მილიცია ხულიგანზე უარესია - კვირის პალიტრა

მილიცია ხულიგანზე უარესია

მოსკოვში მილიციელებმა მორიგი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. გასული კვირის სამშაბათ საღამოს, სამმა მთვრალმა პატრულმა, არასამსახურებრივ საათებში, მეტროს სადგურ "კუზმინსკის" ახლოს სასიკვდილოდ სცემა 19 წლის აფხაზეთის მკვიდრი ედუარდ ღურწკაია. ხოლო ასევე ნაცემმა მისმა ძმამ, დავითმა, გაქცევით უშველა თავს.

მოსკოვის შს სამმართველოს ვერსიით, ლაპარაკია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონფლიქტზე და არა მიზანმიმართულ თავდასხმაზე. ამბობენ, კონფლიქტი "მაკდონალდსში" დაიწყოო. ედუარდ ღურწკაიამ ტუალეტიდან გამოსვლისას, თითქოს ერთ-ერთ მილიციელს ხელი ჰკრა, შელაპარაკება უკვე ქუჩაში შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემდეგაც კონფლიქტის მონაწილეები დაიშალნენ. შსს-ს ვერსიით, ცოტა ხნის შემდეგ ედუარდ ღურწკაია ცუდად გახდა, დაეცა და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. სულ სხვანაირად აღწერენ ამ ამბავს თვითმხილველები. "ზელენოდოლსკის ქუჩაზე მეტროსკენ გალეშილი სამი მამაკაცი მიდიოდა - მილიციელები იყვნენ. გამვლელებს აბუჩად იგდებდნენ, თითქოს ჩხუბის მიზეზს ეძებდნენ. ერთ-ერთმა მეც გამკრა მხარი, მაგრამ გავჩუმდი - მაინც ბუზს არავის აუფრენთ და მათი კოლეგები კი რას გიზამენ, კაცმა არ იცის", - თქვა ქალბატონმა ოლგამ, რომელმაც შიშით გვარი არ გაამხილა. მისივე მონაყოლით, მილიციელები ორ ყმაწვილს დაეჯახნენ. ბიჭები აღშფოთდნენ. მილიციელებმა კი მათ ცემა დაუწყეს. ბიჭებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ ეს მხეცები დაეწივნენ და მიწაზე დასცეს. "ერთი მილიციელი ედუარდს რკინის მოაჯირზე თავს არტყმევინებდა. მერე კი ფეხებით შედგა. გულის ფიცარი ჩაუნგრია", - ჰყვებოდა შემდეგ დავითი. "წესრიგის დამცველებმა"  ედუარდ ღურწკაიას ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როცა ბიჭი უკვე აღარ სუნთქავდა. მერე კი მშვიდად დატოვეს იქაურობა. გამვლელებმა ნაცემი ედუარდი მახლობელ აფთიაქამდე მიიყვანეს. ბიჭი სასწრაფოს ლოდინში იქვე გარდაიცვალა. თავდამსხმელებზე ძებნა გამოცხადდა. ერთი საათის შემდეგ ისინი დააკავეს. პირველად მილიციელები მოსკოვის შსს-ს უფროსმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა დაჰკითხა და მაშინვე მათი ორგანოებიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა. მეორე დღეს კი მოსკოვის კუზმინსკის რაიონულ სასამართლომ ბრალდება მხოლოდ ერთ მილიციელს, ანვერ იბრაგიმოვს წაუყენა, მისი ორი კოლეგა - ალექსეი ჩერნიკოვი და ვიქტორ კუზნეცოვი კი ბრალეულობის არქონის გამო სასამართლოდანვე გაათავისუფლა.

მილიციელ იბრაგიმოვისთვის ბრალდების წაყენების საკითხზე სასამართლო სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა. სასამართლოსთან შეკრებილი დაღუპულის მეგობრები და ნათესავები აღშფოთებას გამოხატავდნენ ჩერნიკოვისა და კუზნეცოვის გათავისუფლების გამო. იბრაგიმოვის მიმართ წაყენებული ბრალდებები მაქსიმუმ 15 წლის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ტრაგედიაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა და ეს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ომის გაგრძელებად მიიჩნია. მაგრამ მოსკოვის ქართულ დიასპორაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ შეფასებას. "ისინი, ვინც ღურწკაია სცემეს, შეურაცხადები იყვნენ, მათთვის სულერთი იყო, ბიჭი ქართველი იყო თუ რუსი", - განაცხადა ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიამ. ის ირწმუნება, რომ რფ-ში ქართველებს არავინ სდევნის და ბევრი ქართველი რუსეთს თავის სამშობლოდ თვლის. ამასთან, ხუბუტიამ განაცხადა, რომ სამშობლოში ედუარდ ღურწკაიას გადასვენებაზე ფული რუსეთში ქართველთა კავშირმა გამოყო და არა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

მილიციის თანამშრომელთა მორიგმა საშინელმა დანაშაულმა გოსდუმაც აღაშფოთა. დეპუტატმა ანდრეი მაკაროვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიკვიდაციაც მოითხოვა, - ამ უწყების არც მოდერნიზება შეიძლება და არც რეფორმირება. ასე გგონია, შსს თავის ხალხს ეომება. დღეს მილიციისა უფრო ეშინიათ, ვიდრე ბანდიტების, - თქვა დეპუტატმა.