია"

ძალაუფლებისთვის მანკიერი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, სწრაფად ითრევს საქართველოს პოლიტიკური არეულობის მორევში, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.

"8 თებერვლის ჩხუბიც, ივანიშვილის მხარდამჭერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, ამის დასტურია.

"ევრაზიანეტი", აშშ

"აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს შეუტიეს"

"საქართველოში ხელისუფლების გადანაწილების ხუთთვიანი ექსპერიმენტები აშკარა კონფლიქტში გადაიზარდა. პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას დემონსტრანტებმა შეუშალეს ხელი. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს, გიგი უგულავასაც შეუტიეს. ამის შემხედვარე პოლიცია კი უძლური იყო, ან სურვილი არ ჰქონდა, გაეკონტროლებინა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თავმოყრილი ხალხის მასა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი დაშავდა", - წერს ამერიკული გამოცემა და "Palitra TV"-ის ვიდეომასალის ბმულს ავრცელებს.

"კონფრონტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში გამოსვლის ნება არ დართო. სწორედ ამის შემდეგ, სააკაშვილმა თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა სიტყვით გამოსვლა. თუმცა შენობის წინ ასობით დემონსტრანტი, ძირითადად ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები დახვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, 57 წლის გიორგი გორელიშვილმა, რომელიც, მისივე თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, განაცხადა, - მას არ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება, ჩვენ არ მივცემთ ამის ნებას. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტიო."

"ნიუ იორკ თაიმსი", აშშ