BBC: ქართველი სტალინისტები პოზიციებს არ თმობენ - კვირის პალიტრა

BBC: ქართველი სტალინისტები პოზიციებს არ თმობენ

"სტალინის ქართველი მხარდამჭერები პოზიციებს არ თმობენ", - ასეთი სათაურით აქვეყნებს "ბიბისი" დემიენ მაკგინესის სტატიას, რომელიც სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს ეძღვნება.

როგორც სტატიის ავტორი წერს, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა ლიდერისადმი დამოკიდებულება მის მშობლიურ საქართველოში საზოგადოებას შუაზე ხლეჩს.

შემზარავი შეგრძნებაა ქართველი პენსიონერის, უშანგი დავითაშვილის ბაღში სტუმრობა, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - ბუჩქებს უკან იოსებ სტალინის ნატურალური ზომის ქანდაკება დგას. აგურის კედლებზე კი ყოფილი დიქტატორის ასობით ფოტოა ჩამწკრივებული. ზოგიერთ ფოტოზე სტალინი ვარდისფერლოყებიან, კეთილ ბაბუას ჰგავს. ზოგიერთში კი – სამხედრო მედლებით დამშვენებულ შეუბრალებელ გმირს. ეს წმინდა ადგილია ადამიანისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი.

"მე მიყვარს სტალინი", - ამბობს ბატონი დავითაშვილი და თან უზარმაზარ ქანდაკებას წმენდს. ის უარყოფს პროპაგანდის მტკიცებულებას, რომ 1930-იან წლებში ათასობით ადამიანი სტალინის ბრძანების შედეგად დაიღუპა. "სტალინმა არ იცოდა არც ერთი მათგანის სიკვდილის შესახებ", - ციტირებს სტატიის ავტორი დავითაშვილის ნათქვამს.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ბატონი დავითაშვილის მიერ სტალინის გაღმერთება ანაქრონიზმი იყო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ერთობ მხურვალე პრო-დასავლური ხელისუფლება ამერიკაში განათლებამიღებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქავეყნის საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობდა.

"ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი. აიკრძალა საბჭოთა სიმბოლოები, როგორიც ნამგალი და ურო ანაც წითელი ვარსკვლავი გახლდათ შენობებსა და მონუმენტებზე. ეროვნული პარლამენტი სტალინის ეპოქის ქვის კოშკიდან, რომელსაც ბედნიერი სოციალისტი მშრომელების საბჭოთა ფრესკები ამშვენებდა, თანამედროვე შუშის გუმბათით შეიცვალა", - წერს "ბიბისის" ჟურნალისტი.

თუმცა, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - დღეს ყველა ის ცვლილება შესაძლოა მხოლოდ კოსმეტიკურად ჩაითვალოს. ოქტომბერში პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა მილიარდერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ქონება 1990-იან წლებში მოსკოვში დააგროვა. ახალმა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობებისა და ვაჭრობის აღდგენა დაისახა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ყოფილმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მაგრამ ის კატეგორიულად უარყოფს ამას. ბევრი ქართველისთვის, ნაკლებად ანტაგონისტური მიდგომა ქვეყნის ყველაზე დიდ და გავლენიან მეზობელთან, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გამართლებულია, - აღნიშნავს მაკგინესი.

თუმცა კრიტიკოსები, - წერს "ბიბისის" ჟურნალისტი, - ვინც ახალ მთავრობას პრორუსულობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდა სტალინით აღფრთოვანების საჯარო გამოხატვა.

ერთ-ერთი სოფლის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლი აღადგინეს. საქართველოს ერთ-ერთ რაიონში კი 24 წლის რეზი მერებაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც რაიონის საბჭომ ერთ-ერთი ქუჩისთვის სტალინის სახელის დარქმევა გადაწყვიტა, მისი კოლეგები კი სამუშაო საათებში დიქტატორის სადიდებელ სადღეგრძელოებს სვამდნენ.

"მე არ შემეძლო მემუშავა ადამიანების გვერდით, რომლებიც სტალინის ძეგლის აღდგენას განიხილავენ ან ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევა უნდათ. რომელი საუკუნეა? როგორ შეიძლება ეს ახლა ხდებოდეს?" – ციტირებს სტატიის ავტორი მერებაშვილის კომენტარს.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა, ქართველთა თითქმის ნახევარს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ქართველ პენსიონერთა შორის და 75%-ს შეადგენს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, - წერს დემიენ მაკგინესი, - რომ არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ან რისკი ავტორიტარიზმში დაბრუნების. საქართველო ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. კვლევები კი აჩვენებს, რომ ქართველთა დიდ უმრავლესობას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თუმცა, სტალინი საქართველოს ყველაზე ცნობილი შვილია, - აღნიშნავს ჟურნალისტი, - მაგრამ კულტურისთვის, რომელიც პატივს სცემს ძლიერ პერსონებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. როგორც სტატიის ავტორი წერს, სტალინის კულტისადმი პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა უცნობმა აქტივისტებმა წამოიწყეს კამპანია და ახალაღდგენილი სტალინის ძეგლები ვარდისფრად შეღებეს.

სტალინის სულ მცირე ორი ძეგლი შეიღება. თებერვლის ბოლოს კი ქართველმა მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს, რათა ყურადღება მიეპყროთ იმ საკითხისთვის, რაც, როგორც თვითონ ამბობენ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისევ უკან - რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევისკენ ექაჩება.

"თავად სტალინი, შესაძლოა, დიდი ხანია აღარ არსებობს. თუმცა, მის აჩრდილს კვლავ ძალუძს ქართველი საზოგადოების გახლეჩვის ძალა", - ნათქვამია დემიენ მაკგინესის სტატიაში.