The Economist - "ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ შინ" - კვირის პალიტრა

The Economist - "ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ შინ"

ინგლისური გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე, სათაურით "ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ შინ".

აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა? – სვამს კითხვას სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამომრჩეველთა შორის მაღალი რეიტინგი და პარლამენტში მოპოვებული უმრავლესობა მიუთითებს, რომ მის პოზიციებს სამშობლოში, საქართველოში ჯერ არაფერი ემუქრება. თუმცა, საერთაშორისო პრესა ისწრაფვის, ივანიშვილი წარმოაჩინოს, როგორც მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც არ ესმის დემოკრატია და საკუთარი მტრების განადგურება სურს. რამდენადაც პოლიტიკური კოჰაბიტაცია "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ვერ შედგა, ქვეყნის იმიჯი მის საზღვრებს გარეთ ზიანდება.

"ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი, - წერს სტატიის ავტორი, - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომ ისინი ახალ მთავრობას უცხოელებთან აკრიტიკებენ. იანვარში სააკაშვილმა ახალი მთავრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაგმო, გასულ კვირას კი, განაცხადა, რომ რუსეთი იმავე ტაქტიკის გატარებას აპირებს აზერბაიჯანის არჩევნებში, როგორიც მან საქართველოში გაატარა: "ოლიგარქები, რუსული კაპიტალი, შანტაჟები და პროვოკაციები". თუმცა, 4 მარტს ბატონმა ივანიშვილმა გაავრცელა საჯარო მიმართვა, სადაც ბოდიშს უხდის საქართველოს მოკავშირეებს პრეზიდენტის საქციელისთვის.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის თეატრალურ წარმოდგენებს ივანიშვილი წყობიდან ვერ გამოჰყავს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, - წერს სტატიის ავტორი, - როგორც საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ივანიშვილის მთავრობამ რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა. ერთობ ნაჩქარევი იყო პარლამენტში "პოლიტპატიმრების" იდენტიფიცირების პროცესის გატარება, თითოეული საქმის სისტემური განხილვის გარეშე. კიდევ ერთი შავი ლაქა იყო ის, რომ მან ვერ შეძლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" ერთგული ადგილობრივი მთავრობის ჩინოვნიკების დაშინების პოლიტიკის აღკვეთა. ეს უმოქმედობა, თბილისში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან ერთად, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით შეშფოთებას ბადებს.

როგორც "ეკონომისტის" სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში კანონის დარღვევა პოლიტიკური მიზნებისთვის არახალია. საარჩევნო კამპანიის დროს ბატონი ივანიშვილი თავად იყო ამის მსხვერპლი, როცა მისი "ქართული ოცნება" თითქმის 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. ცოტა ხნის წინ გამართლებულ ირაკლი ოქრუაშვილზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრზე, რომელიც ნამდვილად არ გახლავთ ანგელოზი და რომელმაც 2006 წელს ხელისუფლება დატოვა ოპოზიციური პარტიის ფორმირების მიზნით, გამოძალვის მუხლით აღძრეს საქმე გადადგომიდან ორ კვირაში. ყველაფერი ეს, - აღნიშნულია სტატიაში, - კიდევ ერთხელ ასახავს არსებულ ვითარებას.

მეტიც, - წერს სტატიის ავტორი, - გამოსაძიებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოსნებისთვის კორუფციასა და ადამიანთა უფლებების დარღვევით წაყენებული ბრალდება.

"ბიძინა ივანიშვილი ისწრაფვის გააუფასუროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიღწევები. საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, კერძოდ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ წლებში. გაიზარდა ეკონომიკა, ხდებოდა საგადასახადო გადასახადების გადახდა და ამოღება, აღდგა ძირითადი სერვისები", - ნათქვამია სტატიაში.

მაგრამ ძველი პრობლემების გადაჭრისას, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პრობლემები შექმნა, - წერს "ეკონომისტის" ჟურნალისტი, - საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს "ვარდების რევოლუციის" შავი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ის ამას ვერ მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებული ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე.

როგორც "ეკონომისტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის პოზიტიურ მხარეებზე უარის თქმა, მარცხის ტოლფასია. ეს ახანგრძლივებს ქართულ პოლიტიკაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას, რაც თავის მხრივ, ჩრდილავს ახალი მთავრობის მიერ გაკეთებულ დადებით საქმეებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, წარსულთან შედარებით, სამთავრობო ინსტიტუტები უფრო მეტად გახსნილები არიან. განიხილება უფრო ძლიერი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება მონოპოლიებისა და ბაზარზე ბატონობის წინააღმდეგ, რაც მთავარი პრობლემაა ეკონომიკის სექტორში, როგორც ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ამასწინანდებლი ანგარიში ცხადჰყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი რეფორმები ზღუდავს ეკონომიკის სფეროში არსებულ გადაჭარბებულ ძალაუფლებას. დაწყებულია რუსეთთან დიალოგი და საკმაოდ დიდია შანსები, რომ ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. სამთავრობო კოალიციაში არსებული განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკური პლურალიზმის იმაზე დიდ ხარისხზე მიუთითებს, ვიდრე ეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარობის დროს იყო დაშვებული.

გაუგებარია რა არის ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. საგულისხმოა, რომ კარნეგის მშვიდობის ცენტრის ახალი კვლევის შედეგად, ქართველების 45%-ი დადებითადაა განწყობილი სტალინის მიმართ, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ ავტოკრატულ რეჟიმს, - როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, - ეს უფრო იმას მიანიშნებთ, რომ მათ მომავლის ბუნდოვანება აბნევთ და აშინებთ.

"კოალიციის მმართველობის მოუქნელი სტილი, რომელსაც ხელისუფლებაზე, რესურსებზე წვდომა და სააკაშვილის სიძულვილი ასაზრდოებს, ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. დამაჯერებელი ხედვა, რომელიც დაგვანახებს, თუ როგორ გეგმავს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის აშენებას "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის საუკეთესო "ნაჭრების" გამოყენებით, და არა მხოლოდ გადაჭარბებული მმართველობის შეცვლას, ერთობ მისასალმებელი იქნება როგორც შინ, ისე ქვეყნის გარეთ", - ნათქვამია სტატიაში.