საქართველოს ევროსაბჭოს იმედი აქვს - კვირის პალიტრა

საქართველოს ევროსაბჭოს იმედი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველად წარდგა სიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა, მისი თქმით, "პატარა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა", კრემლთან დიალოგის დაწყება თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. ევროპას კი ამ საქმეში დახმარება სთხოვა და დაარწმუნა: საქართველოს ევროკავშირსა და ნატოს გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნიაო.

2008 წლიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისი-მოსკოვის ურთიერთობების გარჩევის ტრადიციულ რინგად იქცა. დელეგაციების სიმპათიები მეტწილად რუსეთისკენ როდი იხრებოდა.

კვლავ გრძელდება მოსკოვის დადანაშაულება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში, ეს არც ბიძინა ივანიშვილს დავიწყებია თავის სიტყვაში. მან მოუწოდა ევროპას, დაეხმაროს საქართველოს მთლიანობის აღდგენაში: "ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციას "საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ", - განაცხადა ქართველმა პრემიერმა.

ამ რეზოლუციაში გამჟღავნებულია არა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლის სურვილი, არამედ არსობრივად გამორიცხავს რფ-სთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იქნება ღია, პრაგმატული, კორექტული, მაგრამ პრინციპული თავის "დიდ მეზობელთან" ურთიერთობაში.

რუსეთის დელეგაცია ბიძინა ივანიშვილის სიტყვას სკეპტიკურად შეხვდა. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველი პრემიერის პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის კურსისგან.

რუსეთ-საქართველოს შორის მწვავე პოლემიკა არ გამოვიდა - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა სერგეი კალაშნიკოვმა ივანიშვილს კითხვა დაუსვა "ოკუპირებული ტერიტორიების კანონის შესახებ, რომლის თანახმადაც, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა საქართველოს უნებართვოდ ორწლიანი ციხით ისჯება". ივანიშვილმა უპასუხა, რომ თბილისი მზად არის, ციხე ჯარიმით შეცვალოს. რფ-ის დელეგაციის მეთაურმა ალექსეი პუშკოვმა ჰკითხა, - რა აზრის ხართ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა დამკვირვებლების სტატუსით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებაზე, ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ კოსოვოელ დელეგატებსო. პრემიერმა უპასუხა, რომ აფხაზებს და ოსებს შეუძლიათ არა მხოლოდ თვალყური ადევნონ, არამედ მონაწილეობაც მიიღონ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ოღონდ "ქართული დელეგაციის შემადგენლობაში".

"რუსეთს ძალიან უყვარს კოსოვოს ანალოგია, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა, - სერბეთი, ზეწოლის გამო, იძულებული გახდა, შერიგებოდა თავისი საზღვრების შეცვლას - დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს შემთხვევაში კი ვინ განახორციელებს ზეწოლას თბილისზე? ნაურუ?"

როგორც ირკვევა, ამ სესიაზე ქართული და რუსული დელეგაციების შეხვედრა არ შედგა. პუშკოვის განმარტებით, "ატმოსფერო მოსკოვსა და თბილისს შორის ხელს არ უწყობს ორი დელეგაციის ურთიერთობის ფორმალიზებას."

"კომერსანტი", რუსეთი