European Voice: ივანიშვილის შაქრისა და სახრის პოლიტიკა - კვირის პალიტრა

European Voice: ივანიშვილის შაქრისა და სახრის პოლიტიკა

საერთაშორისო გამოცემა European Voice აქვეყნებს ედვარდ ლუკასის სტატიას სათაურით - “Foul Play, Foul Cries (გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო)”.

 

ორმხრივი უნდობლობისა და სიძულვილის მიუხედავად, - წერს ედვარდ ლუკასი, - საქართველოს ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცადნენ კოჰაბიტაციაში ყოფნას ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ნამდვილად ქების ღირსია.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში შესამჩნევია თვითგანადგურების პოლიტიკური გეგმები, რომელსაც, როგორც წესი, ნაციონალური კატასტროფა მოჰყვება. გასულ კვირას სააკაშვილს პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა სურდა. თუმცა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას შეეცადა, მაგრამ დემონსტრანტებმა - ძირითადად ცოტა ხნის წინ სამთავრობო ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმრებმა – შენობაში არ შეუშვეს. ისინი თავს დაესხნენ სააკაშვილის გარემოცვას, რის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი დაშავდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩიორა თაქთაქიშვილის დასისხლიანებული სახეა, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყეს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, საბედნიეროდ, ივანიშვილმა მომხდარის შემდეგ მალევე დაგმო ძალადობა და მიესალმა სააკაშვილის მიერ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ დათმობებზე წასვლას. ვნებები დაცხრა. ქვეყანაში, რომელსაც ჯერაც ახსოვს სამოქალაქო ომი, ეს უკეთესია, ვიდრე პირდაპირი კონფრონტაცია.

"სააკაშვილის ბანაკში ყველაზე დიდ შეშფოთებას ივანიშვილის მიერ დროით თამაში იწვევს. ის სტაფილოებითა და ჯოხებით (ეს უკანასკნელი ზოგჯერ ოჯახის წევრების წინააღმდეგაც გამოიყენება) ცდილობს, შეავიწროვოს პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები. მეტი მოღალატის ხარჯზე, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის ორი მესამედი ექნება. თეორიულად, თუ ასე მოხდა, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა და სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადაყენება (ან სულაც დაპატიმრება), - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

მასებთან პირფერობაზე გათვლილი პოლიტიკით ივანიშვილი რისკავს, დაამტკიცოს მასზე შექმნილი შთაბეჭდილება (მათ შორის მისი მომხრეების მხრიდან გავრცელებულიც), რომ მას მართლაც არ ესმის დემოკრატია, არ სურს ოპოზიცია, ხელს უწყობს ქუჩებში გამოსვლებს, სურს მართოს საქართველო, როგორც მისი ბიზნესიმპერიის ნაწილი და არა - როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.

ივანიშვილის საიმედოობა, როგორც ავტორიტეტული მთავრობის ხელმძღვანელისა, - აღნიშნავს ედვარდ ლუკასი, - საფრთხეშია. მან უნდა აჩვენოს, რომ სააკაშვილზე უკეთესია და არა - უარესი. პრობლემა მას არა მხოლოდ ოპონენტებთან ურთიერთობაში ექმნება: აუცილებელია, ”ოცნების” ლიდერი საკუთარ მომხრეებსაც ჯეროვნად მოეპყროს. კერძოდ, საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს "ქართული ოცნების" ისე მართვა, თითქოს ის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია: სხვა პარტიის ლიდერები მისი ურჩი მენეჯერები კი არა, პარტნიორები არიან.

საგარეო პოლიტიკის ასპექტში, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მისასალმებელია რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემსუბუქება (ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის აღდგენა), თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების უგულებელყოფის ხარჯზე. საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და აშშ-ისთან ურთიერთობა მხოლოდ საუბრის თემა კი არა, არამედ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესის საკითხია, რომელსაც მისი პერსონალური ყურადღება სჭირდება. იქნებ, ყველაზე სწრაფად მან თურქეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია უნდა მოახდინოს - დღეისათვის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელთან, რუსეთის გავლენის დაბალანსების თვალსაზრისით.

"თუ საქართველო არასწორი გზით წავა, ევროპასა და აშშ-ში ბევრი სიამოვნებით მიაპყრობს ყურადღებას სხვა რომელიმე ქვეყანას. ივანიშვილმა ბრძოლა სააკაშვილის პერსონიზირებული ლიდერობის წინააღმდეგ მოიგო. მაგრამ, ნამდვილი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის გამართული ბრძოლაა",-აღნიშნულია სტატიაში.