ბიძინა ივანიშვილი - 2014 წელს MAP-ს მივიღებთ - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი - 2014 წელს MAP-ს მივიღებთ

"ივანიშვილი: 2014 წელს MAP-ს მივიღებთ", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet ჯოშუა კუცერას სტატიას საქართველოზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას აპირებს, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, MAP-ის მიღება ალიანსში გაწევრიანებისთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რაც ერთგვარი "წმინდა გრაალი" იყო ივანიშვილის მეტოქე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის. თუმცა, სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ძალისხმევას არ იშურებენ, მიაკერონ ივანიშვილის რუსეთის აგენტის იარლიყი, რომელიც საქართველოს დასავლური კურსიდან გადაიყვანს, - წერს ჯოშუა კუცერა.

"მომავალ წელს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და სულ მცირე MAP-ი მივიღოთ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. მომავალ წელს, როცა ნატო-ს ლიდერები შეიკრიბებიან, ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს.

ჯოშუა კუცერა ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ამ განცხადებას არ ეწინააღმდეგება სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც", რომელიც აცხადებს, რომ სრულად იზიარებს და მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას.

რამდენად რეალური მიზანია MAP-ის მიღება მომავალ წელს? – სვამს კითხვას სტატიის ავტორი და აღნიშნავს, გასულ წელს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, ნატო-ს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, საქართველო დაჯილდოვდებოდა. არჩევნები იმაზე უკეთ ჩატარდა, ვიდრე ამას მოელოდნენ – ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებით. ასე რომ, როგორც ჩანს, საქართველო ამისთვის რაღაცას მოელის, - წერს ჯოშუა კუცერა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოსთვის კვლავაც არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური წინააღმდეგობა, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი მიუხედავად იმისა, ვინ დგას ქვეყნის სათავეში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ივანიშვილის დადანაშაულებას რუსეთის ინტერესების გატარებაში, - აღნიშნავს ჯოშუა კუცერა, - "ნაციონალური მოძრაობა" ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის განცხადებები, თითქოს წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა, რუსეთში საქართველოს მტრებს საბრძოლო მასალას აძლევს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების 68%-ს სწამს, რომ "ქართული ოცნება" საუკეთესოდ გაუმკლავდება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, 54% კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდება.