წერილების ომი საქართველოს პოლიტიკურ დაძაბულობას ნათელს ჰფენს - კვირის პალიტრა

წერილების ომი საქართველოს პოლიტიკურ დაძაბულობას ნათელს ჰფენს

წერილების ომი საქართველოს პოლიტიკურ დაძაბულობას ნათელს ჰფენს - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას EurActiv-ი, ევროკავშირის საინფორმაციო ვებგვერდი.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მკაცრი პასუხი გასცა ევროპარლამენტის მემარჯვენე-ცენტრისტულ "ევროპის სახალხო პარტიის" კრიტიკულ წერილს" - ნათქვამია სტატიაში.

6 მარტს ევროპარლამენტის 23-მა წევრმა  ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და იგი დემოკრატიისგან უკუსვლაში დაადანაშაულა.

"წერილს ხელს აწერდნენ: იერჟი ბუზეკი, პოლონეთის ექსპრემიერი და ევროპის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი;

ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავკაცი და ლიტვის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისი.

ევროპარლამენტის 23 წევრი წუხს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, სასამართლო სისტემასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო, აგრესიულ რიტორიკასა და პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირებაზე. ასევე, სიძულვილის ენის ხშირ გამოყენებაზე.

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრების წერილს უპასუხა საქართველოს პარლამენტისა და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და სთხოვა მათ, ბრალდებების წამოყენებამდე ფაქტები გადაამოწმონ. "გთხოვთ, ნუ დაგვისახავთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ყოფილ რეჟიმს ევროპული სტანდარტების მეტრად, რადგან ეს ევროპის შეურაცხყოფაა. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სიცრუეზე დაფუძნებულ მსგავს განცხადებებზე ხელის მოწერისგან, რადგან მალე შეგრცხვებათ თქვენივე საქციელის გამო", - მოჰყავს ევროკავშირის ვებგვერდს დავით უსუფაშვილის წერილის ამონარიდი. დავით უსუფაშვილმა კატეგორიულად უარყო ევროპის პარლამენტის წევრთა განცხადება, რომ საქართველოს პროევროპული პოზიციები საფრთხის ქვეშაა ამჟამინდელი მთავრობის ხელში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი და სააკაშვილი მეორედ ერთმანეთს 4 მარტს შეხვდნენ. ამ შეხვედრით კმაყოფილი არც ერთი მხარე არ ჩანდა:

"სააკაშვილი უკმაყოფილოა, რომ მისი პარტიის "აქტივისტები, ისევე, როგორც წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები, იდევნებიან. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა მოსამართლეებზე შეტევის გამო, რომელიც, მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. სააკაშვილი ასევე უკმაყოფილოა ახალი მთავრობის მცდელობით, მედიაზე პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს".

ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ეს იყო "ჩემი შენ გითხარი" შეხვედრა, რომ სააკაშვილი პასუხისმგებელი იყო მსგავს დარღვევებზე მაშინ, როცა მისი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო", - ნათქვამია სტატიაში.

"ეურაქტივი",  ევროკავშირის  საინფორმაციო  ვებგვერდი

(იბეჭდება შემოკლებით)