Foreign Policy: კოჰაბიტაცია საქართველოში გალიაში გამოკეტილი ორი მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს - კვირის პალიტრა

Foreign Policy: კოჰაბიტაცია საქართველოში გალიაში გამოკეტილი ორი მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს

საქართველოს დაპირისპირებული ლიდერების კოჰაბიტაცია გალიაში გამოკეტილი ორი მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს

ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, "საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ღრმავდება", ანა ნემცოვა წერს:

"ამ დღეებში ქართული რეალობა პირქუშ ზღაპარს ჰგავს. თბილისის თავზე მეტოქე პროტაგონისტების სასახლეები ავის მომასწავებლად გაჰყურებენ ერთმანეთს. ერთ გორაკზე პრეზიდენტის სასახლე დგას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ბინადრობს, რომელიც კვლავ პრეზიდენტად რჩება, მიუხედავად შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისა. ღამით სასახლე წყვდიადშია ჩაფლული, რადგან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არ ღირს განათებაზე ფულის ხარჯვა. მეორე გორაკზე ივანიშვილის შუშის სასახლე ჩახჩახებს - ის ჯერაც ზეიმობს ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას.

"პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მშვიდი და თვითკმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როცა რამდენიმე ხნის წინ ვესტუმრე მბრწყინავ კერძო რეზიდენციაში, რომელიც 47 მლნ ამერიკული დოლარი ღირს. ბევრმა ქართველმა არ იცოდა, რომ მდიდარი ფილანთროპი 2011 წელს სააკაშვილის პარტიის საწინააღმდეგო კამპანიას წამოიწყებდა. მათ მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ მისი მოციმციმე სარკმლებისა და ფოლადის სასახლის ამბავი და უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის შესახებ, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულში ეშვება. დღესდღეობით, პრემიერ-მინისტრი საქართველოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანია - მისი რეიტინგი თითქმის 80%-ია".

"როგორც კი დავსხედით ივანიშვილის კერძო ოფისში, რომელსაც ლუსიენ ფროიდის ნამუშევარი ამშვენებს, ვკითხე, - მართლა გჯერათ თუ არა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვაშუქებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მიშას მისწრაფებებისა არასწორად გვესმოდა-მეთქი? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ბანკმა სააკაშვილის ანტიკორუფციული რეფორმა მსოფლიოში და არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში, საუკეთესოდ აღიარა".

"ნუ დაიდანაშაულებთ თავს, ორი-სამი წელი მეც კი ვერ გავიგე, სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ ისინი", - მპასუხობს ივანიშვილი და მიყვება, თუ როგორ მოახდინა მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება სააკაშვილის რეფორმის პროექტებში, თუმცა მერე აღმოაჩინა, რომ მისი ელიტური კორუფციისთვის ეს პროექტები ფულის შოვნის მექანიზმი იყო.

"საუბარი გავაგრძელეთ სხვა პრობლემის განხილვით, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა წააწყდა. როგორ გააგრძელებს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისკენ სვლას? როგორ უნდა დარჩეს მოსკოვის მეგობრად მაშინ, როცა ცდილობს, უკან, საქართველოს კალთაში შეიტყუოს რუსეთს დაქვემდებარებული სეპარატისტული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონი? და, უპირველესად, როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს სოფლად ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კოლექტიურ ფერმებში მუშაობდნენ?

როცა სააკაშვილს თავის რეზიდენციაში ვესტუმრე, შევატყვე, რომ არ  მიესალმება ივანიშვილის ძალისხმევას - ააყვავოს საქართველოს სოფლის მეურნეობა. საუბრისას პრეზიდენტი წამით გაჩერდა და ტელევიზორში ახალი ამბების გამოშვებას შეხედა, სადაც მის მიერ სათხილამურო კურორტის გახსნას აშუქებდნენ. ტურიზმი სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნება იყო. ის ცდილობს რეფორმების გატარებას ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად, რომელიც 120 ათასი იყო წელიწადში, როცა ის ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. ახლა ივანიშვილი ცვლის პრიორიტეტებს. შეაჩერა ხუთი დიდი სასტუმროს მშენებლობის პროექტი აჭარაში და სამჯერ შეამცირა რეგიონის ბიუჯეტი", - მოჰყავს სტატიის ავტორს მიხეილ სააკაშვილის მასთან პირად საუბარში გაკეთებული განცხადება და დასძენს, რომ როგორც სააკაშვილი აცხადებს,  ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ეკონომიკური ზრდა 6%-დან ნულზე დაეცა.

"უნდა ითქვას, - წერს ჟურნალისტი, - რომ სააკაშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა დაძაბულობის გაღვივებაში. გასულ თვეში, როცა ათასობით ქართველი თბილისის მთავარ მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა, სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც მან დაადანაშაულა ივანიშვილის მთავრობა მისი პარტიის წევრების დაპატიმრებაში. ანალიტიკოს ლორენს შითსს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დაპირისპირებული ლიდერების კოჰაბიტაცია გალიაში გამოკეტილი ორი მეტოქის იძულებით ქორწინებას გვახსენებს".

სამწუხაროდ, თბილისიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე, - აღნიშნავს ანა ნემცოვა, - დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა - ივანიშვილის მომხრეები მიშას მოკავშირეებს დაესხნენ თავს, რამდენიმე კაცი დაშავდა. ივანიშვილის აქტივისტები იმუქრებიან, ალყაში მოვაქცევთ პრეზიდენტის რეზიდენციას და მიშას საკუთარ სასახლეში პატიმრად ვაქცევთო. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც, ჩანს, კეთილი დასასრული არ ექნება".

"ფორინ პოლისი" აშშ

იბეჭდება შემოკლებით