რუსეთს და საქართველოს ისევ ომი აქვთ... ეკრანებზე - კვირის პალიტრა

რუსეთს და საქართველოს ისევ ომი აქვთ... ეკრანებზე

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საქართველომ ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომი გადაიხადეს. ეს ქვეყნები ახლა დავას კინოეკრანებზე განაგრძობენ. რუსმა კინემატოგრაფისტებმა უკვე გამოუშვეს დოკუმენტური და რომანტიკული მხატვრული ფილმები, რომლებშიც საქართველო გენოციდის მომწყობ აგრესორად დახატეს. კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ჰოლივუდელ რეჟისორს, რენი ჰარლინს ანდობს თავისი პოზიციის გამოხატვას. ფილმში რუსული ტანკების პირისპირ მდგომ ქართველ პრეზიდენტს ენდი გარსია ასახიერებს.

ომის მთავარი მსხვერპლი, როგორც ცნობილია, სიმართლეა. რუსულ-ქართულ ომთან დაკავშირებით სიმართლის მოძიების უახლესი მაგალითი, ალბათ ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული გამოძიება იყო, რომელსაც წელიწადზე მეტი დასჭირდა იმის დასადგენად, თუ ვინ ისროლა პირველად. ეს საქართველო იყო, - დაადგინა საგამოძიები ჯგუფმა; ისიც ითქვა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი. მაგრამ ნუ ელოდებით, რომ ამ ნიუანსთაგან რომელიმეს აღმოაჩენთ ფილმებში, რომელთა მიზანი ისტორიის გადაწერაა.

მედიაში გამოცდილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავიდან რეკლამირებას უწევდა იმ ფაქტს, რომ ომი რუსული ექსპანსიონიზმის შედეგი იყო. მან ათეულობით ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას, მაშინაც კი, როდესაც ყუმბარები ცვიოდა და განაცხადა, რომ მომავალი ფილმი, ენდი გარსიას მონაწილეობით, ამ შეხედულებას კიდევ უფრო განამტკიცებს. "მართლაც, ზუსტად ახლა ამერიკელი რეჟისორი ჰოლივუდურ ფილმს იღებს და ცხადია, რუსეთს აქ საუკეთესო კონტექსტში არ წარმოადგენს, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში თავმოყრილ მხარდამჭერებს, - მართალია, ენდი გარსიამ მანამდე "ნათლია-3"-ში ითამაშა და მისი ევოლუცია მაფიოზიდან საქართველოს პრეზიდენტამდე არ იწვევს მაინცდამაინც საუკეთესო ასოციაციებს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთ".

სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიდბიუჯეტიან ფილმს საქართველოს მთავრობა არ აფინანსებს. "ჩვენ ჩვენი რეჟისორების დაფინანსება გვიჭირს", - განაცხადა მან უკრაინაში. მაგრამ სცენარის ავტორმა დავით იმედაშვილმა თქვა, რომ თავიდან პროექტისთვის ფული საქართველოს მთავრობამ გაიღო. "ასეთი პროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, საპასუხო დარტყმა მიაყენეს გათავხედებულ ჩრდილოელ მეზობელს... საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რუსეთი - გოლიათია. იდიოტობაა რუსეთთან ომში ჩაბმა. ჩვენ საკუთარი თავი სხვა გზით უნდა დავიცვათ".

ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, მირზა დავითაია, რომელიც პარლამენტისა და სააკაშვილის პარტიის წევრია, იზიარებს დავით იმედაშვილის აზრს და დასძენს, ყველაფერი ფაქტებს ეფუძნებაო.

მაგრამ რუსეთს საპირისპირო ვერსია აქვს და მილიონობით დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინა თავის სიმართლეში.

პირველი მცდელობა იყო ფილმი”"08/08/08 - ღალატის ხელოვნება". ის ეკრანებზე კონფლიქტის დასრულებიდან სამ თვეში გამოვიდა. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ  საქართველოს მთავრობას სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩატარებაში დაქირავებული ამერიკელები ეხმარებოდნენ და რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა ისინი. მაგრამ  პროექტი ჩავარდა. ფილმის მთხრობელი, კანადელი ჯორჯ ოუთსი, პუტინის ყოფილი თარჯიმანი გახლდათ, მაგრამ იქ მოყვანილი არგუმენტები რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი კრიტიკოსებისთვისაც  კი ისეთი თეთრი ძაფით ნაკერი ჩანდა, რომ Yოუთუბე-ზე მისი რუსული და ინგლისური ვერსიები 12000-ზე ნაკლებმა კაცმა ნახა.

მარტში სახელმწიფო ტელევიზიით უჩვენეს იგორ ვოლოშინის მხატვრული ფილმი  Olympus Inferno. მასში მოთხრობილი იყო სამხრეთ ოსეთში პეპლის, სახელად  Olympus Inferno-ს შესასწავლად ჩასული ამერიკელი მეცნიერის თავგადასავალი, რომელმაც შემთხვევით გადაიღო ქართველთა შეჭრა ცხინვალის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სასიყვარულო გახლდათ, გზავნილი აქაც იდენტური იყო: შარშან აგვისტოს ქართული არმია  მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდა, რაშიც ამერიკელი სამხედროები ეხმარებოდნენ.

თავისი ქართველი კოლეგებივით, ფილმის რეჟისორი ამტკიცებს, რომ მისი ნამუშევარი არა მარტო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისტორიული დოკუმენტიცაა. როდესაც ჰკითხეს, - როგორ მიაგნეთ სიმართლეს კონფლიქტის მღვრიე წყალშიო, იგორ ვოლოშინმა განაცხადა, - მე არაფრის მტკიცება არ მჭირდება. დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანიო. შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ დღეს რუსეთს ახალი ფილმის გადაღება უნდა, რათა კონფლიქტის თავისეულ ვერსიას განუმტკიცოს პოზიცია.