პუტინიზმით დამფრთხალი საფრანგეთი - კვირის პალიტრა

პუტინიზმით დამფრთხალი საფრანგეთი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი სამხედრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად პარიზს ეწვია. "დაე, ნიკოლა

სარკოზიმ მიიღოს პუტინი, რადგან ეს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობაა, მაგრამ ნუ განვადიდებთ ჩეჩენთა მკვლელს, ამ "წმინდა წყლის" დემოკრატს", - ამბობს ანდრე გლუქსმანი. ამ საზეიმო შეხვედრების შედეგების განჭვრეტა უბრალო მოკვდავთ კი არა, ამ შეხვედრების მომწყობთაც არ შეუძლიათ. ძლიერთა ამა ქვეყნისათა კონფიდენციალურ საუბრებში უამრავი ქვეტექსტი და ბოლომდე უთქმელი აზრებია.

"პუტინის პარიზში ჩასვლამდე ერთი საგანგაშო ფაქტი მოხდა, - განაგრძობს ფრანგი ფილოსოფოსი, - 23 ნოემბრიდან სანქტ-პეტერბურგში ფრანგული ფლოტის მარგალიტი, უმძლავრესი შვეულმფრენმზიდი მისტრალ-ი იწონებდა თავს. რუსეთი ხუთი ასეთი ხომალდის ყიდვას აპირებს. 200 მ სიგრძის 21500-ტონიანი "მისტრალი" გემბანზე 16 მძიმეწონიან შვეულმფრენს და ავტომობილს იტევს. ეს გარიგება ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო-საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის უპრეცედენტო შემთხვევაა. რფ-ის სამხედრო-საჰაერო ფლოტის მთავარსარდალი ვლადიმირ ვისოცკი კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს: ასეთი ხომალდი რომ გვყოლოდა, მისიას საქართველოში 26 საათის ნაცვლად, 40 წუთში შევასრულებდითო. ეს მთვრალი მეზღვაურის ბოდვა არ არის, შორსმჭვრეტელური გაფრთხილებაა, რომელსაც ასე გულუხვად არიგებენ პუტინისტები: "მსოფლიო თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს, მოსკოვი ისე გასრესს საქართველოს!"

საქართველოში, ყირიმსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ოპერატიულად შესასვლელად, პუტინისთვის იარაღის მიყიდვით ჩვენ მას ვეუბნებით: წინ! რაც უნდა გააკეთოს რუსეთის არმიამ, ჩვენ მხოლოდ შემდგომში შევშფოთდებით, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, ე.ი. ტყუილად, რადგან უკვე გვიანი იქნება. "მისტრალის" გაყიდვაზე ხელის მოწერით ნიკოლა სარკოზი თავის დიპლომატიას პარალიზებას უკეთებს და ამის შემდეგ გადამრჩენლის როლის შესრულების ყოველგვარ შესაძლებლობას კარგავს, - დარწმუნებულია გლუქსმანი, - თუ ღმერთი გწამთ, "რეალიზმი" არ ახსენოთ, ლაპარაკია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელ სიბეცეზე. ევროკავშირის ახალი წევრები პუტინიზმის შიშით არიან შეპყრობილნი. რუსეთში კი მეფეებისა და კომუნისტების დროს დათესილი მტაცებლობის და ქსენოფობიის ტენდენციები ღვივდება. ნუთუ რეალიზმი ავტოკრატიის წაქეზებაშია და არა მის შეჩერებაში? ავტოკრატია, რომელიც სპობს სიტყვის თავისუფლებას და ხოცავს ახალ დისიდენტებს, იმავე დროს შობს კოლოსალურ კორუფციას. განა ჭკვიანურია, მისი ისედაც უსაზღვრო შეიარაღების უფრო დახვეწა? განა აზრიანია, სასოწარკვეთამდე მიყვანა იმ ადამიანებისა, ვინც თავს სწირავს ახალი ტიპის დესპოტიზმის ხელის შესაშლელად? განა გონივრულია ვიღაც პრეზიდენტ მედვედევის რიტორიკული დაპირებების მიღება, ვისაც ხელები ჯერ კიდევ სუფთა აქვს, რადგან ძალაუფლება არ გააჩნია?" - დასძენს ფილოსოფოსი.