Fox News - 15 ათასი წლის წინ ევროპელები და აზიელები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი საქართველოა - კვირის პალიტრა

Fox News - 15 ათასი წლის წინ ევროპელები და აზიელები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი საქართველოა

15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლელი მეცნიერები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით.

"ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა მარკ პეგელმა, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.

თუმცა, ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და ცდილობენ საპირისპიროს დამტკიცებას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ.

მარკ პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის "მე", "შენ", "დედა", "კაცი", "ცეცხლი" და "ხელი", არ არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ.

მექსიკის უნივერსისტეტის ლინგვისტი უილიამ კროფტი კი მიიჩნევს, რომ კვლევა ასევე უშვებს იმის შესაძლებლობას, მეცნიერებმა გააერთიანონ ლინგვისტური მონაცემები არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით. ასე მაგალითად, უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კონტაქტის ხელახლა აღდგენით.