საქართველო - აშშ-ის თავის ტკივილი
29-04-2013
საქართველო - აშშ-ის თავის ტკივილი
"საქართველოს სახიფათო სვლა ნატოსკენ" - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "The National Interest"-ი რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის, დაგ ბენდოუს სტატიას

თბილისის სურვილი, დიდ საერთაშორისო ძალას მიეკედლოს, იოლად გასაგებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ვალდებულია, მას ეს სამსახური გაუწიოს. ალიანსის მიზანი ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საქართველოს ნატოში მიღება კი ამას სრულიადაც არ წაადგება. ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყვნენ ცივი ომის დროს და მანამდეც.
”ნატოს
გაფართოების შეუქცევადი პროცესი ყოველთვის იწვევდა რუსეთის უკმაყოფილებას, თუმცა ომის საფრთხე რეალურად არასოდეს დამდგარა.

რუსეთი მძიმე, უსიამოვნო მოთამაშეა, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა, ისევე, როგორც რაიმე მიზეზი. საქართველო კი ამ კუთხით მკაფიო გამონაკლისია. თბილისმა
საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. ბალტიის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომელთაც ევროპასთან ურთიერთობის რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია ჰქონდათ, საქართველო, პრაქტიკულად, ამერიკას ისეთ მოედანზე იწვევდა, რომელზეც ვაშინგტონს მანამდე არასდროს უთამაშია. შესაბამისად, მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურება იყო, ნატოს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც კი. მოსკოვს, შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიძულვილისა, ახალი პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილის მსგავსად, კვლავ ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ნატოდან უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს. "საქართველომ ხმაურიანი დაბადება გადაიტანა ორი ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად, სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-სა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო.

ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრებას ნატოში. თუმცა, - წერს დაგ ბენდოუ, - ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილნი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით აღჭურვილ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო - ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატოში მისაღებად, ასევე ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.
"საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მაკედონიასა და მონტენეგროსთან ერთად, ნატოში გაწევრების პირველი პრეტენდენტია. მიუხედავად ნატოს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატოს ზოგიერთი წევრი მაინც უარყოფითად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა, ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი ""დიახ"" გარდაუვალია.

არადა, ნატომ აშშ-ის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. თბილისსა და აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მორიგ შეტაკებას, შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების წინა პირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა, ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროს გაჭირვებით შეძლო. ცივი ომის შემდეგ კი ნატოს, როგორც ორგანიზაციის (რომელშიც დომინანტი აშშ-ია), შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედონ. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში გაწევრება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას "არა" ნატოში საქართველოს გაწევრებაზე.

"ნეიშენალ ინტერესტი", აშშ

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
giorgiba
10 მაისი 2013 13:26
antibneleti უფალი არ გაწირავს საქართველოს?
20 წელია ტალახში გორაობს ეს ქვეყანა, ხომ არ ფიქრობ რომ უფალმა უკვე დიდი ხანია საქართველო ფეხებზე დაიკიდა
sagi azri
09 მაისი 2013 18:11
The National Interest"-ი გაგიგიათ კი რა გაზეთია? რომელი წრეების ინტერესების გამომხატველია და რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს იცავს დღიდან დაარსებისა? ამ გაზეთში ყველაზე უკიდურესი რუსოფილები(მათ შორის საზღვარგარეთ წასული ან გაგზავნილი რუსები) მოღვაწეობენ და გირჩევნიათ სხვის ანკესს ნუ წამოეგებით..ისე ხშირად იკითხეთ ეს გაზეთი და დარწმუნდებით!!
Annie
02 მაისი 2013 13:06
აქამდე მართალ-ტყუილი ერთმანეთში იყო არეული,დღეს უკვე შეიმჩნევა რომ ხალხმა დაიწყო რეაგირბა და ამხელენ იმ დემაგოგიას, რომელსაც აქამდე ჩვენი პოლიტიკანები იყენებდნენ. როგორც მარი ამბობს- "ამერიკაც და რუსეთიც ერთი მოთამაშეები არიან".
მხოლოდ ერთს დავამატებდი ამერიკელები უფრო საშიში მოთამაშეები არიან საქართველოსთვის.
რა მოგვიტანა ამერიკელების ცრუ დაპირებებმა და რუსეთისადმი სიძულვივლის ქადაგებამ.
ეს არის ბოლო 9 წლის სიღატაკე, შიმშილი, უმუშევრობა, კანონის და მორალური კოდექსების დავიწყება,ათიათასობით სამშობლოდან გაქცეული მოსახლეობა,2008 წლის მშვიდობიანი და სამხედრო მოსამსახურეების ხოცვა-ჟლეტვა. ქართველი ჯარისკაცების გაგზავნა ამერიკულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად
ავღანეთში, საბაბად იქნებ თავი მოვაწონოთ მსოფლიოს და ნატოში მიგვიღონ,თუმცაღა ჩვენმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა კარგად იციან,რომ ეს ასე არ არის, რომ ეს
სიცრუეა და რაზეც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ჩუმად ჩურჩულებენ კულისებში და შეფარვით აფიქსირებენ თავის შეხედულებებს პრესაში.
1)ნატოში დღეს ან უახლოეს მომავალში შესვლა ეს სიცრუეა
2)და თუ ეს მოხდება ერთ დღეს,არასოდეს ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს ჩვენთვის დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად(ამის დამადასტურებელია 2008წლის აგვისტო)
3)დროა ეს ფაქტი ქართველებმა გააცნობიეროს.
4)ტერორიზმის სახელით ავღანეთში ბრძოლა სიცრუეა, ტერორიზმი ყველგან არის, თვით ამერიკაშიც.
5) სირია- ორწლიანი სისხლიანი ტერორიზმის მაგალითი, რატომ არ შედის ამერიკა-ევროპა სირიაში???!!! ამაზე არავინ არ ლაპარაკობს დღეს,იმიტომ რომ იქ შესვლა მომგებიანი არ არის ამერიკისთვის.

რედაქტორის რჩევით