ობამას ამოცანები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში - კვირის პალიტრა

ობამას ამოცანები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში ახალი სტრატეგიის გატარებას აპირებს, რის შესახებაც 1-ელ დეკემბერს ოფიციალურად განაცხადებს. ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ ავღანეთში დასმული ამოცანები, აუცილებლად იმოქმედებენ პრეზიდენტის პოლიტიკაზე ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ბევრი მათგანი პრეზიდენტ ობამას ჯორჯ ბუშის პოლიტიკის გადახედვას და საჭირო დასკვნების გამოტანას ურჩევს.

"აშშ-ისთვის რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, მაგრამ ამავე დროს, ვაშინგტონი საქართველოსთან ურთიერთობის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს", - განაცხადა ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა კორი ველტმა. მისი თქმით, "დღეს აშშ-ის წინაშე ორი ამოცანა დგას - განამტკიცოს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა და დაბეჯითებით მოითხოვოს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება". საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში აშშ-მა უკვე გაზარდა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა.

აშშ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ, ობამას ვარაუდით, რუსეთი ამ ტერიტორიებს კარგა ხანს არ დათმობს, ამიტომაც თავის პოლიტიკას ამ ვარაუდზე აფუძნებს, - განაგრძობს პროფესორი ველტი, - კონფლიქტები მთიან ყარაბაღში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ობამას ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია სამხრეთ კავკასიაში. აშშ-ის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რეგიონებში სიტუაციის ნორმალიზებისთვის და ხალხს სადავო ტერიტორიებზე გადაადგილების საშუალება მისცეს, - აღნიშნავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.

ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის აზრით, საქართველოში შიშობენ, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე საქართველოში მიმდინარე პროცესებს. "აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის აუცილებელია, კერძოდ, ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების გასატარებლად. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლასა და განათლების სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების დაპირებად რჩება", - აღნიშნა ექსპერტმა.