იუჯინ კოგენი - "საქართველოს შეიარაღებული ძალები - საყოველთაო თუ ზოგიერთების არმია?" - კვირის პალიტრა

იუჯინ კოგენი - "საქართველოს შეიარაღებული ძალები - საყოველთაო თუ ზოგიერთების არმია?"

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ქსელი - ISN აქვეყნებს თავდაცვის ტექნოლოგიების ექსპერტის, დოქტორ იუჯინ კოგენის სტატიას, სათაურით "საქართველოს შეიარაღებული ძალები: არმია ყველასთვის თუ ზოგიერთათვის?"

"ქართველ პოლიტიკოსები აცნობიერებენ სამხედრო რეფორმის მნიშვნელობას, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა როლი უნდა შეასრულოს რიგითმა მოქალაქემ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში." - წერს ავსტრიელი მკვლევარი. სტატიაში ავტორი მიმოიხილავს საქართველოს ჯარში მიმდინარე რეფორმებსა და რუსეთის პოზიციას ამ რეფორმებთან დაკავშირებით.

თბილისმა თავისი მცირერიცხოვანი პროფესიული შეიარაღებული არმიის გაფართოება 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტამდე დაიწყო. 2007 წელს საქართველოს შეიარაღებული არმია 26 ათასი წევრისგან შედგებოდა. 2009 წლისთვის მათი რიცხვი დაახლოებით 37 ათასი იყო, 2011 წელს კი შეიარაღებული ძალების რაოდენობამ 33 ათასამდე შემცირდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი რაოდენობა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებში ირიცხება 7 000 კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომელთაც ავღანეთსა და ერაყში აქვთ საბრძოლო გამოცდილება მიღებული, სამხედროების დანარჩენი ნაწილი სათანადოდ არ არის გაწვრთნილი და განათლებული. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება "მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალი დონის მობილური არმია, რომელსაც შესწევს ახალ საფრთხეებთან გამკლავების უნარი", როგორიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმია. (რია ნოვოსწი, 2012)

ამაზე მიუთითებს უკანასკნელ წლებში სამხედრო ბიუჯეტის შემცირების ტენდენციაც. 2010 წელს საქართველომ 450 მილიონი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე. მომდევნო წელს ხარჯები 398 მილიონ დოლარამდე შემცირდა, 2012 წელს კი ოდნავ გაიზარდა. ამგვარად, თავდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებების დარად, მოუწევს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იცხოვროს.

ეს ყველაფერი მაინდამაინც არ უჯდება ჭკუაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მიუხედავად ფორმალურად მიცემული თანხმობისა, იგი სკეპტიკურად უყურებს ალასანიას მიერ პროფესიული შეიარაღებული ძალების რეფორმირებისკენ გადადგმული ზომების მიმართ. სააკაშვილი აცხადებს, რომ "ზოგადად, საზოგადოება არ უნდა იყოს არმიისაგან დიდ დისტანციაზე დაშორებული. საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად იმისა, ვინ არიან მისი მშობლები, სამხედრო საქმიანობაში უნდა იყოს ჩართული. ექვს ან ცხრა თვეში, თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, როგორ დაიჭიროს ხელში იარაღი. არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელშიც ქართველები არმიაში არ იქნებიან ჩართულნი. ეს დიდი შეცდომა იქნება და ვფიქრობ, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ".

საქართველოს დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არგუმენტები უსაფუძვლოდ სულაც არ ჟღერს. გარკვეულწილად, მათ ალბათ ახალი მთავრობაც იზიარებს, სწორედ ამიტომ, შეიარაღებული ძალების რეფორმა ასევე ითვალისწინებს რეზერვისტთა და მოხალისეთა როლს. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა რესურსები გამოიყო რეზერვისტებისთვის. ღიად რჩება ასევე საქართველოს პროფესიული შეიარაღებული ძალების საბოლოო რაოდენობის საკითხი. ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, პროფესიონალიზმზე გადასვლა საქართველოსთვის ძვირი სიამოვნება იქნება. შესაძლოა, სამინისტრო იძულებული გახდეს, თითოეულ პროფესიონალ ჯარისკაცს დაახლოებით 480 დოლარი უხადოს ყოველთვიურად ხელფასის სახით. გარდა ამისა, მთავრობამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, ქალ-მოსამსახურეთათვის საჭირო მოწყობილობებიც.

სავარაუდოდ, დიდი შეშფოთების საგანი იქნება, როგორ შეხვდება საქართველოს სამხედრო რეფორმებს მოსკოვი. ალასანია მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ გეგმავს საბრძოლო ოპერაციების გამართვას დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.

თუმცა, მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, თავდაცვის მინისტრი საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს სადავო ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ბაზებში ხედავს. თავის მხრივ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავისი სამხრეთელი მეზობლის სამხედრო რეფორმას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. მოსკოვს ესმის, რომ ავღანეთში მიღებული გამოცდილება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გაძლიერებაში დაეხმარება. თავისთავად ცხადია ისიც, რომ რუსეთმა იცის - საქართველოს ტერიტორიის დაცვა მრავალრიცხოვანი და უფრო კარგად აღჭურვილი ძალების წინააღმდეგ "მცირერიცხოვანი და მაღალი დონის მობილური არმიისათვის" შეუძლებელი ამოცანაა.. ეს კი თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის "სახალხო, საყოველთაო არმიის" შექმნის აუცილებლობას, რასაც ჯერ-ჯერობით ახალი მთავრობა ყველანაირად გაურბის.

თუ საქართველოს ხელისუფლება შემდგომშიც ასეთი პოლიტიკის შენარჩუნებას გეგმავს, მაშინ შესაძლოა, შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი, შერეული მოდელი მისაღები კომპრომისი იყოს, თუმცა აუცილებელია, პარალელურად პროფესიონალი სამხედროების რიცხვის ეტაპობრივად ზრდა. თუმცა, თითოეული ვარიანტი ან სცენარი თბილისის მხრიდან ყურადღებიით განხილვას საჭიროებს, სანამ რეფორმებს მიიღებენ. ამის გარეშე, ალასანიას მოსაზრების დაჩქარებულად განხორციელებას, შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში ნეგატიური შედეგები მოჰყვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ამგვარად, საქართველოს თავდაცვაში სამხედროებსა და მოსახლეობას შორის როლების გადანაწილების საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ საქართველოს მთავრობას სურს, მის მიერ გატარებულ რეფორმებს სასურველი ეფექტი ჰქონდეთ ქვეყანასა და მის სამეზობლოზე.