აფხაზეთი გავრცელებულ ხმებს უარყოფს - კვირის პალიტრა

აფხაზეთი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

ქართულ მედიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კუნძულოვანმა სახელმწიფო ვანუატუმ, რომელმაც 2011 წელს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, უკან გაიწვია ეს აღიარება და თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა.

კუნძულოვანი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ 2011 წლის მაისში ვანუატუმ მართლაც გაგზავნა აფხაზეთში ოფიციალური წერილი ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების სურვილის შესახებ. მაგრამ 18 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ჯონი კოანაპომ ახალი ზელანდიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ქვეყანას საქართველოს ხალხისა და მისი დასავლელი მოკავშირეების გაღიზიანების განზრახვა არასოდეს ჰქონია". აფხაზეთის აღიარების დოკუმენტს კი ჩვეულებრივი წერილი უწოდა, "რომელიც თან ერთვოდა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საბუთებს". კოანაპოს ცნობით, ვანუატუმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაუზუსტებია, როდის და როგორი ფორმით შეატყობინებენ ამას სოხუმს და როგორი სახით მოხდება დამოუკიდებლობის დოკუმენტის გაწვევა.

აფხაზეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გენერალური დირექტორის განცხადებას ძალა არ აქვს.

- პორტ-ვილიდან არავითარი დოკუმენტი არ მიგვიღია, ამჟამად აფხაზეთს პრემიერ სატო კიდმანის მიერ ხელმოწერილი ორი იურიდიული დოკუმენტი აქვს - აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, - აცხადებს რფ-ში აფხაზეთის საელჩოს მდივანი პაჩუგ ჩუკბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო სამინისტროს საიტზეც კი არ არის ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია და ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "გამოგონილი" ან სულაც "მესამე მხარის ინსინუაცია" უწოდა.

საერთოდ, ვანუატუსთან დაკავშირებით თავიდანვე საკმარისად დახლართული ამბავი გამოვიდა. 2011 წლის ივნისში გაეროში ვანუატუს ელჩმა დონალდ კალპოკასმა თქვა, რომ არავითარი აღიარება არ არსებობს. ამის საპასუხოდ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარადგინა  პრემიერ სატო კილმანისა და სერგეი შამბას მიერ ხელმოწერილი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დოკუმენტის ასლი. ამის შემდეგ ვანუატუს მთავრობამ აღიარების ფაქტი დაადასტურა. რამდენიმე დღის შემდეგ პოსტზე კილმანის შემცვლელმა ედვარდ ნატაპეიმ განაცხადა, - აღიარებას ვაუქმებო. მაგრამ წყნარი ოკეანის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თანამდებობაზე მხოლოდ ათი დღე დაყო. პოსტზე კვლავ კილმანი დაბრუნდა და თქვა, რომ ნატაპეიმ ვერ მოასწრო აღიარების ოფიციალურად გაუქმება და ის კვლავ ძალაშია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ინტეგრაციის დარგში, პაატა ზაქარეიშვილს, იმედი აქვს, თბილისი მიაღწევს იმას, რომ სხვა ქვეყნებიც გაწყვეტენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

"იზვესტია", რუსეთი