The Economist - "საქართველოს ჯერაც მყიფე დემოკრატია" - კვირის პალიტრა

The Economist - "საქართველოს ჯერაც მყიფე დემოკრატია"

ბრიტანული გამოცემა The Economist აქვეყნებს სტატიას საქართველოზე, სათაურით "საქართველოს ჯერაც მყიფე დემოკრატია". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ოქტომბერში საქართველოში პირველად, ძალაუფლების კონსტიტუციური გადაცემით, ქართულმა დემოკრატიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ, ახალი მთავრობის შეფასებისას ორი კითხვა ჩნდება: აღადგინა თუ არა მან დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუ უარს აცხადებს დემოკრატიულ ვალდებულებებზე?

გასულმა თვემ ოპტიმიზმთან ფრთხილად მოკიდების ორი მიზეზი გამოავლინა, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - პირველი ბიძინა ივანიშვილისთვის ევროპარლამენტის "ევროპის სახალხო პარტიის" 23 წევრის მიერ გამოგზავნილი წერილია. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომლის "ნაციონალური მოძრაობა" "ევროპის სახალხო პარტიის" დამკვირვებელი წევრია, წაქეზებული ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება "პარლამენტისა და თვითმმართველობის წევრებზე ზეწოლას" ახორციელებენ ისევე, როგორც "სასამართლო სისტემასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და აფრთხილებდნენ მას, რომ "არ დამარხოს საქართველოს ევროპული მომავალი".

როგორც ბრიტანული გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, წერილი არცთუ სახარბიელო შინაარსისა იყო. მიუხედავად, ევროპარლამენტარების მხრიდან ახალი ხელისუფლების კრიტიკისა, საქართველოს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ შორს წავიდა, ვიდრე ევროპარლამენტარები. გარდა იმისა, რომ ახალი არაფერი თქმულა, წერილში აღნიშნული დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაგრძელდა ტალახის სროლა, რომელიც ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში გრძელდება საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში.

თუმცა, - როგორც სტატიაშია ნათქვამი, - უფრო საინტერესო იყო ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი ივანიშვილის საპასუხო წერილი. სტატიის ავტორი წერის, რომ ივანიშვილმა წერილს "სამარცხვინო" უწოდა და ავტორები "სააკაშვილის ტყუილებით ცხოვრებაში" დაადანაშაულა.

შესაძლოა, პრემიერზე ცოტა ხნის წინ დაქირავებულმა ლობისტებმა მოახდინეს გავლენა, - ნათქვამია სტატიაში, - თუმცა, წერილმა თავისი საქმე გააკეთა. "ევროპის სახალხო პარტიისთვის" გაგზავნილ ღია წერილში, ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ქართველი ხალხი და საქართვლოს ხელისუფლება იზიარებს ევროპული დემოკრატიის ფასეულობებს. განსხვავებით იმისგან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შორს იყო დემოკრატიული მიღწევებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნებოდა, რომ მისი მთავრობა ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი პრობლემების გამოსწორებას.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წერილში გაკეთებულ განცხადებებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა ფორმით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი. საკუთარი პრეტენზიების მხარდამჭერებად საზოგადოების ერთი ნაწილის გამორჩევით და უცხოელი კრიტიკოსების მეტი ყურადღების მიპყრობით, ივანიშვილმა დებატებში მეტი ობიექტურობა შეიტანა, რისი ნაკლებობასაც ქართული პოლიტიკა განიცდის. საქმე მხოლოდ სიტყვებში არ არის: მთავრობის მიწვევით, ევროკავშირმა სპეციალური დესპანი დანიშნა, რომელიც საქართველოს კონსულტაციებს გაუწევს სასამართლო სისტემის რეფორმაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შვეიცარიის ელჩმა ივანიშვილის საპასუხო წერილს "შესანიშნავი პასუხი" უწოდა, რომელიც "ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის წყენას". "საქართველო ახლა იმაზე მეტად თავისუფალია, ვიდრე ოდესმე იყო და ვიდრე მისი მეზობლები არიან", - ციტირებს სტატიის ავტორი შვეიცარიის ელჩის წერილიდან ამონარიდს და აღნიშნავს, რომ ელჩის ეს განცხადება გამოწვეული იყო ივანიშვილის საზოგადოებასთან დიალოგის სურვილით.

თუმცა, ნამდვილი დემოკრატიური პროგრესი მხოლოდ ლიდერის პირად სურვილზე არ არის დამოკიდებული. ოპტიმიზმის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი პარლამენტის მუშაობაა, - წერს სტატიის ავტორი, - 25 მარტს პარლამენტმა ერთობლივად მიიღო კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს მოეხსნა უფლებამოსილება, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ახალი მთავრობა. ამას წინ უძღოდა ორმხრივი თანხმობით მიღებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია.

სააკაშვილი და ივანიშვილი ბოლო 18 თვის განმავლობაში დომინირებენ ქართულ პოლიტიკაში, - ნათქვამია სტატიაში, - თუმცა, მათი საჯარო პოზა, შესაძლოა, პარლამენტის პროგრესის შემაფერხებელი გამოდგეს. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ საჯაროდ გააკრიტიკა პრეზიდენტიცა და პრემიერიც. ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მანამდე, "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ დეპუტატს არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი საჯაროდ, - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

თავისი როლის სრულყოფილად შესრულებისთვის, პარლამენტს უკეთესი კადრები სჭირდება, - აღნიშნავს ავტორი. რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილმა თავისი "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამი კაციც კი არ მოიძებნება, რომელიც დავით უსუფაშვილს დაეხმარებაო.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თვალშისაცემია პარლამენტის მზაობა კონსენსუზე წასვლისა, ნამდვილი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რაშიც ორივე პარტია ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სასამართლო სისტემის, ნაფიცი მსაჯულებისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმები ერთობ საკამათოა. თითოეულ სექტორში განხორციელებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გააღრმავოს ქართული დემოკრატია, თუმცა შესაძლოა, ერთპარტიული მმართველობა კიდევ უფრო გაამყაროს. როგორც ყოველთვის, ეშმაკის თავი დეტალებშია დამარხული, - ნათქვამია სტატიაში.

ამასობაში, თბილისის საკრებულოში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, ხელახლა წარმოშვა ბრალდებები მთავრობის ზეწოლაზე. 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს და ადგილობრივებს "ბევრ სიურპრიზსა და ახალ ამბავს" ჰპირდება. წლის ბოლოსთვის კი ცხადი გახდება, საქართველოში დემოკრატია მართლა პროგრესირდება თუ არა, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ინტერპრესნიუსი"