ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა - კვირის პალიტრა

ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა

"საქართველოში ჩამოსული ირანელები", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "ბი-ბი-სი" დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში თანდათან მეტი და მეტი ირანელი სახლდება. ერთნი ამას ირანის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან, მეორენი - თეირანის ავტორიტარული რეჟიმისგან დევნით.

შესაძლოა, საქართველოში სპარსულ ენაზე ყოველკვირეული ჟურნალი Aryana გამოიცეს, რადგან აქ გადმოსახლებულ ირანელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და შვიდი თვის განმავლობაში გაოთხმაგდა კიდეც. ჟურნალი საქართველოში დასახლებულ ირანელებს ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარება. საქართველო ირანელებისთვის იდეალური ვარიანტია, ირანთანაც ახლოსაა და აქ შემოსასვლელად ვიზა არ არის საჭირო. საქართველოში 6 ათასზე მეტი ირანელი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული რეზიდენტად, რაც ერთობ დიდი რიცხვია ქვეყნისთვის, რომელიც მიუჩვეველია იმიგრაციას.

მეწარმე ბაბაქ ამინის თქმით, ირანში ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, რაც სანქციებითაა გამოწვეული, საქონლით ვაჭრობა შეუძლებელი გახდა. საქართველო კი ყველაზე მეტად პროდასავლური და ბიზნესის კუთხით - კეთილგანწყობილი ქვეყანაა. ბევრ ირანელს ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებები - ოჯახური ფასეულობანი და სტუმართმოყვარეობა, თავის სამშობლოს აგონებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ირანელების შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, თუმცა, პრობლემაა, როგორ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ახლომდებარე ირანთან ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი მნიშვნელოვან მოკავშირე აშშ-სა და ევროკავშირთან, რომელშიც გაწევრებას ესწრაფვის.

"საქართველოს სურს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ეკუთვნოდეს, თუმცა, ამავდროულად, უნდა, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ყველა მეზობელთან, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, - რეგიონში სამი ზესახელმწიფო გვყავს - რუსეთი, თურქეთი და ირანი. ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის იგნორირება, რადგან სამივე მათგანთან უნდა ვითანამშრომლოთ. ისინი დაკავშირებული არიან ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ირანთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიზნესში, საფრთხეს არ წარმოადგენს არც საქართველოსთვის და არც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის".

ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა, სადაც არ გდევნიან.

"ბი-ბი-სი", დიდი ბრიტანეთი

იბეჭდება მცირედი შემოკლებით