საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას დახმარებას სთხოვს
18-03-2013
საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას დახმარებას სთხოვს
ამერიკის კონგრესის გაზეთი The Hill-ი აქვეყნებს ჯულიან პეკეს სტატიას სათაურით - "საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაეხმაროს საკონსტიტუციო კრიზისთან გამკლავებაში".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანია, დაარწმუნოს ამერიკელი მაღალჩინოსნები და კონგრესმენები, დაეხმარონ საქართველოს კონსტიტუციური კრიზისის დაძლევაში. საქართველოს ახალი ხელისუფლება მოუწოდებს აშშ-ს, საქართველოს მთავარ სამხედრო და ეკონომიკურ დონორს, რომელიც შარშან 85 მლნ დოლარით დაეხმარა საქართველოს, ურჩიოს სააკაშვილს, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის შემდეგაც ის ვერ შეძლებს მთავრობის დათხოვნას. "ცუდი არ
იქნება, თუ საქართველოს მეგობრები, რომლებიც სააკაშვილის მეგობრებიც არიან, მეგობრულ რჩევას მისცემენ მას, რაც ძალიან კარგი იქნება მისი ქვეყნისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის The Hil-თან გაკეთებულ განცხადებას.

დავით უსუფაშვილის თქმით, ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის მხარდამჭერია.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ვაშინგტონში იმყოფება, რათა დაარწმუნოს კონგრესმენები და ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიულ რეფორმებს და არ უარყოფს დასავლეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაახლოების სასარგებლოდ, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს. ამის დასტურად, უსუფაშვილს საქართველოს პარლამენტის ორივე პარტიის მიერ ერთობლივად მიღებული საგარეო კურსის რეზოლუცია მოჰყავს. "ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრებისკენ და გამორიცხავს დსთ-ში შესვლას" - წერს The Hil.
"ჰილი", აშშ
(იბეჭდება შემოკლებით)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით