Der Standard: საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას უკვეცავს - კვირის პალიტრა

Der Standard: საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას უკვეცავს

 

დეპუტატები: კურსს საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ვიღებთ

ევროპარლამენტთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო კურსს  საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იღებს, რის შედეგადაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეიკვეცება. ”ქართული ოცნების” წევრის, თინა ხიდაშელის მიერ საერთაშორისო მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნია, რომლის მსგავსი თურქმენეთში შეიძლება იყოს მიღებული, მაგრამ არა საქართველოში.

2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ახლა შეუძლია ერთი ხელის მოსმით, პარლამენტის თანხმობის გარეშე დაითხოვოს მთავრობა, რაც, ბრიუსელში მყოფი დეპუტატების აზრით, ყოველგვარ აზრს უკარგავს ხელისუფლების განაწილების პრინციპს.

”ბომბი, რომელიც ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს” - აი, რა როლი შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებამ მასსა და პრემიერ შორის ამჟამინდელ ძალთა ბალანსში. პრაქტიკულად, სააკაშვილს შეუძლია დაითხოვოს მილიარდერ ივანიშვილის ახალი მთავრობა და ძველი აღადგინოს, ”რაც, უდავოა, ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.” - გააფრთხილა ხიდაშელმა თავისი კოლეგები ევროპარლამენტიდან. ივანიშვილმა პრეზიდენტს წერილობითი ფორმით აცნობა, რომ მარტში პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას უყრის კენჭს.

მარტი დახუნძლული იქნება პოლიტიკური მოვლენებით, რადგან ამ თვეში ასევე იგეგმება მასშტაბური შეხვედრა კონსტიტუციის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის განსახილველად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო პარტიები, არასამთავრობოები და საერთაშორისო ექსპერტები. ”ერთი რამ ცხადია: ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივიწევთ, მაგრამ აუცილებელია კონსენსუსიც. უნდა მივაღწიოთ ბალანს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ასევე გარანტირებული უნდა იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა - აცხადებს ხიდაშელი.