თეა წულუკიანი - ივანიშვილის მონაპოვარი - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანი - ივანიშვილის მონაპოვარი

Foreign Policy აქვეყნებს მელინდა ჰერინგისა და მაიკლ სესირის სტატიას სათაურით - "რატომ ჩავარდა "ფერადი რევოლუციები", რომელშიც განხილულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციების შემდეგ განვითარებული მოვლენები. "ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობა ვერ დამყარდა. თუმცა, ამ სამიდან საქართველომ, - ნათქვამია სტატიაში, - ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ""ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მას შემდეგ, რაც მისი რეფორმისტი, ნდობით აღჭურვილი პირები ციხის სკანდალში გაეხვივნენ". გთავაზობთ ამ სტატიის ამონარიდს.

მიუხედავად ციხის სკანდალისა და აშკარა ელიტური კორუფციისა, საქართველოს კვლავაც აქვს შესანიშნავი შანსი, გახდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული ქვეყანა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მან რეგიონში პოლიტიკური ანგარიშვალდებულების იშვიათი მაგალითი აჩვენა. ქართველმა ამომრჩეველმა უარი თქვა სააკაშვილის პარტიაზე და ხელისუფლებაში ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია მოიყვანა ყოფილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ივანიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად შესაძლოა, მის მიერ იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა იყოს.

სტრასბურგში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში ათი წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობის შემდეგ, წულუკიანი საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას მოადგილედ. მან უმაღლესი განათლება საჯარო მოხელეებისთვის პრესტიჟულ ფრანგულ უნივერსიტეტ ENA-ში მიიღო, ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დასავლური განათლება აქვს მიღებული წულუკიანის სამ მოადგილესაც.

"ჩვენ ვქმნით სახელმწიფო ინსტიტუციებს და არა პიროვნებებს, რომლებიც წარმართავენ და შეინარჩუნებენ კანონიერი რეფორმების პროცესს. მსურს შევქმნა ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც ჩემსა და ჩემი მემკვიდრის შემდეგაც მყარად იდგება ფეხზე. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მოქალაქეებისთვის იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და სანდო"", - განაცხადა ვაშინგტონში წულუკიანმა. იუსტიციის სამინისტრო გამჭვირვალობის უკიდურესად გაზრდას აქამდეც ესწრაფოდა. მაგრამ პირველად სწორედ ახლა არის ხელმისაწვდომი კანონების უფასო ასლები. პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც თითოეული სასამართლო მოსმენისას ჩაწერას სავალდებულოს გახდის, რაც უფრო გაართულებს საქმის გაყალბებას. გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში დაუშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. თავად იუსტიციის სამინისტროში წულუკიანმა გამჭვირვალე გახადა ხელფასები და აღმოფხვრა სახელფასო უთანასწორობა ერთნაირი გამოცდილებისა და პოზიციის მქონე თანამშრომლებს შორის. ხელფასები, რომლებიც მანამდე პოლიტიზებული იყო, ახლა შეესატყვისება თანამშრომლის სტაჟსა და პასუხისმგებლობას. წულუკიანი პირობას დებს, რომ განაახლებს ბრძოლას კორუფციასთან და მიუბრუნდება მოსამართლეების ხელფასების საკითხს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაიზარდა, თუმცა "არა საკმარისად".

საქართველოს წინა ხელისუფლებამ კარგად გაართვა თავი დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა ელიტური კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. "ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც დაუშვებელი იქნება ნებისმიერი ელიტური კორუფცია", - ამბობს თეა წულუკიანი. მან ასევე უნდა მოაგვაროს წინა მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი საჩოთირო საჩივრები. ახალი მთავრობა ამ საკითხს მეთოდურად მიუდგა: ჯერჯერობით არც ერთი ბრალდებული მაღალჩინოსანი არ გასამართლებულა, მხოლოდ ზოგიერთი მათგანია დაპატიმრებული.

ბაჩო ახალაიას, რომელიც სამარცხვინო რეპუტაციის ყოფილი თავდაცვის მინისტრია და ციხის სკანდალის შემდეგ გადადგა, ნაფიცი მსაჯულები შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. თბილისის მერმა და ერთ დროს სააკაშვილის მემკვიდრედ შერაცხილმა "პრინცმა" გიგი უგულავამ ძლივს მოახერხა პატიმრობიდან თავის დაძვრენა და მერობის ვადის შენარჩუნება...

გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, რომელიც ჯერაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული მოხელეებისგან შედგება, "ნაციონალების" პოლიტიკის გამტარებლად რჩება, ვერ აბრკოლებს წულუკიანს, გაატაროს მართებული სამართლებრივი პროცესები და პატივი სცეს ამ პროცესებს. მის ამბიციური საგაზაფხულო გეგმებში ასევე შედის რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილების განხორციელება სასამართლო კოდექსში.

წულუკიანის იუსტიციის სამინისტრო ასევე გეგმავს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმას, აპირებს მეტი ძალაუფლება მიანიჭოს პოლიციასა და პროკურატურას, რათა მათ უფრო ეფექტურად გამოიძიონ ტრეფიკინგის შემთხვევები, რომლის რიცხვიც, მისივე განცხადებით, შესაძლოა წელს გაიზარდოს. მიუხედავად ასეთი გაბედული გეგმებისა, წულუკიანი რეალისტია და აანალიზებს მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულეს. ""საქართველოში ფართოდ ფესვგადგმული დაუსჯელობის სინდრომმა შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ამ რეფორმებს", - ამბობს წულუკიანი.

შეძლებს კი მინისტრი ამ რეფორმების განხორციელებას საქართველოს ჰიპერპოლიტიზებული კლიმატის პირობებში? რომც შეძლოს, ინსტიტუციები ამ ამოცანის ერთი ნაწილია. საბოლოოდ კი კანონის უზენაესობის განვითარება დამოკიდებულია საზოგადოებრივი ჩართულობის ხარისხზე.

ერთი რამ ცხადია: საქართველოს უკეთესი მომავლისათვის სასიკეთო იქნება თუ წულუკიანი შეძლებს საკუთარი მისიის წარმატებით შესრულებას.

"ფორინ პოლისი", აშშ