Foreign Policy: ქართული რეალობა პირქუშ ზღაპარს ჰგავს, რომელსაც ალბათ, კეთილი ბოლო არ ექნება - კვირის პალიტრა

Foreign Policy: ქართული რეალობა პირქუშ ზღაპარს ჰგავს, რომელსაც ალბათ, კეთილი ბოლო არ ექნება

ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს ანა ნემცოვას სტატიას საქართველოზე სათაურით - "საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება". ამ დღეებში, - წერს სტატიის ავტორი, - ქართული რეალობა პირქუშ ზღაპარს ჰგავს. მეტოქე პროტაგონისტების სასახლეები ავის მომასწავებლად გამოიყურება თბილისის თავზე. ერთ გორაკზე პრეზიდენტის სასახლე დგას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ბინადრობს, რომელშიც კვლავ პრეზიდენტად რჩება, მიუხედავად შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისა. ღამით სასახლე თითქმის უხილავია, სიბნელეშია ჩაფლული, რადგან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულმა მთავრობამ გადაწყვიტა – არ ღირს განათების გადასახადზე ფულის ხარჯვა. მეორე გორაკზე ივანიშვილის შუშის სასახლეა მდიდრულად განათებული, რადგან ის ჯერაც ზეიმობს ოქტომბრის არჩევნებში მიღწეულ ტრიუმფს.

როგორც Foreign Policy-ში ჟურნალისტი წერს, ორი ლიდერის მხარდამჭერებს შორის დაძაბულობა დედაქალაქს ღრუბელივით დასტრიალებს თავს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი რაც ივანიშვილმა გააკეთა, იყო ის, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის მერეც დაპირისპირება ორ მხარეს შორის კიდევ უფრო აშკარა გახდა. პრეზიდენტის სასახლესთან მომიტინგეები სააკაშვილის (ქართველებისთვის უბრალოდ "მიშა") გადადგომას მოითხოვენ. მისმა ოპონენტებმა ამის თაობაზე პეტიცია შეიმუშავეს, ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მოითხოვენ სააკაშვილის გადადგომას. პარლამენტის წევრებმა, რომლის უმრავლესობას ახლა ივანიშვილის მოკავშირეები წარმოადგენენ, მიშას ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა გადადეს და კონსტიტუციურ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას შეუზღუდავს. ცოტა ხნის წინ, ივანიშვილმა წარმატებასაც კი მიაღწია მიშას მრავალწლიან მტერთან, კრემლთან ურთიერთობის დამყარებაში – ბოლო მოუღო რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. მაგრამ, ამ კარგმა ამბავმაც კი ვერ შეძლო არსებული ატმოსფეროს შემსუბუქება.

გამარჯვებული პარტია შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი.

"გამარჯვებული პარტია შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი. სამინისტროდან სამინისტროში სიარულისას ცუდ ამბებს დასასრული არ უჩანს. ყოფილი მაღალჩინოსნების უმრავლესობა თანამდებობიდან გადადგა ან დააკავეს. ახალი მინისტრები სააკაშვილს ექსცენტრიული რეფორმების გატარებაში ადანაშაულებენ – პოლიციის გაუმჯობესებაში, მაგრამ არა – საპატიმროების. "თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ციხეში პატიმარი", - მითხრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. გაირკვა, რომ მიშას საიდუმლო პოლიცია ქვეყანაში ჩამოსულ მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმრების მობილურ ტელეფონზე საუბარს უსმენდა, მათ შორის, ჟურნალისტებისაც. "ჩემი ტელეფონიც ისმინებოდა?", - ვკითხე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ნახევრადხუმრობით. მან დამარწმუნა, რომ - კი.

შინაგან საქმეთა ახლანდელი მინისტრი, 30 წლის ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტის კურსამთავრებული და ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ყოფილი თავკაცია",-წერს ავტორი.

მისივე ინფორმაციით, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავება ქართველმა ხალხმა მოითხოვა. "ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მოდის და სამართლის აღდგენას გვთხოვს. ვეჭვობთ, რომ მაღალჩინოსნებმა მილიონობით დოლარი მოიპარეს. მალე ისეთ სამხილს წარმოვადგენთ, რომელიც ძალიან გაგაოცებთ", - ციტირებს ანა ნემცოვა ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს.

"პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მშვიდი და თვითკმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როცა რამდენიმე ხნის წინ სახლში ვესტუმრე, მბრწყინავ კერძო რეზიდენციაში, რომელიც 47 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. ბევრმა ქართველმა არ იცოდა, რომ მდიდარი ფილანტროპისტი, 2011 წელს სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ კამპანიას წამოიწყებდა. მათ მხოლოდ მისი მოციმციმე შუშებისა და ფოლადის სასახლის ამბავი გაეგონათ და კიდევ უცხოპლანეტელის კოსმიურ ხომალდზე, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულში ეშვება. დღესდღეობით, პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია, არამედ ყველაზე გავლენიანი. მისი რეიტინგი თითქმის 80%-ია", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც კი დავსხედით ივანიშვილის კერძო ოფისში, რომელსაც ლუსიენ ფროიდის ნამუშევარი ამშვენებს, ვკითხე, მართლა სჯერა თუ არა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებთ წლების განმავლობაში, მიშას მისწრაფებების არასწორად გვესმოდა? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ბანკმა სააკაშვილის ანტიკორუფციული რეფორმა მსოფლიოში და არა მხოლოდ ექსსაბჭოთა კავშირში, საუკეთესოდ აღიარა".

"ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, ორი თუ სამი წლის განმავლობაში მეც კი ვერ გავიგე, სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ ისინი", - მპასუხობს ივანიშვილი და მიყვება, თუ როგორ მოახდინა მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება სააკაშვილის რეფორმის პროექტებში, თუმცა მხოლოდ მერე აღმოაჩინა, რომ მისი ელიტური კორუფციისთვის ეს პროექტები ფულის შოვნის მექანიზმი იყო.

"საუბარი სხვა პრობლემის განხილვით გავაგრძელეთ, რომელსაც სააკაშვილის მთავრობა წააწყდა. როგორ გააგრძელებს საქართველო ნატოსა-და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლას? როგორ შეუძლია დარჩეს მოსკოვის მეგობრად მაშინ, როცა ცდილობს უკან შეტყუოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონები? და პირველ რიგში, როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს სოფელში მცხოვრები ათასობით ადამინისთვის, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კოლექტიურ ფერმებში მუშაობდნენ?" – წერს სტატიის ავტორი.

იგი ასევე წერს, რომ ივანიშვილი საკუთარი ქონებიდან ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარს გასცემს შეწირულობის სახით ისტორიული შენობების აღსადგენად და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორისებისთვის, თეატრის რეჟისორებისა და მსახიობების ხელფასებისთვის. "ერთადერთი, რაც სააკაშვილის ხალხმა არ გააკეთა ჩვენს შესაჩერებლად, ჩვენთვის სროლა იყო", - ციტირებს ანა ნემცოვა პრემიერ-მინისტრთან პირად საუბარში გაკეთებულ კომენტარს და დასძენს, - ჩემს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სააკაშვილი ფულს იპარავდა, ივანიშვილმა მიპასუხა: "ბიუროკრატიის დაბალ და შუა საფეხურებზე კორუფცია არ არსებობდა, თუმცა არსებობდა ელიტური კორუფცია, რომელიც ასობით მილიონი დოლარის მიტაცებას ითვლის".

"გალიაში გამოკეტილი ორი მტრული მეტოქის იძულებითი ქორწინება”

. . . იმის გასაგებად, რომ გამეგო, - წერს სტატიის ავტორი, - როგორც შეიგრძნეს ჩვეულებრივმა ადამიანებმა ხელისუფლების ცვლა, ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ჩავედი. როგორც იქაურებმა მითხრს, მათ სოფელში უმუშევრობა 100%-ს აღწევს. "ივანიშვილს ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს. მან დაამარცხა მიშა, ასე რომ, ახლა უნდა იფიქროს, როგორც შექმნას სამუშაო ადგილები", - მოჰყავს ანა ნემცოვას ჭორვილას ადგილობრივი მაცხოვრებლის კომენტარი. ივანიშვილის ახალად ადაარსებული ფონდი, რომელიც 606 მილიონ აშშ დოლარს ითვლის, დაბალპროცენტიანი კრედიტის გაცემას ჰპირდება ფერმერებს და საქართველოში ორგანული ბოსტნეულისა და ხილის აყვავებას.

როცა სააკაშვილს თავის რეზიდენციაში ვესტუმრე, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - შევატყვე, რომ დიდად არ იზიარებს ივანიშვილის ძალისხმევის – ააყვავოს საქართველოს სოფლის მეურნეობა. საუბრის ერთ მომენტში, პრეზიდენტი გაჩერდა და ტელევიზორში ახალი ამბების გამოშვებას შეხედა, სადაც მის მიერ სათხილამურო კურორტის გახსნას აშუქებდნენ. ტურიზმი ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისწრაფება. ის მიისწრაფის საკუთარი რეფორმების გატარებისკენ, ვიზიტორების გაზრდის მიზნით, რომელიც 120 ათასი იყო წელიწადში, როცა ის ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. ახლა ივანიშვილი ცვლის პრიორიტეტებს. მათ შეაჩერეს ხუთი დიდი სასტუმროს მშენებლობის პროექტი აჭარაში და სამჯერ შეამცირეს რეგიონის ბიუჯეტი, - მოჰყავს სტატიის ავტორს მიხეილ სააკაშვილის მასთან პირად საუბარში გაკეთებული განცხადება და დასძენს, რომ როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეკონომიკური ზრდა ექვსი პროცენტიდან ნულზე დაეცა, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველი წელი რთული იქნება, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეჩერდა ეკონომიკური ზრდა", - ციტირებს ავტორი პრეზიდენტის სიტყვებს.

უნდა ითქვას, - წერს სტატიის ავტორი, - რომ სააკაშვილმაც თავის წვლილი შეიტანა დაძაბულობის გაღვივებაში. გასულ თვეს, როცა ათასობით ქართველი თბილისის მთავარ მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა, სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლზეა, სადაც მან დაადანაშაულა ივანიშვილის მთავრობა მისი პარტიის წევრების დაპატიმრებაში. საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ხელმძღვანელი ლორენს შითსი სხვა სურათს გვთავაზობს, რომელიც ზუსტად ასახავს ახლანდელ მდგომარეობას. საქართველოს ორმხრივად მტრული ლიდერების კოჰაბიტაცია, როგორც ლორენს შითსი აღნიშნავს, "გალიაში გამოკეტილი ორი მტრული მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს".

სამწუხაროდ, თბილისიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე, - აღნიშნავს ანა ნემცოვა, - დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა, როცა ივანიშვილის მომხრეები მიშას მოკავშირეებს დაესხნენ თავს და რამდენიმე დაშავებულია. ივანიშვილის აქტივისტები ახლა იმუქრებიან, ალყა შემოარტყან პრეზიდენტის რეზიდენციას და ის საკუთარ სასახლეშივე აქციონ პატიმრად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც, როგორც ჩანს, ბედნიერი დასასრული არ ექნება.

თარგმნა მარი ჯავახიშვილმა