"ვარდების რევოლუციონერების" პარტიას უჭირს... - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუციონერების" პარტიას უჭირს...

გერმანული გამოცემა Deutsche Welle სათაურით, "ქართული პოლიტიკური თამაშები", აქვეყნებს სილვია შტობერის სტატიას. ავტორი წერს, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური უთანხმოებისა, საქართველო ევროპულ კურსს აგრძელებს და მოწადინებულია, ევროკავშირს დაუახლოვდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვის დაწყებისას აღელვებული ჩანდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო ევროპულ ინსტიტუტში. გამოსვლა ფრანგულ ენაზე დაიწყო, რათა ხაზი გაესვა მისი გზავნილისთვის - სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკას, საქართველოს, ევროპული  კურსი აქვს აღებული: ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება საგარეო პოლიტიკურ მიზნად რჩება ახლაც, როდესაც მისი კოალიცია "ქართული ოცნება" ოქტომბრიდან ხელისუფლების სათავეშია. ივანიშვილს სურდა, გაექარწყლებინა ეჭვები - იგი მუდამ თან სდევდა მილიარდერს, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა და მერე სამშობლოში დაბრუნდა. იგი ნახევარი წლის წინ მოვიდა პოლიტიკაში და საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ურთიერთობის დარეგულირება გადაწყვიტა.

სწორედ ამ ეჭვებმა წამოიწია წინა პლანზე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას. სიმართლე რომ ვთქვათ, მოგვიანებით, ევროსაბჭოში გამართული დებატებისას, დროდადრო ისე ჩანდა, თითქოს დებატები არა სტრასბურგში, არამედ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა, რადგან ევროსაბჭოს ზოგიერთმა დეპუტატმა სხდომის წინ კითხვების ინსტრუქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებისგან მიიღეს. მაგალითად,  პოლონელ დეპუტატს, გირჟინსკის, აინტერესებდა აპირებდა თუ არა ივანიშვილი დაეცვა საკუთარი ქვეყანა რუსეთისგან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა - თინათინ ბოკუჩავამ, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს სასადილოში, ფინჯან ყავასთან, ბრიტანელი პარლამენტარი ლი სააკაშვილთან დაახლოებული მოსამართლეების შესახებ შეკითხვის დასმაზე დაიყოლიეს. გირჟინსკიმ "ტვიტერით" გაავრცელა შეტყობინება, რომ იგი თაქთაქიშვილსა და ბოკუჩავას შეუთანხმდა. გამოცდილი შვეიცარიელი დეპუტატი ანდრეას გროსი ასეთ მეთოდებს ევროსაბჭოსთვის დამახასიათებელს უწოდებს, ამაზე უფრო გამოუცდელი პოლიტიკოსები თანხმდებიან.

პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლები თავიანთ შიდა პოლიტიკას საზღვარგარეთ აგრძელებენ. არაევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო კრიტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ეყრდნობა იმ საერთაშორისო კავშირებს, რომლებიც მან გასული 9 წლის განმავლობაში დაამყარა იმ დროს, როდესაც იგი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკას პრაქტიკულად ერთპიროვნულად განაგებდა. საზღვარგარეთ სააკაშვილი თავს ასაღებდა სამაგალითო დემოკრატად და კორუფციასთან მებრძოლად, რომელსაც  განზრახული ჰქონდა საქართველოს შეყვანა ნატოსა და ევროკავშირში.

თუმცაღა, ყოფილი "ვარდების რევოლუციონერების" პარტიას ამჟამად საკუთარ ქვეყანაში ძალიან უჭირს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა ივანიშვილის კოალიციასთან. მიუხედავად ამისა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც დაიკავა ოპოზიციის ადგილი პარლამენტში და წნეხის ქვეშაც მოაყოლა "ქართული ოცნების" გამოუცდელი პარლამენტარები. მაგრამ სააკაშვილმა, როგორც წამყვანმა ფიგურამ, ნდობა დაკარგა მას შემდეგ, რაც მისი თავაშვებული ცხოვრების სტილისა და, მაგალითად, რუსი ბულვარული ჟურნალისტისადმი სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე მიძღვნილი ძვირფასი საჩუქრების თაობაზე დოკუმენტაცია გამოქვეყნდა. ზოგიერთ ყოფილ მინისტრს ბრალი ედება მკვლელობისა და ძალადობის გამოუძიებლობაში, ასევე ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რეპრესიებში.

სამშობლოში მმართველობის შერყეული ბაზისის ფონზე სააკაშვილის "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ძალისხმევა საპარლამენტო არჩევნებამდეც და შემდგომაც ატლანტის ორივე მხარეს არსებულ ურთიერთობებზე მიმართა.

ივანიშვილის, როგორც კრემლის დამქაშის, რეპუტაციამ, ასევე საჩივრებმა სააკაშვილის თანამებრძოლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ნოყიერი ნიადაგი პოვა  კონსერვატორულ ევროპულ სახალხო პარტიაში, რომლის წევრიც თვითონ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"”გულით გაიხარა, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრმა, მათ შორის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა ელმარ ბროკმა და იოახიმ ცელერმა მარტში პრემიერ ივანიშვილს მწვავე წერილი გაუგზავნეს.

მანამდე ევროპის სახალხო პარტია იმუქრებოდა, რომ თავს შეიკავებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაგეგმილ სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერისგან, რომელიც ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემოდგომაზე გაიმართება. თუმცაღა, ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. დიპლომატებმა საჯაროდ გამოხატეს კრიტიკა. შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნთერ ბეხლერმა ევროპის სახალხო პარტია სააკაშვილის სასარგებლოდ საბჭოთა ტიპის პროპაგანდაში დაადანაშაულა. ევროპის სახალხო პარტიამ უკმაყოფილება ბრიუსელშიც გამოიწვია, რადგან ასოცირების ხელშეკრულება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი უნდა იყოს მიღწეული წარმატებები. საქართველო კი ყველაზე ნაკლებად პრობლემურია უკრაინასთან, ბელორუსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მოლდავეთთან შედარებით.

"დოიჩე ველე", გერმანია