Eurasianet-ი: "ქართველი ქალები კაცებივით ბრძოლის უფლებებისთვის იბრძვიან" - კვირის პალიტრა

Eurasianet-ი: "ქართველი ქალები კაცებივით ბრძოლის უფლებებისთვის იბრძვიან"

გამოცემა Eurasianet-ი აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ქართველ ქალებზე სათაურით: "ქართველი ქალები კაცებივით ბრძოლის უფლებებისთვის იბრძვიან". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს ჩართულობა ქართველი ჯარისკაცი ქალების ახალ თაობას ქართულ "მაჩო საზოგადოებაში" ქალის როლის შესახებ წლების განმავლობაში არსებული სტერეოტიპის დანგრევაში ეხმარება.

"უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლიდან საუკუნეების შემდეგაც, ქართველი მამაკაცები საქვეყნოდ არიან ცნობილი, როგორც მებრძოლები და მცველები და მათი ეს როლი ყველგან იკვეთება – დაწყებული ფოლკლორული ცეკვებიდან, დამთავრებული იმით, თუ ვინ გადაიხდის რესტორანში. თუმცა, იარაღი ახლა ქართველმა ქალმაც აიღო ხელში და ომში წავიდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც მოლი კორსო წერს, 2009 წლიდან დღემდე, როცა საქართველო პირველად ჩაება ISAF-ის ოპერაციებში, ავღანეთში მოსამსახურე 1 561 ქართველი სამხედროდან, 33 ქალია. სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს განაწესი ქალებს მხოლოდ ადმინისტრაციულ, სამედიცინო და ჰუმანიტარულ სამსახურში სამსახურს ავალდებულებს, თუმცა ავღანეთში მყოფი ქართველი ქალები აცხადებენ, რომ ისინი პატრულირებენ ბაზებზე და ისევე უწევენ დახმარებას სამხედროებსა და ადგილობრივებს, როგორც ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი.

Eurasianet-ი წერს, რომ 34 წლის კაპრალი მაია ფულარიანი, ავღანეთში პირველად ჩასულ ქართველ ჯარისკაცთა შორის იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დანაყოფები ქაბულში ფრანგულ არმიას ექვემდებარება, ფულარიანი ამბობს, ის და კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი ქალი, მამაკაცებთან ერთად პატრულირებდნენ.

"ერთმანეთზე ვზრუნავდით. როცა სიჩუმე იყო საჭირო, ვჩუმდებოდით, როცა სიფრთხილე და წინდახედულება იყო საჭირო, სიფრთხილეს ვიჩენდით და მამაკაცებივით ვიდექით ბრძოლის ხაზზე", - აცხადებს ფულარიანი.

თუმცა, როგორც მოლი კორსო წერს, კაპრალ ფულარიანის მსგავსი სამხედროები კვლავ უმცირესობაში არიან. საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფ 966 ჯარისკაცი ქალიდან, რომლებიც ადმინისტრაციულ და სამედიცინო განყოფილებებში მსახურობენ, ბრძოლის ველზე არც ერთი არასდროს გასულა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინა წლებში პრობლემებს აწყდებოდნენ ქალები, რომლებიც სამხედრო სამსახურს ირჩევდნენ.

"2004 წელს, როცა ყოფილი კაპიტანი ქეთევან თევზაძე საქართველოს სპეციალურ ჯარებში სწავლებას გადიოდა, 162 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში, ის ერთადერთი ქალი იყო. თუმცა, როგორც თავად ქეთევან თევზაძე აცხადებს, შენობაში არც ქალების ტუალეტი იყო არც მათთვის ცალკე გამოყოფილი საცხოვრებელი ყაზარმები. ამიტომ ქართველ კაპიტან ქალს მამაკაცებთან ერთად უწევდა საცხოვრებლის გაზიარება", - წერს მოლი კორსო.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციას, რომლის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ქალების როლი უსაფრთხოების მისიებში, კონფლიქტის დარეგულირებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხში.

მოლი კორსო წერს, რომ საქართველოსთვის, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციისკენ მიისწრაფის, ეს რეკომენდაციები დამატებითი მოტივაცია იყო. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტი გოგონებისთვის უკვე ცალკე ოთახები და საშხაპეებია გამოყოფილი.

თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცვლილებების განხორციელება არც ისე იოლი იყო და კაპიტანი თევზაძე, რომელმაც სამხედრო სამსახური 2007 წელს დატოვა, მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, იძულებული იყო საოფისე საქმიანობა გაეგრძელებინა ერაყში.

მოლი კორსო წერს, რომ ბევრი ქართველი კაცის მსგავსად, ქეთი თევზაძის მამა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე საქართველოს სამხედრო სამსახურში ქალების ყოფნით შეშფოთებულია.

"ომში ბრძოლა ქალის საქმე არ არის, მისი საქმე სიცოცხლის შექმნა და სიცოცხლისთვის ზრუნვაა", - ციტირებს სტატიის ავტორი დავით თევზაძის სიტყვებს. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, დავით თევზაძისვე რჩევით, საქართველოს მოსახლეობის მცირერიცხოვნებისა და არამყარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქართველებმა ბრმად არ უნდა მისდიონ ასეთ მოსაზრებებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში, თამარ მეფის მმართველობისას, 1921 წელს, წითელი არმიის წინააღმდეგ, ან მეორე მსოფლიო ომის დროს, ქართველი ქალები სამშობლოს გადასარჩენად მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ.

"საბრძოლველად მთელი მოსახლეობა უნდა იყოს მზად, რადგან თავისუფლება და სამშობლოს გათავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს", - მოჰყავს გამოცემას დავით თევზაძის სიტყვები.